10.08.2018
ამხანაგური მატჩი მესამელიგელ წყალტუბოელებთან
როგორც იცით, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის მეორე ეტაპისათვის მზადებას განაგრძობს. 10 აგვისტოს გუნდმა მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა - წყალტუბოს ხელოვნურსაფარიან სტადიონზე გამართულ შეხვედრაში მარგველები ადგილობრივი "სამგურალის" მეორე გუნდს დაუპირისპირდნენ.
"სამგურალის" მეორე გუნდი ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-3-ს მონაწილეა და აქედან გამომდინარე ერთი ლიგით ზემოთ მოასპარეზე მეტოქესთან დაპირისპირება ზესტაფონელთათვის მეტად საინტერესო გახლდათ. გარკვეული საკადრო პრობლემების მიუხედავად (გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი ამჯერადაც აკლდა), სტუმრები მოედანზე საბრძოლო განწყობით გავიდნენ და მეტოქე ბევრი ანერვიულეს კიდეც...
შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო და მატჩის დებიუტშივე ზესტაფონელთა კარგი შეტევა ზუსტი დარტყმით აკაკი დვალმა დააგვირგვინა. წყალტუბოელებმა, რომელთა შემადგენლობაში მათი პირველი გუნდის ფეხბურთელებმაც იასპარეზეს, ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაათანაბრეს. მეორე ნახევარში კი გოლი აღარ გასულა და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1-1 დასრულდა.
"ზესტაფონმა" მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო: ა. გიორგაძე, ჭურაძე, ვარდოსანიძე, ჩიტორელიძე, გ. სამხარაძე, საცერაძე, ბუბულაშვილი, ზარნაძე, ბ. ფერაძე, ა. დვალი, ბ. ბერაძე. შესვენების შემდეგ მოედანზე თ. ბერაძე, აბჟანდაძე და ფანცულაია შემოვიდნენ.
|