04.08.2018
სპარინგი "ტორპედოს" ბაზაზე
2018 წლის 4 აგვისტოს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა", რომელიც საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის მეორე ეტაპისათვის მზადებას განაგრძობს. მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა - ქუთაისის "ტორპედოს" ბაზაზე გამართულ შეხვედრაში მარგველები ადგილობრივი კლუბის მეორე გუნდს დაუპირისპირდნენ.
ქუთაისელთა მეორე გუნდთან სპარინგ-მატჩს ზესტაფონელები მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემებით შეხვდნენ - ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხასიათის პრობლემის გამო გუნდს ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდა...
ამავე დროს, "ზესტაფონის" რიგებში ორი ახალწვეული გამოჩნდა - 26 წლის მეკარე ალექსანდრე გიორგაძე (საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" აკადემიის აღზრდილი) ბოლოს მესამელიგელი ტყიბულის "მეშახტეს" ღირსებას იცავდა, ხოლო თერჯოლის "საპოვნელაში" გაზრდილი 21 წლის ნახევარმცველი ზაალ ზუზაძე ბოლოს ზესტაფონის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრთან არსებულ საფეხბურთო გუნდ "მარგვეთი-2006"-ში ასპარეზობდა...
შეხვედრა სტუმართა გუნდის უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ზესტაფონელებმა ამ უპირატესობის მეტოქის კარში გატანილ 3 გოლში ასახვა მოახერხეს. გამარჯვებულთა რიგებში ჰეტ-თრიკით თავი ბაჩო ბერაძემ გამოიჩინა, ხოლო ქუთაისელებმა მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს და შეხვედრა "ზესტაფონის" გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა.
"ზესტაფონმა" მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო: გ. მახათაძე, ჭურაძე, ხუჯაძე, ჩიტორელიძე, გ. სამხარაძე, ვარდოსანიძე, ბუბულაშვილი, ნ. გაჩეჩილაძე, ზუზაძე, ა. დვალი, ბ. ბერაძე. შესვენების შემდეგ მოედანზე ა. გიორგაძე, არაბიძე, თ. ბერაძე, საცერაძე და აბჟანდაძე გამოჩნდნენ.
|