Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

23.07.2018

 

 

 

 

 

 

 

 

"რეტროსპექტივა": სკანდინავიური თრილერი

 

 

 

 

 

დღეს რუბრიკა "რეტროსპექტივაში" გვინდა შემოგთავაზოთ ბევრისათვის თითქმის უცნობი, ზუსტად 9 წლის წინ, 2009 წლის 23 ივლისს სკანდინავიის სამხრეთ ნაწილში გამართული და შვედური ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გასული "ჰელსინგბორგი"-"ზესტაფონის" ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩის ვიდეოჩანაწერი.

 

უნდა შეგახსენოთ, რომ ამ გუნდების ზესტაფონში გამართული პირველი შეხვედრა, მატჩის უკანასკნელ 90-ე წუთზე ჰენრიკ ლარსონის მიერ გატანილი გოლის წყალობით, სტუმართა გამარჯვებით 2-1 დასრულდა. პირველ შეხვედრაში განცდილი მარცხის მიუხედავად, მარგველები სკანდინავიას საბრძოლო შემართებითა და შემდეგ ეტაპზე გაღწევის დიდი სურვილით ეწვივნენ. უნდა ითქვას, რომ სტუმრებმა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარეს და სანუკვარი მიზნის მიღწევამდე მათ სულ მცირედი (ასეთ დონეზე თამაშის გამოცდილება და სულ რამდენიმე წამი) დააკლდათ...

 

დღეს წარმოდგენილ 2,5-საათიან ვიდეომასალაში თქვენ შეგიძლიათ თვალნათლივ იხილოთ (ბევრი საინტერესო ხედითა და რაკურსით) მსოფლიო ფეხბურთის სახელგანთქმული ვარსკვლავის, შოტლანდიური "სელტიკის" ცოცხალი ლეგენდის და "ბარსელონას" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის, ჰენრიკ ლარსონის მშობლიური "ჰელსინგბორგისა" და ჩვენი გუნდის დაპირისპირება, რომელიც ქალაქ ჰელსინგბორგის "ოლიმპია-არენაზე" გაიმართა.

 

შეხვედრის დასაწყისში ზესტაფონელებს მცირე სასტარტო ნერვიულობა კი ეტყობოდათ. თუმცა, პირველი ნახევრის შუა წუთებისკენ სტუმრებმა თამაშის დალაგება მოახერხეს და 29-ე წუთზე შოთა გრიგალაშვილის ზუსტი გადაცემის შემდეგ ჯაბა დვალის მიერ გატანილმა გოლმა შოკში ჩააგდო სტადიონზე შეკრებილი შვედი გულშემატკივრები.

 

31-ე წუთზე კი სტუმართა ქომაგთა 25-კაციან სექტორში ეიფორიამ დაისადგურა - ნიკა გელაშვილმა უძლიერესი შორეული დარტყმით მეორედ დალაშქრა პერ ჰანსონის კარი. ზესტაფონელთა ფორვარდის გოლი ისეთი ლამაზი გამოვიდა, შვედური ტელევიზიის კომენტატორმაც (იხილეთ მატჩის ვიდეოჩანაწერი) კი ვერ დამალა აღტაცება...

 

ზესტაფონელებმა მეორე ტაიმიც კარგად ჩაატარეს - მაგრადაც დაუდგნენ სახელოვან მეტოქეს და თავადაც შეეძლოთ გატანა. თუმცა, მასპინძელთა გუნდის გამოცდილებამ თავისი მაინც გააკეთა - 94-ე წუთზე ჰენრიკ ლარსონის გადაცემის შემდეგ იოელ ეკსტრანდმა თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.

 

დამატებითი დროის პირველი ტაიმის მეათე წუთზე ერიკ სუნდინმა ანგარიში საყაიმო გახადა, მეორე ექსტრა-ტაიმში ზესტაფონელებმა შვედების კართან მცირე შტურმიც კი მოაწყვეს, თუმცა, სტუმართათვის სამწუხაროდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და ”ჰელსინგბორგი” გავიდა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც მას ბოსნიური კლუბი ”სარაევო” ელოდა ...

 

ჩვენ კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, შვედეთის ერთ-ერთი სატელევიზიო არხის პირდაპირ ეთერში გასული "ჰელსინგბორგი" - "ზესტაფონის" მატჩის ტელერეპორტაჟის სრულ ვიდეოჩანაწერს გთავაზობთ.

 

 

23.07.2009. ”ჰელსინბორგი” (შვედეთი) - ”ზესტაფონი” - 2-2 (დამატებით დროში)

დაწვრილებით:

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018