Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

14.07.2018

 

 

 

 

 

 

 

 

პირველი ეტაპის მაჟორული ფინიში

 

 

 

 

 

2018 წლის 14 ივლისს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის პირველი ეტაპი დაასრულა. რეგიონული ლიგის "ა" ჯგუფის ქუთაისის "ტორპედოს" ბაზაზე გამართულ დასკვნითი, რიგით მეთვრამეტე ტურის შეხვედრაში მარგველები ადგილობრივი კლუბის მეორე გუნდს დაუპირისპირდნენ.

 

ქუთაისელებთან დაპირისპირებას ზესტაფონელები სერიოზული საკადრო პრობლემებით შეეგებნენ - ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეული მიზეზებისა და დისკვალიფიკაციის გამო გუნდს ნოდარ და გიორგი გაჩეჩილაძეები, ლევან ჩიტორელიძე, გიორგი სამხარაძე და ბესო ფერაძე აკლდნენ...

 

ასეთი დანაკლისის მიუხედავად, სტუმრებმა მატჩის სადავეები დებიუტშივე იგდეს ხელთ და უკვე მე-7 წუთზე ანგარიშში დაწინაურებაც მოახერხეს - მარჯვენა ფლანგიდან მარგველთა შეტევაში დროულად ჩართულმა აკაკი დვალმა ბურთი ქუთაისელთა საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი ყველას ბაჩო ბერაძემ დაასწრო და მისი თავურის შემდეგ ბურთმა "ტორპედოს" კარის ხაზი გადაკვეთა...

 

სტუმრები ამის შემდეგაც აქტიუროდნენ და მათ უპირატესობის გაზრდის რამდენიმე კარგი შესაძლებლობა მიეცათ - თუკი 30-ე წუთზე მარგველთა პირველი გოლის ავტორმა ბაჩო ბერაძემ 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით დუბლის შესრულება ვერ მოახერხა, მან ეს ტაიმის მიწურულს მაინც შეძლო - 44-ე წუთზე "ტორპედო-2"-ს კართან დაინიშნა კუთხური, საჯარიმოში ბურთი გიორგი მაკარიძემ ჩააწოდა, ბაჩო ბერაძემ კი მაღალ ნახტომში შესრულებული ზუსტი თავურით გაიტანა.

 

მეორე ტაიმში "ტორპედოს" ბაზაზე მრავლად შეკრებილმა ორივე გუნდის ქომაგმა საკმაოდ დაძაბული და ამავე დროს სანახაობრივი ფეხბურთი იხილა. სტუმარიც და მასპინძელიც ბევრს აქტიურობდნენ და ანგარიშის სათავისოდ შეცვლის შანსი ორივე მხარეს მიეცა, თუმცა, საბოლოოდ, პირველ ტაიმში დაფიქსირებული ანგარიში აღარ შეცვლილა და ზესტაფონელებმა დამსახურებული გამარჯვება, ანგარიშით 2-0 მოიპოვეს.

 

შედეგად, საქართველოს ჩემპიონატის რეგიონული ლიგის "ა" ჯგუფის საბოლოო ცხრილში ჩვენმა გუნდმა საპატიო, მესამე ადგილი დაიკავა და ზედა დივიზიონში დასაწინაურებლად ბრძოლას უკვე მეორე ეტაპზე, "დასავლეთის ზედა ჯგუფში" განაგრძობს. იქ მას კონკურენციას მარტვილის "სალხინო", ზესტაფონის "მარგვეთი-2006", ქუთაისის "ტორპედო-2", ბათუმის "დინამო-2", სენაკის "ეგრისი", ბათუმის "მეტა" და ზუგდიდის "ოდიში-1919" გაუწევენ.

 

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ რეგიონული ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" ორი საუკეთესო გუნდი გაისად ლიგა-4-ში იასპარეზებს, ხოლო მესამე ადგილზე გასულს დასაწინაურებლად პლეი-ოფის სტადიის გადალახვა მოუწევს. ტურნირი სტარტს აგვისტოს შუა რიცხვებში აიღებს...

 

 

14.07.2018. ”ტორპედო-2” (ქუთაისი) - ”ზესტაფონი” 0-2

"ზესტაფონი": მახათაძე, ჭურაძე, ხუჯაძე, ფოცხვერაშვილი, ვარდოსანიძე, ბუბულაშვილი (თ. ბერაძე, 73) , ზარნაძე, ცქიფურიშვილი, დვალი (მაცაბერიძე, 81), მაკარიძე (არაბიძე, 84), ბ. ბერაძე.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018