Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

08.07.2018

 

 

 

 

 

 

 

 

სარეკორდო ანგარიშით გამარჯვება

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 8 ივლისს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXX ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრა, რომელშიც მასპინძელმა "ზესტაფონმა" გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერს, ამბროლაურის საფეხბურთო კლუბ "რაჭას" უმასპინძლა.

 

რეგიონული ლიგის "ა" ჯგუფის სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე მყოფ რაჭველებთან დაპირისპირება მასპინძელთა დიდი სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. ზესტაფონელები სტუმართა კართან ერთი მეორეს მიყოლებით ქმნიდნენ სახიფათო მომენტებს და გოლებიც გაჰქონდათ...

 

უკვე მე-7 წუთზე ანგარიში ჩვენი გუნდის რიგებში ახლახან გადმოსულმა ბაჩო ბერაძემ გახსნა. მე-11 წუთზე კი სტუმართა კარი აკაკი დვალმა აიღო და მასპინძელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. ამის შემდეგ თამაში მცირე ხნით დაწყნარდა, თუმცა ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა კიდევ ერთი საგოლე სერია გამოაცხვეს...

 

შეხვედრის 34-ე წუთზე რაჭველთა საჯარიმოს გარედან ულამაზესი ძლიერი დარტყმით გოლი ზესტაფონელთა კაპიტანმა ნოდარ გაჩეჩილაძემ გაიტანა. 37-ე წუთზე დღევანდელ შეხვედრაში თავის მეორე გოლი ბაჩო ბერაძემ გაიტანა, ხოლო 44-ეზე თანაგუნდელის მაგალითს აკაკი დვალმაც მიბაძა...

 

მეორე ტაიმი შეხვედრის პირველის ნახევრის მსგავსი სცენარით წარიმართა - მასპინძლები თამაშის მიმდინარეობას სრულად აკონტროლებდნენ, სტუმართა კართან ხიფათსაც ქმნიდნენ და მათ კარში გოლებიც გაჰქონდათ. აღსანიშნავია ის, რომ ბაჩო ბერაძემ "ზესტაფონის" საშინაო არენაზე გამართულ პირველსავე შეხვედრაში "პოკერის" შესრულება მოახერხა - პირველ ტაიმში შესრულებულ "დუბლს" 23 წლის ფორვარდმა 54-ე და 66-ე წუთებზე გატანილი კიდევ ორი გოლი დაუმატა.

 

ზესტაფონელები ამის შემდეგაც აქტიურობდნენ და თამაშის ბოლომდე ამბროლაურელთა კარის აღება კიდევ ორჯერ მოახერხეს - 70-ე წუთზე თავი მასპინძელთა მცველმა თორნიკე ჭურაძემ გამოიჩინა, ხოლო 87-ეზე მიმდინარე ჩემპიონატში გატანილი თავის მორიგი გოლი ნახევარმცველმა შალვა ცქიფურიშვილმა მიითვალა.

 

შედეგად, დღევანდელი მატჩის ზუგდიდელი არბიტრის ალიკა მესხის საფინალო სასტვენმა ზესტაფონელთა მიერ ოფიციალურ შეხვედრებში მოპოვებული სარეკორდო ანგარიშით გამარჯვება დააფიქსირა - იმერულ-რაჭული დაპირისპირების 90 წუთის შემდეგ დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის ტაბლოზე ანგარიში 9-0 იყო გამოსახული...

 

საქართველოს XXX ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის პირველი ეტაპის დასკვნითი, რიგით მეთვრამეტე ტურის შეხვედრას "ზესტაფონი" 14 ივლისს გამართავს - ამ დღეს ზემოიმერლები ქუთაისს ესტუმრებიან და ადგილობრივი "ტორპედოს" მეორე გუნდს დაუპირისპირდებიან ...

 

 

08.07.2018. ”ზესტაფონი” - ”რაჭა” (ამბროლაური) 9-0

"ზესტაფონი": მახათაძე, თ. ბერაძე, ჩიტორელიძე, ფოცხვერაშვილი, გ. სამხარაძე (სვიანაძე, 76), ბუბულაშვილი (აბჟანდაძე, 70), ცქიფურიშვილი, ნ. გაჩეჩილაძე, დვალი, ზარნაძე (ჭურაძე, 35), ბ. ბერაძე.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018