Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

05.07.2018

 

 

 

 

 

 

 

 

სამქულიანი სტუმრობა ბაღდათში

 

 

 

 

 

2018 წლის 4 ივლისს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა. ბაღდათის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ რეგიონული ლიგის "ა" ჯგუფის მეთექვსმეტე ტურის შეხვედრაში მარგველები ადგილობრივ "საირმეს" დაუპირისპირდნენ.

 

კიდევ ერთხელ გვიწევს საუბარი იმაზე, რომ სფფ-ს მიერ დამტკიცებული 2018 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის საშეჯიბრო დებულების 7.16 პუნქტის თანახმად,  მასპინძელი კლუბი ვალდებულია უზრუნველყოს სტადიონი სფფ-ს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად - კერძოდ, საფეხბურთო მოედნით, რომელზეც იქნება მინდვრის კარგი ხარისხის საფარი...

 

რაც შეეხება ბაღდათის ცენტრალური სტადიონის მოედნის საფარის სადღეისო მდგომარეობას, ის ვერანაირად ვერ შეესაბამება პროფესიული ფეხბურთის ელემენტარულ მოთხოვნებს და ვერ აკმაყოფილებს სფფ-ს მიერ დადგენილ სტანდარტებს. მეტიც, ასეთი "ოღრო-ჩოღრო" მინდვრის პირობებში არსებობს ფეხბურთელთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფის დიდი საშიშროება...

 

შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაციას ჩვენი კლუბი წინასწარვე ფლობდა და ამის გამო "საირმეს" მატჩის ზესტაფონში (დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ან "ზესტაფონის" ბაზაზე) გამართვა შესთავაზა, რაზეც ბაღდათელებმა თავიდან თანხმობაც განაცხადეს, თუმცა მერე რატომღაც გადაიფიქრეს და საბოლოოდ, მატჩის გამართვა მაინც ბაღდათში გადაწყდა...

 

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, "ზესტაფონმა" მიმართა მატჩზე მყოფ მსაჯთა დამკვირვებელს და მატჩის არბიტრს განცხადებით (იხილეთ სრულად), რათა მათ ემსჯელათ არსებულ ვითარებაში ბაღდათის სტადიონზე მატჩის ჩატარების მიზანშეწონილობის საკითხზე და მიეღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება. მცირე თათბირის შემდეგ, მათ გადაწყვიტეს მატჩის დათქმულ დროსა და ადგილზე ჩატარება...

 

საინტერესოა, რომ "ზესტაფონს", რეგიონული ლიგის მიმდინარე ტურნირის პირველ ეტაპზე დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით, უკვე მოპოვებული აქვთ მეორე, გადამწყვეტი ეტაპის საგზური და ამდენად, გუშინნდელი მატჩის მონაწილეებს თითქოს ნაკლები სატურნირო მოტივაცია უნდა ჰქონოდათ. თუმცა, ზესტაფონელები სრულად დაიხარჯნენ და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს...

 

სტუმართა რიგებში ორმა ახალწვეულმა იასპარეზა - სულ რამდენიმე დღის წინ გუნდს მცველი ბიბი ფოცხვერაშვილი და თავდამსხმელი ბაჩო ბერაძე შეუერთდნენ. აღსანაიშნავია, რომ ორივე მათგანს ფეხბურთში პირველი ნაბიჯები სწორედ საფეხბურთო კლუბ ,,ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდებში აქვთ გადადგმული...

 

შეხვედრის პირველი ნახევარი ზესტაფონელთა დიდი სათამაშო უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, ანგარიშით 3-0 დასრულდა. სტუმართა რიგებში გატანილი გოლებით თავი ნოდარ გაჩეჩილაძემ (19-ე წუთი), ლევან ჩიტორელიძემ (29-ე წუთი) და გიორგი მაკარიძემ (37-ე წუთი) გამოიჩინეს...

 

მეორე ტაიმში თამაში შედარებით დამშვიდდა, სისწრაფეებმა და სახიფათო მომენტების რაოდენობამ იკლო, თუმცა გუნდებმა გოლების გაცვლა მაინც მოახერხეს - 69-ე წუთზე ბაღდათელმა დავით ხეცურიანმა ანგარიშში სხვაობა 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით ოდნავ შეამცირა, ხოლო 89-ეზე ჩვენი გუნდის ახალწვეულმა ბაჩო ბერაძემ "ზესტაფონის" რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა. შედეგად, სტუმართა დამაჯერებელი გამარჯვება ანგარიშით 4-1.

 

მორიგ შეხვედრას "ზესტაფონი" კვირას, 8 ივლისს გამართავს - საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის "ა" ჯგუფის ბოლოსწინა, მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრაში მარგველები ამბროლაურის საფეხბურთო კლუბ "რაჭას" უმასპინძლებენ. ეს მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება.

 

 

04.07.2018. ”საირმე” (ბაღდათი) - ”ზესტაფონი” 1-4

"ზესტაფონი": მახათაძე, ჭურაძე, ჩიტორელიძე (გ. სამხარაძე, 74), ფოცხვერაშვილი, ვარდოსანიძე (თ. ბერაძე, 61), ცქიფურიშვილი, ზარნაძე, ნ. გაჩეჩილაძე, დვალი, მაკარიძე (ბუბულაშვილი, 61), ბ. ბერაძე,

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018