02.07.2018
"ზესტაფონის" ბაზაზე იტალიელთა კემპი დასრულდა
მილანის "ინტერის" საზაფხულო კემპი დაიხურა. თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე იტალიური გრანდის სკოლა 25 ივნისს გაიხსნა და 1 ივლისს დასრულდა. კემპზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შერჩეული 100 ბავშვი ვარჯიშობდა.
დახურვის ცერემონიაზე დაასახელეს ის ორი ბავშვი, რომლებიც მწვრთნელებმა ერთკვირიანი ვარჯიშების დროს შეარჩიეს და "ინტერში" სტაჟირებაზე მიიწვიეს - "გაგრას" 10 წლის ფეხბურთელი ლუკა ლომთათიძე და "საბურთალოს" 12 წლის წევრი ბუბუ ღოღობერიძე. საინტერესოა, რომ ღოღობერიძის მამა წლების წინ მიუნხენის "ბაიერნის" 17-წლამდელთა გუნდის წევრი იყო, მაგრამ კარიერა ტრავმის გამო დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ იტალიურ გრანდთან საქართველოს პარტნიორობის იდეა ორგანიზაცია "თავისუფალ ფეხბურთს" ეკუთვნოდა, რომელმაც საზაფხულო სკოლის მოწყობა საკუთარ თავზე აიღო და პირველივე პროექტი წარმატებით განახორციელა.
"აქ ბევრი ნიჭიერი ბავშვი ვარჯიშობდა. მიხარია და მეამაყება, ორ საუკეთესოს შორის მე რომ დამასახელეს. "ინტერში" სტაჟირებაზე წასვლა და ვარჯიში დიდი სტიმულია", - ამბობს ბუბუ ღოღობერიძე.
"მსგავსი კემპები საქართველოში ხშირად უნდა გაიმართოს, რადგან ეს ჩვენს ბავშვებს ძალიან წაადგებათ. პირადად მე რაც ვნახე, მართლა ძალიან ნიჭიერი ბავშვები გვყავს. მათ სწორ გზაზე დაყენება და განვითარება სჭირდებათ. ეს იტალიელებმაც აღნიშნეს. მთავარია, ეს ერთჯერადი პროექტი არ იყოს და მომავალშიც გაგრძელდეს", - ეს კი ვეტერანი ფეხბურთელის, ზურაბ ხიზანიშვილის სიტყვებია, რომელიც იტალიელ სპეციალისტებს ვარჯიშების ჩატარებაში ეხმარებოდა.
ლევან სეთურიძე, "თავისუფალი ფეხბურთის" დამფუძნებელი: "ჩვენ "ინტერის" საზაფხულო კემპები კარგად შევისწავლეთ და გვსურდა, საქართველოში საუკეთესო საზაფხულო სკოლა მოგვეწყო. ეს შევძელით, რაც "ინტერის" მწვრთნელებმაც აღნიშნეს. ისინი გაოცებულები დარჩნენ იმით, თუ რამდენი ტალანტია საქართველოში. რაც მთავარია, ჩვენ ამ წარმატებულ პროექტზე არ გავჩერდებით, ამას აუცილებლად მოჰყვება გაგრძელება".
პეტრე სარდანაძე, "თავისუფალი ფეხბურთის" მენეჯერი: "საწყენია, რომ იტალიაში მხოლოდ ორი ბავშვი გაემგზავრება, რადგან "ინტერის" მწვრთნელებმა უფრო მეტი საინტერესო მოთამაშე ჩაინიშნეს. მაგრამ ეს დასაწყისია და ბედნიერი ვიქნები, თუკი ჩვენი წამოწყების შედეგად რომელიმე ბავშვი ევროპაში მოხვდება".
|