30.06.2018
"ინტერის" კემპი ძალიან კარგი პროექტია...
25 ივნისიდან 1 ივლისამდე თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე მილანის "ინტერის" საზაფხულო კემპი იმართება. იტალიური გრანდის კემპში, რომელიც ორგანიზატორიც "თავისუფალი ფეხბურთია", საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 100 ბავშვი მონაწილეობს.
ვარჯიშებს 5 იტალიელი და 5 ქართველი მწვრთნელი უძღვება. "ინტერის" სპეციალისტებს საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი ზურაბ ხიზანიშვილიც ეხმარება. "ლელომ" მასთან ინტერვიუ ჩაწერა...
- რას ფიქრობთ "ინტერის" საზაფხულო სკოლაზე?
- ეს ძალიან პრესტიჟული და სასურველი პროექტია, რომლის მსგავსიც საქართველოში არ განხორციელებულა. მასში მონაწილეობას სიამოვნებით დავთანხმდი.
- საქართველოდან ტურნირის ელჩადაც წარგადგინეს...
- დიახ და ძალიან მიხარია, რომ იტალიელებთან შეთანხმებით, საქართველოდან ტურნირის ელჩი ვარ. ეს დააახლოებით იგივეა, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ელჩი ვიყავი და თასი წარმოვადგინე. პარალელურად, "ინტერის" გამოგზავნილ სპეციალისტებს ვარჯიშების წარმართვაში ვეხმარები.
- ჩვენნაირ ქვეყანაში ასეთი კლუბის საზაფხულო სკოლა ინტერესის გამოხატულებაა...
- კარგია, ძალიან კარგია და იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მიმართ ასეთი კლუბი ინტერესდება და ტალანტების აღმოჩენის იმედი აქვს. როცა ინგლისში ვთამაშობდი, საზაფხულო სკოლებს "მანჩესტერ იუნაიტედი" აფუძნებდა - ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, აფრიკაში... ეს არის კლუბის სასელექციო სამუშოებისთვისაა სასარგებლო და ამით ახალ ბაზრებს ითვისებენ.
- საზაფხულო სკოლის გახსნაზე "ინტერის" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კემპის ბოლოს ორ საუკეთესო ფეხბურთელს შეარჩევენ, რომლებიც იტალიაში სტაჟირებას გაივლიან...
- დიახ, გამორჩეულ ბავშვებს ყველა გრანდი ეძებს. ვერ ვიტყვი, რომ იტალიაში მიწვევა ამ ბავშვების "ინტერში" ავტომატურად ჩარიცხვას ნიშნავს, მაგრამ ძალიან კარგი ფაქტია.
ბავშვები ნახავენ, მათი იტალიელი თანატოლები როგორ ვარჯიშობენ, ემზადებიან, რა მოთხოვნებს უყენებენ, რა განსხვავებაა საქართველოსა და იტალიას შორის... ეს სასარგებლო გამოცდილებაა. თუმცა, ჩვენთან იმდენი ნიჭიერი ბავშვია, არ გამოვრიცხავ, რომელიმე შენიშნონ, მისდიონ და შემდეგ აიყვანონ.
პირადად მე არაერთი მსგავსი შემთხვევა მახსენდება. ჩვენ ევროპელებთან სწორედ ასეთი კავშირები გვაკლდა და კარგია, რომ ასეთი პარტნიორები გამოჩნდნენ. იმედია, ეს პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. ეს ქართულ ფეხბურთს აუცილებლად წაადგება. ეს ყველაფერი ორგანიზიცია "თავისუფალი ფეხბურთის" თავკაცების დამსახურებაა. ამ ახალგაზრდებმა, ლევან სეთურიძემ და პეტრე სარდანაძემ, ძალიან კარგი პროექტი განახორციელეს.
- საზაფხულო აკადემია კარგია, მაგრამ რამდენად რეალურია, რომ ევროპულმა გრანდებმა საქართველოში საკუთარი აკადემია დააფუძნონ?
- ზუსტად თქმა გამიჭირდება, მსგავს საკითხებთან შეხება არ მქონია. მაგრამ მიმაჩნია, რომ საქართველოში ტალანტები არიან და ისეთი აუთვისებელი საბადოა, ადრე თუ გვიან ვინმე დაინტერესდება.
"ინტერი" მსგავს პროექტს სხვაგვარად არც ჩამოვიდოდა, სათანადო ინფორმაცია რომ არ ჰქონდეს და დარწმუნებული არ იყოს, საქართველოში პატარა ასაკში ტალანტები არიან.
უბრალოდ, მათ ნიჭის რეალიზაციისა და განვითარებისთვის სათანადო გარემო სჭირდებათ. ევროპულ გრანდში რაც უფრო მეტი ქართველი ბავშვი წავა და ითამაშებს, თუნდაც სტაჟირებას გაივლის, ეს ძალიან წაგვადგება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი პროექტია და იმედია გაგრძელება მოჰყვება...
|