Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

28.06.2018

 

 

 

 

 

 

 

 

ფრე "ვერცხლის ლიგის" ლიდერთა შეხვედრაში

 

 

 

 

 

27 ივნისს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა. "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის საჩხერეში გამართულ შეხვედრაში ზესტაფონელები ადგილობრივი "ჩიხურას" წარმომადგენელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ.

 

ზესტაფონელი ჩვიდმეტწლამდელები და დღევანდელ შეხვედრაში მათი მეტოქე საჩხერელები მიმდინარე ჩემპიონატის პირველ ეტაპზეც ერთ ჯგუფში ასპარეზობდნენ - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე გამართული პირველი წრის მატჩი ჩვენმა ბიჭებმა მინიმალური უპირატესობით 1-0 მოიგეს, ხოლო მეორე წრეში საჩხერეში გამართულ შეხვედრაში ანგარიშით 1-2 დამარცდნენ...

 

აუცილებლად უნდა ითქვას იმაზე, რომ ჩატარებული სამი ტურის შემდეგ ჩვიდმეტწლამდელთა ჩემპიონატის "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის სატურნირო ცხრილის სათავეში სწორედ საჩხერის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გუშინ გამართული "მარგველთა დერბის" მონაწილე გუნდები იმყოფებოდნენ...

 

რა გასაკვირია, რომ შეხვედრა ძალიან დაძაბულად და საინტერესეოდ წარიმართა. მატჩის დებიუტში სათამაშო უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, მათ ზესტაფონელთა კართან რამდენიმე კარგი შეტევა განახორციელეს და 28-ე წუთზე ვალერი დიდბერიძის ზუსტი დარტყმით დაწინაურდნენ კიდეც.

 

მოვლენათა ასეთ განვითარებას სტუმრები არ დაუბნევია და მათ მალევე მოახერხეს ანგარიშში თანაფარდობის აღდგენა - 34-ე წუთზე შეტევის მარჯვენა ფლანგიდან დავით ახვლედიანის კარგი გარღვევისა და საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, დავით ნასრაძე დასარტყმელ პოზიციაზე დარჩა და მეტოქეთა გოლკიპერს აუღებელი დაურტყა.

 

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი შეიცვალა - უპირატესობას უკვე სტუმრები ფლობდნენ და 62-ე წუთზე, კარგი იერიშისა და შოთა ფანცულაიას ზუსტი დარტყმის შემდეგ წინ უკვე ზესტაფონელები გავიდნენ. მატჩის ბოლოს ისევ მასპინძლები გააქტიურდნენ, მათ მატჩის გადასარჩენად გაიწიეს და მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე საწადელს მიაღწიეს კიდეც - "ჩიხურასათვის" ერთი ქულის მომტანი გოლის ავტორი გიორგი აბაშიძე გახლავთ.

 

შედეგად, მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა. "ვერცხლის ლიგაში" გამართული ოთხი ტურის შემდეგ "ზესტაფონისა" და საჩხერის "ჩიხურას" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდებმა 10-10 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცნენ. გატანილი და გაშვებული ბურთების გაცილებით უკეთესი სხვაობის გამო, პირველ პოზიციაზე ჩვენი კლუბის წარმომადგენლები იმყოფებიან. მესამე ადგილზე "ვიტ-ჯორჯიაა" - თბილისელები ლიდერებს თითო ქულით ჩამორჩებიან...

 

 

27.06.2018. U-17. ”ჩიხურა” (საჩხერე) - ”ზესტაფონი” 2-2

"ზესტაფონი" (U-17): ა. ფერაძე, თ. ჭუმბურიძე, სვიანაძე, ნასრაძე, გ. ღონღაძე, სხილაძე, თვალაბეიშვილი, ახვლედიანი, ღვალაძე (ჯანიაშვილი, 50), ბ. ფერაძე, ფანცულაია.

 

ფოტომასალა მოწოდებულია ანა-ლიზი შუბითიძის მიერ
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018