26.06.2018
"ლელო" "ინტერის" საზაფხულო კემპის შესახებ
სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ჟურნალისტ მერაბ მამულაშვილის ძალიან საინტერესო პუბლიკაცია, რომელიც თბილისის ზღვასთან მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე იტალიური და ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდის, მილანის "ინტერის" 25 ივნისს გახსნილ საზაფხულო ბანაკზე მოგვითხრობს...
ესოდენ მნიშვნელოვანი და მასშტაბური ხასიათის პროექტის მასპინძლობის გამო დადებითი ემოციების მიღებასთან ერთად, სიამოვნებით უნდა გამცნოთ იმის შესახებაც, რომ ორგანიზატორთა მიწვევით ბანაკის მუშაობაში უსასყიდლოდ ჩაერთვნენ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" აღსაზრდელები. მილანის "ინტერის" საზაფხულო კემპში ჩვენი კლუბის ჭაბუკთა გუნდების წარმომადგენელი 2002, 2003 და 2004 წლებში დაბადებული ბიჭები მონაწილეობენ...
ქვემოთ კი "ლელოს" პუბლიკაციას უცვლელად გთავაზობთ: "ევროპულმა გრანდმა საქართველოში ტალანტების შერჩევა გადაწყვიტა. თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე გუშინ ხალხმრავლობა იყო - საფეხბურთო კომპლექსში მილანის "ინტერის" საზაფხულო სკოლა გაიხსნა.
იტალიური გრანდის კემპი 25 ივნისიდან 1 ივლისამდე გაგრძელდება. მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 100 ბავშვი მონაწილეობს...
"ინტერი" დამწყებ ფეხბურთელებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებს. იტალიელებთან პარტნიორობის იდეა ორგანიზაცია "თავისუფალ ფეხბურთის" თავკაცებს ეკუთვნით - კარგი ფაქტია, რომ "ინტერთან" მოლაპარაკებას არა გამოცდილი მენეჯერები, არამედ, ახალგაზრდა ხალხი, ორგანიზაციის დამფუძნებელი ლევან სეთურიძე და პროექტების მენეჯერი პეტრე სარდანაძე აწარმობდნენ.
საკითხი დადებითად 2017 წლის შემოდგომაზე გადაწყდა, როცა "ინტერის" საზაფხულო სკოლის კოორდინატორი ანდრია რატი თბილისს ესტუმრა. საქართველოს ნიჭიერი მენეჯერები ნიჭიერ ფეხბურთელებზე ნაკლებად როდი სჭირდება...
საზაფხულო სკოლის გახსნას ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, კლუბების, ფეხბურთის ფედერაციისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შალვა გოგოლაძე, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე: "აქ შეკრებილი ბავშვები საქართველოს მომავალია. ისინი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის საზაფხულო სკოლაში მოხვდნენ და დარწმუნებული ვარ, ეს თითოეულ მათგანს წაადგება".
ზურაბ ხიზანიშვილი, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი: "მიხარია, რომ იტალიელებთან შეთანხმებით, ტურნირის ელჩად წარმადგინეს. იმედია, ეს პროექტი ერთჯერადი არ იქნება და მომავალშიც გაგრძელდება, რაც ქართულ ფეხბურთს სარგებელს მოუტანს".
ანტონიო ენრიკო ბარტოლი, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში: "მე ფეხბურთის დიდი მოყვარული ვარ, "ლაციოს" ვგულშემატკივრობ. მაგრამ აქ იმიტომ მოვედი, რომ "ინტერი" მსოფლიო გრანდია და აქ მისი დროშა უნდა ავაფრიალო. არ ვიცი, კახა კალაძე დამეთანხმება თუ არა, მაგრამ დღეს ჩვენ ყველა "ინტერისტები" ვართ.
იმედია, მილანელთა საზაფხულო სკოლაში ნავარჯიშები რომელიმე ქართველი ბავშვი "ინტერში" მოხვდება და წინააღმდეგი არ ვიქნები, თუნდაც, "ლაციოს" გაუტანოს გოლი".
პეტრე სარდანაძე, "თავისუფალი ფეხბურთის" პროექტების მენეჯერი: "ამ პროექტის განხორციელება რთული იყო და დიდი დრო დაგვჭირდა. ბევრი ადამიანი დაგვეხმარა და თითოეულ მათგანს დიდი მადლობა უნდა გადავუხადო, უპირველესად კი - "ზესტაფონის" პრეზიდენტ ილია კოკაიას, რომელიც საკუთარ ბაზაზე კემპის ჩატარებაში დაგვეხმარა. ჩვენი თანამდგომები არიან კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ფეხბურთის განვითარების ფონდი და ბიზნესჯგუფები.
გვერდში დაგვიდგნენ საფეხბურთო კლუბები - "ლოკომოტივი" და "რუსთავი". მიმაჩნია, რომ "ინტერის" საზაფხულო კემპი მნიშვნელოვანი ამბავია და ქართულ ფეხბურთს წაადგება".
ლევან სეთურიძე, "თავისუფალი ფეხბურთის" დამფუძნებელი: "დიდი ხნის წინ დაწყებული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და მიხარია, რომ დღეს 100 ქართველ ბავშვს მიეცა საშუალება, თავისი ნიჭით იტალიაში მოხვდეს. ეს მათთვის შანსია და იმედია, ამ შანსით რომელიმე მათგანი ისარგებლებს".
საზაფხულო სკოლის გახსნაზე "ინტერის" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კემპის ბოლოს ორ საუკეთესო ფეხბურთელს შეარჩევენ და იტალიაში სტაჟირებაზე მიიწვევენ.
ვალერიო კანდიდო, "ინტერის" აკადემიის საზაფხულო სკოლების ქსელის მეთოდისტი: "საზაფხულო სკოლა ერთი კვირა იმუშავებს. აქ ბავშვებს ექნებათ საშუალება, იმ სავარჯიშო მეთოდებს გაეცნონ, რომელსაც "ინტერი" ნერგავს. მათ ვარჯიშებს 5 იტალიელი და 5 ქართველი მწვრთნელი დააკვირდება.
ამ პერიოდში ექნებათ ორჯერადი ვარჯიშები, შაბათს კი დასკვნითი ტურნირი გაიმართება. ყველა მონაწილეს საზაფხულო სკოლის სერთიფიკატი გადაეცემა, ბოლოს კი ორ საუკეთესო ფეხბურთელს შევარჩევთ და მათ იტალიაში, "ინტერის" აკადემიაში მივიწვევთ".
|