21.06.2018
ფრე და გამარჯვება სამეგრელოს გუნდებთან მატჩებში
2018 წლის 20 ივნისს ჩვენი კლუბის ზესტაფონში მდებარე ბაზაზე ჭაბუკთა ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩები გაიმართა. "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფების შეხვედრებში მარგველმა თხუთმეტ- და ჩვიდმეტწლამდელებმა სამეგრელოს მხარის წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლეს.
ზესტაფონელმა ჩვიდმეტწლამდელებმა გუშინნდელ შეხვედრაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ზუგდიდის აკადემიის კოლექტივს უმასპინძლეს. უნდა ითქვას, რომ იმერელთა რიგებში აკადემიელთა წინააღმდეგ ვერ იასპარეზა გუნდის ბომბარდირმა ბესო ფერაძემ, რომელმაც მარტვილის "სალხინოსთან" წინა დღეს გამართულ რეგიონული ლიგის მატჩში ტრავმა მიიღო.
გუნდის ერთ-ერთი ლიდერის მინდორზე არყოფნის მიუხედავად, ზესტაფონელებმა მეტოქის კარს პირველივე წუთებიდან აქტიურად შეუტიეს და უკვე 12-ე წუთზე ნიკა ღვალაძემ თავის გუნდის დაწინაურება შეძლო. საგოლე კომბინაციაში უშუალო და მეტად სასარგებლო მონაწილეობა დავით ახვლედიანმა და შოთა ფანცულაიამ მიიღეს.
მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში იმერლები უდიდეს ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ. რაც შეეხება სტუმრებს, მათ მასპინძლეთა კარს ერთადერთხელ შეუტიეს, სამაგიეროდ გოლის გატანა მოახერხეს - 27-ე წუთზე თანაგუნდელის ზუსტი გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ აღმოჩენილმა ნიკა კოკაიამ ანგარიში ისევ საყაიმო გახადა.
მეორე ტაიმის სადებიუტო ნაწილი იმერელთა განუწყვეტელ შეტევებში წარიმართა და რამდენიმე გაცუდებული ეპიზოდის შემდეგ ზესტაფონელთა შემტევმა შოთა ფანცულაიამ თავის გუნდი კიდევ ერთხელ დააწინაურა. ეს გოლი შეხვედრის 59-ე წუთზე გავიდა, საგოლე გადაცემის ავტორობა კი თავის ანგარიშზე დავით ახვლედიანმა ჩაიწერა...
ამის შემდეგ ანგარიშის სათავისოდ შეცვლას ორივე გუნდი კი ცდილობდა, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე აღარ მისულა და საბოლოოდ ძალიან დაძაბული იმერულ-მეგრული "დუელი" "ვერცხლის ლიგის" მიმდინარე ტურნირში ზესტაფონელთა ზედიზედ მესამე გამარჯვებით, ანგარიშით 2-1 დასრულდა.
|
20.06.2018. U-17. ”ზესტაფონი” - ”სფფ-ს აკადემია” (ზუგდიდი) 2-1 |
"ზესტაფონი" (U-17): ა. ფერაძე, გ. ღონღაძე, სვიანაძე, ნასრაძე, ჭუმბურიძე, ახვლედიანი, თვალაბეიშვილი (მესხი, 79), დ. ბებიაშვილი, სხილაძე, ღვალაძე (ჯანიაშვილი, 76), ფანცულაია.
|
* * *
გუშინვე მიმდინარე პირველობის მორიგი შეხვედრა ჩვენი კლუბის თხუთმეტწლამდელთა კოლექტივმაც გამართა. ზესტაფონელებმა მარტვილის საფეხბურთო სკოლა "სალხინოს" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში მორიგი ქულების აღება მოახერხეს...
მატჩის პირველი ნახევარი მასპინძელთა კარნახით წარიმართა და მათ ამ უპირატესობის გოლად ქცევის 2 ძალიან კარგი შესაძლებლობა მიეცა, თუმცა ნოდარ ცხადაძეს გადამწყვეტი დარტყმები გაუცუდდა. ზესტაფონელები მეორე ტაიმში, 41-ე წუთზე დავით გაჩეჩილაძის მიერ გატანილი პენალტით მაინც დაწინაურდნენ, თუმცა მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე მარტვილელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს და შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა...
|
20.06.2018. U-15. ”ზესტაფონი” - ”სალხინო” (მარტვილი) 1-1 |
"ზესტაფონი" (U-15): ცერცვაძე, კაპანაძე, დ. გაჩეჩილაძე, გურული (კლდიაშვილი, 65), ა. ცხადაძე, ფანჩულიძე, ანდრიაძე (თაბუკაშვილი, 46), ნ. ცხადაძე, ტაბატაძე (მაისურაძე, 43), ლ. ბებიაშვილი (ნ. მახათაძე, 59), ნ. ჭუმბურიძე.
|
|