Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

17.06.2018

 

 

 

 

 

 

 

 

ჩვიდმეტწლამდელები "ვერცხლის ლიგაში" გალიდერდნენ

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდებმა ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩები გამართეს. "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის გორსა და მარტვილში გამართულ შეხვედრებში მარგველმა თხუთმეტ- და ჩვიდმეტწლამდელებმა შესაბამისად "დილას" და "სამტრედიის" გუნდებს დაუპირისპირდნენ.

 

ზესტაფონელი ჩვიდმეტწლამდელები და დღევანდელ შეხვედრაში მათი მეტოქე სამტრედიელები მიმდინარე ჩემპიონატის პირველ ეტაპზეც ერთ ჯგუფში ასპარეზობდნენ - დიდ ჯიხაიშში გამართული და ჭასთან ჩატარებული მატჩისშემდგომი "ჰიგიენური პროცედურების" წყალობით ცნობილი შეხვედრა ზემოიმერლებმა მინიმალური უპირატესობით 1-0 მოიგეს, ხოლო ზესტაფონში მეტოქე უფრო დამაჯერებლად 5-2 დაამარცხეს.

 

დღესდღეობით სამტრედიელები "ვერცხლის ლიგის" გათამაშებაში თავიანთ მეტოქეებს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში მდებარე საფეხბურთო კლუბ "სალხინოს" ბაზაზე მასპინძლობენ. რა გასაკვირია, რომ პირველ ეტაპზე ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით მატჩის ფავორიტებად მიჩნეულმა ზესტაფონელებმა საქმის თავიდანვე მოგვარებას შეეცადნენ და დღევანდელ იმერულ დერბიში გამარჯვებულის შესახებ კითხვას პირველი ტაიმის შემდეგვე გასცეს პასუხი.

 

ანგარიში უკვე მე-3 წუთზე გაიხსნა - ნომინალურ მასპინძელთა კართან დანიშნული კუთხურისა და დათო ბებიაშვილის ჩაწოდების შემდეგ, ყველას მაღალ ნახტომში ნიკა ღვალაძემ აჯობა და ბურთი კარის ბადეში გაახვია. ამის შემდეგ ამოქმედდა მიმდინარე სეზონში სტუმართა გუნდის მთავარმეგოლე ბესო ფერაძე, რომელმაც 24-ე და 30-ე წუთებზე გატანილი გოლებით დუბლი შეასრულა. პირველ ეპიზოდში მან გოლად სტანდარტი აქცია, მეორეში კი შოთა ფანცულაიას ზუსტი პასი შეირგო...

 

მეორე ტაიმის დებიუტში, კერძოდ 46-ე წუთზე, ბესო ფერაძემ ჰეტ-თრიკი შეასრულა - ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ზემოიმერელთა 17 წლის შემტევმა "სამტრედიის" ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელი ჩამოიშორა, ბურთი მასპინძელთა კარის დარაჯს თავზე გადაუგდო და ბადეში ისე გადაგზავნა...

 

ჭაბუკთა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გატანილი გოლების სიუხვით გამორჩეული ფორვარდი სათამაშო დროის ერთი საათის შემდეგ მოედნიდან კი გაიყვანეს, თუმცა მოედნიდან გასვლამდე ბესო ფერაძემ თავის პირად აქტივს საგოლე გადაცემაც შემატა - 59-ე წუთზე მისი ზუსტი გადაცემის შემდეგ ნიკა ღვალაძემ დუბლის შესრულება მოახერხა.

 

64-ე წუთზე საჯარიმოს გარედან შესრულებული "ცხრიანში" გასროლით თავის გოლი დათო ბებიაშვილმა გაიტანა. მართალია, თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე სამტრედიელებმა ანგარიშის "დასველება" შეძლეს, თუმცა დღევანდელ დაპირისპირებაში "ბოლო სიტყვა" მაინც სტუმრებმა თქვეს - შეხვედრის ბოლო, 80-ე წუთზე შოთა ფანცულაიამ მეშვიდედ აიღო მასპინძელთა კარი.

 

შედეგად, ზესტაფონელმა ჩვიდმეტლამდელებმა, რომლებსაც დღევანდელ შეხვედრაში თხუთმეტწლამდელთა დამრიგებელმა მამუკა ფუტკარაძემ უხელმძღვანელა, ზედიზედ მეორე შეხვედრაში დიდი ანგარიშით, ამჯერად 7-1, იმარჯვეს და ორი ტურის შემდეგ U17 ჩემპიონატის "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცნენ...

 

 

17.06.2018. U-17. ”სამტრედია” - ”ზესტაფონი” 1-7

"ზესტაფონი" (U-17): ა. ფერაძე (გ. გიორგაძე, 63), თ. ჭუმბურიძე, სვიანაძე, ნასრაძე, გ. ღონღაძე (მ. კაპანაძე, 66), სხილაძე, თვალაბეიშვილი (ჯანიაშვილი, 57), დ. ბებიაშვილი, ღვალაძე (ნ. ჭუმბურიძე, 66), ბ. ფერაძე (ფანჩულიძე, 60), ფანცულაია.

 

 

* * *

 

გუშინ კი ქვეყნის მიმდინარე ჩემპიონატის "ვერცხლის ლიგის" მორიგი მატჩი ჩვენი კლუბის თხუთმეტწლამდელთა კოლექტივმაც გამართა. ზესტაფონელი ჭაბუკები გორში ადგილობრივ "დილას" ესტუმრნენ და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 2-1 დამარხდნენ. სტუმართა რიგებში გატანილი გოლით თავი დავით გაჩეჩილაძემ გამოიჩინა...

 

 

16.06.2018. U-15. ”დილა” (გორი) - ”ზესტაფონი” 2-1

"ზესტაფონი" (U-15): ცერცვაძე, ლ. გურული, კაპანაძე, დ. გაჩეჩილაძე, ფანჩულიძე, კვირიკაშვილი, ა. ცხადაძე, თაბუკაშვილი (ტაბატაძე, 63), ჭუმბურიძე, ლ. ბებიაშვილი, მაისურაძე.

 

 

მორიგ მატჩებს ჩვენი ბიჭები 20 ივნისს შინ, საფეხბურთო ბაზის მინდვრებზე გამართავენ - საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" U-15 გუნდი 16:00 საათზე მარტვილის "სალხინოს" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლებს, ხოლო 18:00 საათზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ზუგდიდის აკადემიის გუნდის წინააღმდეგ ზესტაფონელი ჩვიდმეტწლამდელები წარსდგებიან.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018