12.06.2018
სამქულიანი ვიზიტი ხონში
2018 წლის 12 ივნისს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა გამართა. ხონის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ რეგიონული ლიგის "ა" ჯგუფის მეცამეტე ტურის მატჩში მარგველები ადგილობრივი "იმერეთის" მეორე გუნდს დაუპირისპირდნენ.
მატჩი ზესტაფონელთა განუწყვეტელი იერიშების თანხლებით წარიმართა. უკვე მატჩის დებიუტში, კერძოდ მე-8 წუთზე, შეტევის მარცხენა ფლანგიდან გიორგი მაკარიძის კარგი გარღვევისა და მასპინძელთა საჯარიმოში შესრულებული მისივე ჩაწოდების შემდეგ, ყველას შალვა ცქიფურიშვილმა დაასწრო და ზუსტი თავური დარტყმით ბურთი ხონელთა კარის ბადეში გადაგზავნა.
ზესტაფონელები, ანგარიშში დაწინაურების შემდეგაც, განაგრძობდნენ მეტოქის კარის გასაღების ძიებას. შეხვედრის მსვლელობისას მათ ძალიან ბევრი საგოლე მომენტის შექმნაც და ამ მომენტების განიავებაც მოახერხეს - გოლის გასატანი რეალური მომენტები გიორგი მაკარიძეს, ირაკლი ზარნაძეს, შალვა ცქიფურიშვილს, მახარე მაცაბერიძეს და 3 ეპიზოდში ბესო ფერაძეს გაუცუდდათ.
ზემოიმერელთა უიღბლო მცდელობათა სერიას წერტილი შეხვედრის ბოლოსწინა, 89-ე წუთზე დაესვა. სტუმართა მორიგი შეტევისას ინდივიდუალური ოსტატობით გაიბრწყინა გიორგი მაკარიძემ, რომელმაც მეტოქე გუნდის ერთბაშად რამდენიმე მცველი მოატყუა, დასარტყმელ პოზიციაზე მახარე მაცაბერიძე დატოვა და ამ უკანასკნელის დარტყმულიც ზუსტი გამოდგა - 0-2.
შედეგად, ზესტაფონელებმა მიმდინარე ტურნირის ფარგლებში მორიგი, რიგით მეშვიდე გამარჯვება იზეიმეს და საქართველოს ჩემპიონატის რეგიონული ლიგის მეორე ეტაპზე მოწინავე გუნდთა შორის მოსახვედრად, მათ პირველი ეტაპის ბოლომდე დარჩენილ ოთხ შეხვედრაში მხოლოდ 2 ქულის მოპოვება ესაჭიროებათ...
|
12.06.2018. ”იმერეთი-2” (ხონი) - ”ზესტაფონი” 0-2 |
"ზესტაფონი": მახათაძე, ჭურაძე, ხუჯაძე, ჩიტორელიძე, ვარდოსანიძე, ცქიფურიშვილი (მაცაბერიძე, 82), ზარნაძე, ს. სამხარაძე (ბუბულაშვილი, 75), ნ. გაჩეჩილაძე, მაკარიძე, ბ. ფერაძე (არაბიძე, 68).
|
|