10.06.2018
გექსა-თრიკი ზესტაფონის ბაზაზე
2018 წლის 10 ივნისს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდებმა ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩები გამართეს. "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის ზესტაფონის ბაზაზე გამართულ შეხვედრებში მარგველმა თხუთმეტ- და ჩვიდმეტწლამდელებმა ქობულეთის "შუქურას" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლეს.
ზესტაფონელი ჩვიდმეტწლამდელებისა და მათი მეტოქე ზღვისპირელებისათვის დღევანდელი დაპირისპირება მიმდინარე ჩემპიონატის "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის სასტარტო შეხვედრა გახლდათ. რა გასაკვირია, რომ ორივე კოლექტივის გეგმებში ტურნირის პირველ ტურში დადებითი შედეგის მიღწევა გახლდათ...
მატჩის პირველი ნახევრის სასტარტო მონაკვეთი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა - უკვე მე-2 წუთზე დათო ბებიაშვილის გრძელი გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასულმა ბესო ფერაძემ მასპინძელთა გუნდი დააწინაურა. მაგრამ მალევე, 11-ე წუთზე სტუმართა მცველმა ირაკლი დოლიძემ ანგარიში ისევ საყაიმო გახადა.
ამის შემდეგ მატჩი მასპინძელთა იერიშების აკომპანენმენტით წარიმართა და 19-ე, 32-ე და 40-ე წუთებზე ბესო ფერაძემ ქობულეთელთა გოლკიპერი ლაშა გიორგაძე მის კარში გატანილი კიდევ სამი გოლით დაამწუხრა. შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძელთა დიდი უპირატესობით 4-1 დასრულდა...
მეორე ტაიმის დებიუტში, კერძოდ 52-ე წუთზე, ქობულეთელმა გია აფხაზავამ ანგარიშში სხვაობა ოდნავ შეამცირა. ამ ეპიზოდს კი მარგველთა მორიგი გააქტიურება, ბესო ფერაძის მიერ 56-ე და 57-ე წუთებზე გატანილი გოლები და მის მიერვე დღევანდელ შეხვედრაში გაფორმებული გექსა-თრიკი (ერთი ფეხბურთელის მიერ ერთ მატჩში გატანილი 6 გოლი) მოყვა.
მატჩის საბოლოო ანგარიში კი თამაშის დამთავრებამდე 3 წუთით ადრე დაფიქსირდა - შეხვედრის 77-ე წუთზე ზესტაფონელთა კიდევ ერთი მწვავე შეტევა ბესო ფერაძის მორიგი გოლით უნდა დასრულებულიყო, თუმცა საჯარიმოს მისადგომებიდან მისი დარტყმული სტუმართა კარის ძელმა მოიგერია, ხოლო დამატებაზე ყველას დათო ბებიაშვილმა აჯობა და დღევანდელი შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 7-2.
|
10.06.2018. U-17. ”ზესტაფონი” - ”შუქურა” (ქობულეთი) 7-2 |
"ზესტაფონი" (U-17): ა. ფერაძე (გიორგაძე, 78), გ. ღონღაძე, ჭუმბურიძე, სვიანაძე, ნასრაძე (ახვლედიანი, 60), თვალაბეიშვილი (ჯანიაშვილი, 68), დ. ბებიაშვილი, სხილაძე, ღვალაძე (გურული, 74), ფანცულაია, ბ. ფერაძე.
|
* * *
დღესვე ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე ქობულეთელ თანატოლებს ჩვენი კლუბის თხუთმეტწლამდელთა კოლექტივმაც უმასპინძლა. როგორც მოგეხსენებათ, ზესტაფონელთა ეს გუნდი ძირითადად 2004 წელს დაბადებული ბიჭებითაა დაკომპლექტებული, ხოლო U15 მიმდინარე ტურნირში მონაწილეობის უფლება 2003 წელს დაბადენულებსაც აქვთ...
ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, ორმაგად სასიამოვნოა, რომ ზესტაფონელი ჭაბუკები მიმდინარე ჩემპიონატის ყოველ მატჩში თავგანწირვით იბრძვიან. "შუქურასთან" მატჩი მასპინძელთა კარნახით დაიწყო და მათი უპირატესობა ნოდარ ცხადაძის მიერ მე-10 წუთზე ქობულეთელთა კარში გატანილ გოლში აისახა. მასპინძელთათვის სამწუხაროდ, ტაიმის მიწურულს ანგარიშის გათანაბრება ალეკო ანანიძემ მოახერხა და შეხვედრაც საბოლოოდ ფრედ 1-1 დასრულდა....
|
10.06.2018. U-15. ”ზესტაფონი” - ”შუქურა” (ქობულეთი) 1-1 |
"ზესტაფონი" (U-15): ცერცვაძე, კაპანაძე, დ. გაჩეჩილაძე, გურული, ა. ცხადაძე, ფანჩულიძე, ანდრიაძე (თაბუკაშვილი, 51), ნ. ცხადაძე, ბუხრაშვილი, ნებიერიძე (ნ. მახათაძე , 60), მაისურაძე (ლ. ბებიაშვილი, 45).
|
მორიგ მატჩებს ჩვენი ბიჭები შემდეგ უქმეებზე გამართავენ - 16 ივნისს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" U-15 გუნდი გორს ეწვევა და ადგილობრივი "დილას" წარმომადგენელ თანატოლებს დაუპირისპირდება. რაც შეეხება ჩვიდმეტწლამდელებს, ისინი 17 ივნისს სამტრედიას ეწვევიან და ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის U-17 გუნდთან იასპარეზებენ.
|