08.06.2018
სასიამოვნო ფოტორეპორტაჟი ფოთიდან
ჩვენი ინტერნეტგვერდის ერთგულმა მკითხველმა უკვე იცის იმის შესახებ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქვეყნის რამდენიმე ქალაქის სტადიონზე აწარმოებს კომპანია "Lawns of Georgia"-ს მიერ საქართველოშივე წარმოებული უმაღლესი ხარისხის ნატურალური რულონური გაზონის დაგების პროცესს.
როგორც იცით, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მეპატრონეთა ძალისხმევით შექმნილი კომპანია "Lawns of Georgia" განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მის ხელში არსებული ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირებას და შემდგომ განვითარებას. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში კომპანიას ამოქმედებული აქვს მეურნეობა, რომელიც UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი სპორტული დანიშნულების რულონური გაზონების დამზადებითაა დაკავებული.
კომპანიის მიერ წარმოებული საფარის მაღალი ხარისხისა და მისი პატრონაჟის ქვეშ არსებული საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" კუთვნილ ინფრასტრუქტურასთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაზონების შეძენა სწორედ კომპანია "Lawns of Georgia"-საგან გადაწყვიტა.
სოფელ ჭალადიდში უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობს ბალახის მოჭრა და დანიშნულების ადგილამდე მისი ტრანსპორტირება. სადღეისოდ, გაზონის დაგების პროცესი უკვე დასრულებულია ფოთის ცენტრალურ სტადიონზე, ახლა კი რულონური გაზონის ახალ ადგილზე ადაპტაციის რამდენიმეკვირიანი პროცესი მიმდინარეობს.
ბოლოს კი დიდი სიამოვნებით გთავაზობთ რამდენიმე ფოტოსურათს, რომელიც ფოთის საფეხბურთო კლუბ "კოლხეთის" ოფიციალურ facebook-გვერდზე ამ რამდენიმე დღის წინ იქნა გამოქვეყნებული...
|