05.06.2018
ხუთი გოლი "ჩხერიმელასთან"
მიმდინარე წლის 5 ივნისს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXX ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის ტურნირის მეთორმეტე ტურის შეხვედრა, რომელშიც მასპინძელმა "ზესტაფონმა" ხარაგაულის საფეხბურთო კლუბ "ჩხერიმელას" უმასპინძლა.
ზემოიმერული კლუბების დაპირისპირების პირველი ნახევარი მასპინძელთა დიდი უპირატესობით წარიმართა, თუმცა, საგოლე მომენტების სიუხვის მიუხედავად, სტუმართა კარის აღება მხოლოდ ერთხელ მოხერხდა - ხარაგაულელთა კართან 9-ე წუთზე ჩამოწოდებული კუთხური ზუსტი თავურით ლევან ჩიტორელიძემ დააგვირგვინა...
მეორე ტაიმის დაწყების შემდეგ კი შეხვედრა გაცილებით გაიხსნა და უფრო საინტერესო გახდა - მასპინძლები თამაშის მიმდინარეობასაც აკონტროლებდნენ, მომენტებსაც მრავლად ქმნიდნენ და დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მოსული პუბლიკა გატანილი გოლებითაც გაახარეს...
უკვე 47-ე წუთზე, შეტევის მარჯვენა ფლანგიდან აკაკი დვალის კარგი გარღვევისა და სტუმართა საჯარიმოში მისივე ჩამოწოდების შემდეგ, გოლი გიორგი მაკარიძემ გაიტანა, 50-ეზე კი ზესტაფონელთა მეორე გოლის ავტორის ზუსტი გადაცემის შემდეგ თორნიკე ჭურაძემ ანგარიშში სხვაობა სამამდე გაზარდა.
ფეროელებმა თამაშის ტემპი არც ამის შემდეგ დააგდეს და 59-ე წუთზე, ამური საცერაძის გამოზომილი პასის შემდეგ, გიორგი მაკარიძემ დუბლის შესრულება მოახერხა. ხარაგაულელთა რბევა კი შალვა ცქიფურიშვილმა დაასრულა, რომელმაც 80-ე წუთზე დამატებაზე კარგად ითამაშა და დღევანდელი დაპირისპირების საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5-0.
შემდეგ შეხვედრას "ზესტაფონი" 12 ივნისს გამართავს - ამ დღეს ზემოიმერლები ხონის "იმერეთის" მეორე გუნდს ესტუმრებიან ...
|
05.06.2018. ”ზესტაფონი” - ”ჩხერიმელა” (ხარაგაული) 5-0 |
"ზესტაფონი": მახათაძე, ჭურაძე, ხუჯაძე, ვარდოსანიძე, ჩიტორელიძე, ნ. გაჩეჩილაძე (ს. სამხარაძე, 76), ზარნაძე, ცქიფურიშვილი, მაკარიძე, საცერაძე (გ. წითელაშვილი, 71), მაცაბერიძე (ა. დვალი, 40).
|
|