01.06.2018
გამარჯვება "ვერცხლის ლიგის" სტარტზე
მიმდინარე წლის 1 ივნისს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელთა გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის "ვერცხლის ლიგის" სასტარტო მატჩი გამართა. ფოთის ახალგაზრდული საფეხბურთო სკოლის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ზესტაფონელებს ადგილობრივი "კოლხეთის" წარმომადგენელი გუნდი დაუპირისპირდა.
დღევანდელი შეხვედრა ფოთელი და ზესტაფონელი ჭაბუკებისათვის, რომლებმაც ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ნაკლებად წარმატებულად იასპარეზეს და "ოქროს ლიგის" საგზურების მოპოვება ვერ შეძლეს, თხუთმეტ წლამდე ჭაბუკთა "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის ტურნირის სასტარტო მატჩი გახლდათ.
მატჩი, მოლოდინისამებრ, დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა... შეხვედრა სტუმართა შეტევებით დაიწყო და უკვე 6-ე წუთზე ზესტაფონელთა მიერ კარგად გათამაშებული კომბინაცია, დათო გაჩეჩილაძის გამოზომილი ჩაწოდების შემდეგ, ნიკა ჭუმბურიძის ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა. შეხვედრის პირველი ნახევარიც სტუმართა მინიმალური უპირატესობით 1-0 დასრულდა...
მეორე ტაიმის სადებიუტო ნაწილი უკვე მასპინძელთა შეტევებით წარიმართა - ფოტელებმა თამაში სტუმართა ნახევარზე გადაიტანეს და უკვე 37-ე წუთზე ანგარიშში წონასწორობის აღდგენა მოახერხეს - იმერელთა დაცვის უყურადღებობით კარგად ისარგებლა ზღვისპირელთა შემტევმა ილია შამათავამ ...
ანგარიშის გათანაბრების შემდეგ ისევ სტუმრები გააქტიურდნენ და 41-ე წუთზე მათი კიდევ ერთი კარგი შეტევა შორი მანძილიდან ზუსტი და ძლიერი დარტყმით ნოდარ ცხადაძემ დააგვირგვინა. დარჩენილ დროში, ორივე გუნდის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა - ზესტაფონელთა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება - 2-1.
"ვერცხლის ლიგის" მომდევნო შეხვედრებს მარგველი ჭაბუკები 10 ივნისს გამართავენ - ამ დღეს "ზესტაფონის" ორივე გუნდი (U15 და U17) ქობულეთის "შუქურას" წარმომადგენლებს ზესტაფონში მდებარე საკუთარ ბაზაზე უმასპინძლებს. მატჩები 16:00 და 18:00 საათზე დაიწყება...
|
01.06.2018. U-15. ”კოლხეთი” (ფოთი) - ”ზესტაფონი” 1-2 |
"ზესტაფონი" (U-15): გიორგი არაბიძე, დ. გაჩეჩილაძე, მ. კაპანაძე, ა. ცხადაძე, გურული (თაბუკაშვილი, 29), ანდრიაძე (მაისურაძე, 57), ნ. ჭუმბურიძე, ნებიერიძე, ბუხრაშვილი (ნ. მახათაძე, 57), ნ. ცხადაძე.
|
|