30.05.2018
ქართული ფეხბურთი მინდვრების მოლოდინში
ჩვენ უკვე ვიუწყებოდით იმის შესახებ, რომ კომპანია "Lawns of Georgia", რომელიც საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელის ბატონი ილია კოკაიას დიდი ძალისხმევითაა შექმნილი, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქის სტადიონებზე თავად კომპანიის მიერვე საქართველოში წარმოებული მწვანე საფარის დაგებას ახორციელებს.
ცნობილი ამბავია, რომ ჩვენი კლუბი და მისი პარტნიორი კომპანია დიდ ყურადღებას აქცევენ მათ ხელში არსებული ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირებასა და შემდგომ განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, კომპანია "Lawns of Georgia"-ს ძალებით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ამოქმედებულ იქნა მეურნეობა, რომელიც UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი სპორტული დანიშნულების რულონური გაზონების დამზადებითაა დაკავებული.
ჩვენ უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, "Lawns of Georgia"-ს მიერ წარმოებული მწვანე საფარის აღიარებული ხარისხისა და ამ კომპანიის პატრონაჟის ქვეშ არსებული საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" კუთვნილ ინფრასტრუქტურასთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, საფეხბურთო სტადიონებზე საქართველოშივე წარმოებული უმაღლესი ხარისხის ნატურალური საფარის დაგების მიზნით, გაზონების შეძენა სწორედ კომპანია "Lawns of Georgia"-საგან გადაწყვიტა.
სოფელ ჭალადიდში უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობს რულონური გაზონის მოჭრა და ახალი დანიშნულების ადგილამდე მისი ტრანსპორტირება. ჩვენი საიტის ერთგულ მომხმარებელს კი ვაცნობებთ, რომ სადღეისოდ, ფოთის ცენტრალურ სტადიონზე გაზონის დაგების პროცესის დასრულების შემდეგ, სამუშაოების ეპიცენტრმა ეროსი მანჯგალაძის სახელობის სამტრედიის სტადიონისკენ გადაინაცვლა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ უახლოეს დღეებში სამუშაოები ქობულეთის "ჩელე-არენაზეც" დაიწყება.
|