28.05.2018
მეორე წრის წარუმატებელი სტარტი
მიმდინარე წლის 28 მაისს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის მორიგი მატჩი გამართა. დაბა ხარაგაულის მურთაზ და სოსო აბაშიძეების სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ჩვენი გუნდი ზესტაფონის "მარგვეთი-2006"-ს დაუპირისპირდა.
ჩვენ უკვე ვიუწყებოდით იმის თაობაზე, რომ ჩვენმა კლუბმა თანაქალაქელებს ამ მატჩის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ან ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე უსასყიდლოდ ჩატარება შესთავაზა, თუმცა ზესტაფონური აუდიტორიის თვალწინ მშვენიერ კონდიციებში მყოფ მინდვრებზე თამაშს ნომინალურმა მასპინძლებმა დაბა ხარაგაულის სტადიონის არასტანდარტული ზომის, მზისა და სიცხისაგან გადამხმარ მინდორზე ასპარეზობა არჩიეს ...
დაახლოებით ოთხი კვირის წინ ამბროლაურში წინასამატჩოდ განვითარებული ამბების მსაგვასად, სტუმართა გუნდმა, ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის საშეჯიბრო დებულებაში დეტალურად აღწერილი წესის თანახმად, მსგავს პირობებში მატჩის გამართვის მიზანშეწონილობის დადგენის მოთხოვნით, წერილობით მიმართა (იხილეთ სრულად) მატჩის მთავარ მსაჯსა და მატჩზე მყოფ მსაჯთა დამკვირვებელს, უნდა ითქვას, რომ საკმაოდ ხანგრძლივი ყოყმანისა და "ზემდგომ ინსტანციებთან" კონსულტაციის შემდეგ მათ მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება მატჩის დათქმულ დროსა და ადგილზე ჩატარების თაობაზე...
დასაწყისშივე უნდა ითქვას, რომ სტუმრებმა ესოდენ უჩვეულო სათამაშო პირობებს საბოლოოდ ალღო ვერ აუღეს და კომბინაციური ფეხბურთის სათამაშოდ მომართული მათი ყველა მცდელობა, ბურთის ფლობაში უდიდესი უპირატესობის მიუხედავად, საბოლოოდ უშედეგო გამოდგა. თავის მხრივ, ნომინალურმა მასპინძლებმა თავის თამაში სტანდარტებიდან მაღალ ჩაწოდებებსა და სწრაფ კონტრიერიშებზე ააწყვეს და ასეთი ტაქტიკის გამოყენებით ოპონენტს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანეს...
საბოლოოდ, მიმდინარე სეზონში ზესტაფონელთა მიერ ჩატარებული ერთ-ერთი უსუსტესი შეხვედრა კანონზომიერი მარცხით 0-2 დასრულდა. გამარჯვებულთა რიგებში გატანილი გოლებითვ თავი ბაკურ გულუამ (44 წუთზე) და კობა კუბლაშვილმა (66 წუთზე) გამოიჩინეს.
შემდეგ მატჩს ზესტაფონელები შინ ხარაგაულის "ჩხერიმელას" წინააღმდეგ 5 ივნისს გამართავენ...
|
28.05.2018. ”მარგვეთი-2006” (ზესტაფონი) - ”ზესტაფონი” 2-0 |
"ზესტაფონი": მახათაძე, ჭურაძე, ხუჯაძე, ჩიტორელიძე, ვარდოსანიძე, ს. სამხარაძე (მაცაბერიძე, 79), ნ. გაჩეჩილაძე, საცერაძე (დვალი, 72), ცქიფურიშვილი, მაკარიძე, ბ. ფერაძე (ზარნაძე, 46).
|
|