27.05.2018
ჭაბუკთა ჩემპიონატის პირველი ეტაპი დასრულდა
2018 წლის 27 მაისს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასკვნითი, რიგით მეათე ტურის მატჩი გამართა. საჩხერის ხელოვნურსაფარიან სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ზესტაფონელებს ადგილობრივი "ჩიხურას" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.
"ოქროს ლიგაში" მოსახვედრად ზესტაფონელებს, საჩხერელებთან შეხვედრაში წარმატების მოპოვების გარდა, "ტორპედო" - "სამტრედიის" დღესვე გასამართ შეხვედრაში სამტრედიელთა გულშემატკივრობა უწევდათ, რადგანაც "ტორპედოს" გამარჯვვების შემთხვევაში "ოქროს ლიგის" საგზურს სწორედ ქუთათურები ეუფლებოდნენ...
მატჩი ტერიტორიისა და უპირატესობის დასაუფლებლად გამართული დიდი ბრძოლითა და ორმხრივი შეტევებით დაიწყო. თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ - 24-ე წუთზე მათი ერთ-ერთი სწრაფი იერიში ზუსტი დარტყმით ირაკლი სირაძემ დააგვირგვინა. თუმცა, მალევე ანგარიში ისევ გათანაბრდა - 26-ე წუთზე სტუმართა შეტევა ზუსტი დარტყმით დავით ახვლედიანმა დაასრულა.
მეორე ტაიმის სადებიუტო ნაწილი სტუმართა უპირატესობით წარიმართა - ზესტაფონელებმა თამაში მასპინძელთა ნახევარზე გადაიტანეს და "ჩიხურას" კარის გასაღების ძებნას შეუდგნენ. თავის მხრივ, მასპინძლების საკუთარი "კოზირების" ძიებას კონტრშეტევებზე თამაშით ცდილობდნენ.
საბოლოოდ, ასეთმა ტაქტიკამ შედეგი მასპინძლებს მოუტანა - მათი ერთ-ერთი სწრაფი კონტრიერიშისას სტუმრებმა საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესი დაარღვიეს და 62-ე წუთზე 11-მეტრიანი ნიშნულიდან ზუსტი დარტყმით გიორგი აბაშიძემ საჩხერელ ჩვიდმეტწლამდელებს მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება 2-1 მოუტანა.
* * *
რაც შეეხება "ზესტაფონის" 15-წლამდელებს, რომელთა შემადგენლობაც ძირითადად 2004 წელს დაბადებული ბიჭებითაა დაკომპლექტებული, 17-წლამდელი თანაკლუბელების მსგავსად, პირველი ეტაპის შედეგების გათვალისწინებით "ოქროს ლიგაში" მოხვედრა ვერც მათ მოახერხეს ...
* * *
ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ზესტაფონელ ჩვიდმეტწლამდელებს მეტოქეობას წყალტუბოს "სამგურალის", "სამტრედიის", საჩხერის "ჩიხურას", ბათუმის "დინამოს", ქობულეთის "შუქურას", "ზუგდიდის", ზუგდიდის საფეხბურთო აკადემიის, ს.კ. "გორის" და თბილისის "ვიტ-ჯორჯიას" კოლექტივები გაუწევენ.
რაც შეეხება თხუთმეტწლამდელებს, მათ ჯგუფში წყალტუბოს "სამგურალი", მარტვილის "მერანი", საჩხერის "ჩიხურა", მარტვილის "სალხინო", ქობულეთის "შუქურა", "ზუგდიდი", ფოთის " კოლხეთი", გორის "დილა" და თბილისის "ვიტ-ჯორჯია" იასპარეზებენ.
|
27.05.2018. U-17. ”ჩიხურა” (საჩხერე) - ”ზესტაფონი” 2-1 |
"ზესტაფონი" (U-17): ა. ფერაძე, ბ. ღონღაძე (გ. ღონღაძე, 51), სვიანაძე, ნასრაძე, თ. ჭუმბურიძე, ახვლედიანი, თვალაბეიშვილი (ნ. ჭუმბურიძე, 61), სხილაძე, ჯანიაშვილი, ფანცულაია, ღვალაძე.
|
|