25.05.2018
ჩემპიონატის მეორე წრის სტარტზე
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველი გუნდი მორიგი შეხვედრებისათვის მზადებას შეუდგა. როგორც უკვე გაუწყეთ, მარგველთა გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ადგილობრივი სპეციალისტი მალხაზ ღონღაძე ასრულებს, ასისტენტობას კი მას ამ ეტაპზე 15-წლამდელთა გუნდის დამრიგებელი მამუკა ფუტკარაძე უწევს.
გუნდის თითქმის ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და მოახლოვებული მატჩებისათვის მაქსიმალური კონცენტრაციით ემზადება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდა თბილისის "ლოკომოტივის" ფორვარდი შოთა შეყილაძე, რომელიც მშობლიურ ქალაქში სასკოლო გამოცდების ჩასაბარებლად იმყოფებოდა...
გუნდის შემადგენლობაში 3 ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა - გუნდს 25 წლის ნახევარმცველი ირაკლი ზარნაძე, 20 წლის ფორვარდი გიორგი წითელაშვილი და 18 წლის მცველი აკაკი დვალი შეუერთდნენ. სამივე ფეხბურთელი ადგილობრივი საფეხბურთო სკოლის აღზრდილი გახლავთ...
ბოლოს კი მოგახსენებთ, რომ მორიგ შეხვედრას "ზესტაფონი" 28 მაისს გამართავს - ამ დღეს, ჩემპიონატის პირველი ეტაპის მეორე წრის სასტარტო შეხვედრაში, ჩვენი გუნდი ადგილობრივი სპორტული სკოლის საფეხბურთო გუნდ "მარგვეთი-2006"-ს დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ჩვენმა კლუბმა თანაქალაქელებს ამ მატჩის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ან ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე უსასყიდლოდ ჩატარება შესთავაზა, თუმცა ნომინალურმა მასპინძლებმა მშვენიერ კონდიციებში მყოფ მინდვრებზე თამაშს დაბა ხარაგაულის სტადიონის საეჭვო ზომისა და ხარისხის მინდორზე ასპარეზობა არჩიეს ...
ჩვენ კი ზესტაფონელთა ერთ-ერთი ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ...
|