22.05.2018
გაზეთ "ლელოს" პუბლიკაცია
სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ჟურნალისტ მერაბ მამულაშვილის ძალიან საინტერესო პუბლიკაცია, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ამ პროექტებში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონისა" და მისი პარტნიორი კომპანიის ჩართულობას მიეძღვნა. ჩვენ კი ამ პუბლიკაციას უცვლელად გთავაზობთ.
"ბოლო დროს რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, რომელმაც ჩვენი ინტერესი მიიქცია.
რამდენიმე სტადიონზე მოედნის საფარს ფეხბურთის ფედერაცია აგებს. შესაძლოა, 6 ქალაქიდან პროექტის ინფრასტრუქტურული ნაწილი ყველგან არ განხორციელდეს - რუსთავში ჯერაც გაურკვევლობაა, ხოლო სამტრედიაში ფინანსები იყო მოსაძიებელი.
მოედნების გაუმჯობესებაზე არა სახელმწიფო კლუბი, არამედ კერძო კლუბი ზრუნავს. ამ ყველაფერზე ჩვენი წერილიდან შეიტყობთ...
"ზესტაფონის" ბაზა განახლდა
ხარისხიანი სავარჯიშო საფარის დეფიციტის პირობებში, თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე მოედნები გუნდებს შვებად მოევლინა...
რამდენიმე წელია, რაც ეს მოედნები ძალიან დაიტვირთა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და კლუბს შორის არსებობს ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ეროვნული ნაკრები ოფიციალური და ამხანაგური მატჩებისთვის სწორედ "ზესტაფონის" ბაზაზე ემზადება.
გარდა ამისა, ბოლო წლებში ბაზაზე საწვრთნელი შეკრება არაერთმა ქართულმა, ირანულმა და აზერბაიჯანულმა გუნდმა გაიარა, ასევე ემზადებოდნენ საქართველოს U21, U19 და U17 ნაკრებები, ხოლო 2017 წლის ივნისში საქართველოში გამართული რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო თასის დროს - ირლანდია და ახალი ზელანდია.
ზესტაფონელთა საფეხბურთო კომპლექსში მომზადების სურვილს სხვადასხვა ქვეყნის მრავალი საკლუბო თუ სანაკრებო გუნდი ახლაც გამოთქვამს...
ცხადია, მოედანს მოვლა და განახლება სჭირდება და "ზესტაფონის" ცნობით, ახლა კლუბის თბილისურ ბაზაზე საფარის განახლება მიმდინარეობს. ეს გეგმური სამუშაოებია, რომელსაც კომპანია "Lawns of Georgia" აწარმოებს. საინტერესოა, რომ ივნისში ამ მოედნებზე საზაფხულო "კემპს" ცნობილი იტალიური გრანდი, მილანის "ინტერი" გამართავს.
მოედნის განახლება-მოწესრიგება ზესტაფონურ ბაზასა და დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზეც მიმდინარეობს. არენის მწვანე საფარსა და კლუბის ბაზაზე არსებულ სამივე ბუნებრივსაფარიან მინდორზე ამ პერიოდისათვის აუცილებელი სამუშაოები ჩატარდა.
ბალახის საფარს ფოთშიც აგებენ
ფოთის "კოლხეთი 1913" "ფაზისის" სტადიონის რეაბილიტაციას 2010 წლიდან ელოდება. სავარაუდოდ, მშენებლობა აგვისტოში ეროვნული ლიგის თამაშების სამასპინძლოდ მზად იქნება. ეს "ლელოსთან" ვახტანგ თოფურიამ განაცხადა, რომელიც "კოლხეთი 1913"-ის გულშემატკივართა მეკავშირეა, მაგრამ რეალურად კლუბში მეტი ფუნქცია გააჩნია - მათ შორის, სტადიონის მშენებლობას კურირებს.
"ბალახის საფარის დაგება გუშინ დაიწყო. როგორც ცნობილია, ეს და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით ხორციელდება. საფარის რულონები ფოთთან ახლოს მდებარე (ჭალადიდი) მეურნეობიდანაა.
შესაძლოა, ეს ბევრმა არ იცოდეს, მაგრამ აქ უმაღლესი ხარისხისაა. ... მას ის კომპანია ამზადებს, რომლის საფარიც თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზასა და ზესტაფონის სტადიონზე დააგეს.
ისეთი მაღალი ტემპით მუშაობენ, სავარაუდოდ, ერთ კვირაში მოედნის დაგება დასრულდება. სარწყავი და სადრენაჟო სისტემა კი 6 წლის წინ გააკეთეს და კარგ მდგომარეობაში იყო", - ამბობს თოფურია"...
|