15.05.2018
მნიშვნელოვანი გამარჯვება ტორპედოელებთან შეხვედრაში
მიმდინარე წლის 15 მაისს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXX ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის გათამაშების მეცხრე ტურის შეხვედრა, რომელშიც მასპინძელმა "ზესტაფონმა" ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" მეორე გუნდს უმასპინძლა.
დასაწყისში უნდა ითქვას იმის თაობაზე, რომ დღევანდელ შეხვედრაში მასპინძელთა ახალგაზრდულ კოლექტივს გაუძღვა 48 წლის ადგილობრივი სპეციალისტი მალხაზ ღონღაძე, რომელიც უახლოეს პერიოდში მარგველთა გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობას შეასრულებს...
რაც შეეხება ქუთათურებს, ისინი, ჩემპიონატის წინა მატჩებისაგან განსხვავებით, ზესტაფონს გაძლიერებული შემადგენლობით ეწვივნენ - ბიძინა მახარობლიძე, მერაბ მეგრელაძე, ლაშა კუჭუხიძე და შალვა ფურცხვანიძე მიმდინარე სეზონის მანძილზე "ტორპედოს" ძირითადი გუნდი შემადგენლობაში არაერთგზის გამოჩენილან.
ზესტაფონურ-ქუთაისური დაპირისპირების პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით, თუმცა მთლიანობაში თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. გუნდები ბურთისა და ტერიტორიისთვის გამალებით იბრძოდნენ და ასეთ თამაშში მომენტები იშვიათად იქმნებოდა.
ზესტაფონელთაგან გოლის გატანა ნახევარმცველ შალვა ცქიფურიშვილს შეეძლო, თუმცა მის დარტყმულს სტუმართა კიპერი გაუმკლავდა. ტაიმის ბოლოს კი გოლის გატანასთან ახლოს ქუთაისელები იყვნენ, მაგრამ ამ ეპიზოდში დიდიოსტატურად ითამაშა მასპინძელთა გოლკიპერმა გია მახათაძემ და შესვენებისთვის ტაბლოზე 0-0 იყო დაფიქსირებული...
მეორე ტაიმის დაწყების შემდეგ შეხვედრა უფრო საინტერესო გახდა - თამაშის მიმდინარეობას ძირითადად მასპინძლები აკონტროლებდნენ, სტუმრები კი თავის სიტყვის თქმას კონტრიერიშების მეშვეობით ცდილობდნენ...
ზესტაფონელთა მიერ რამდენიმე გაცუდებული მომენტის შემდეგ, 75-ე წუთზე მათ ანგარიშში დაწინაურება მაინც მოახერხეს - სწრაფი მრავალსვლიანი კომბინაციის გათამაშების შემდეგ, შეტევაში დროულად ჩართულმა ამური საცერაძემ ზუსტი დარტყმით თავის გუნდი წინ გაიყვანა.
მატჩის დასკვნით ნაწილში ქუთათურებმა მატჩის გადასარჩენად გაიწიეს და ზესტაფონელებს სწრაფი კონტრშეტევებისათვის სივრცე გაუთავისუფლდათ. მასპინძლებმა რამდენიმე უმწვავესი შეტევა გააცუდეს და ბოლოს ამისათვის კინაღამ დაისაჯნენ - ქუთაისელთა დასკვნითი შეტევისას მარგველები მათივე მცველის თორნიკე ჭურაძის თავგანწირულმა გარჯამ გადაარჩინა.
შედეგად, ზესტაფონელებმა ქუთაისელებთან დაძაბულ მატჩში მინიმალური ანგარიშით 1-0 გაიმარჯვეს და საქართველოს XXX ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის გათამაშების პირველი წრის დასრულების შემდეგ სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზე აინაცვლეს.
შემდეგ შეხვედრას კი ზემოიმერლები 28 მაისს გამართავენ - ამ დღეს "ზესტაფონი" თანაქალაქელ საფეხბურთო გუნდ "მარგვეთი-2006"-ს დაუპირისპირდება...
|
15.05.2018. ”ზესტაფონი” - ”ტორპედო-2” (ქუთაისი) 1-0 |
"ზესტაფონი": მახათაძე, ჭურაძე, ხუჯაძე, ვარდოსანიძე, გ. სამხარაძე, ს. სამხარაძე, ნ. გაჩეჩილაძე, ცქიფურიშვილი (ბუბულაშვილი, 80), მაკარიძე, ბ. ფერაძე (არაბიძე, 72), საცერაძე (მაცაბერიძე, 90).
|
|