13.05.2018
ჭაბუკებმა წყალტუბოელები დაამარცხეს
2018 წლის 13 მაისს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდებმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩები გამართეს. პირველობის მეცხრე ტურის შეხვედრებში ზესტაფონელმა თხუთმეტ- და ჩვიდმეტწლამდელებმა წყალტუბოს "სამგურალის" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლეს.
დღევანდელ მატჩამდე ზესტაფონელი ჩვიდმეტწლამდელები ჩემპიონატის "ბ" ჯგუფის სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე იმყოფებოდნენ და პირველი ეტაპის შედეგების გათვალისწინებით "ოქროს ლიგის" საგზურის მოპოვების შანსის შესანარჩუნებლად მათ დღევანდელ შეხვედრაში წყალტუბოელების დამარცხება აუცილებლად ესაჭიროებოდათ...
მატჩის პირველი ნახევარი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა - მასპინძელმა ნიკა ჭანტურიძემ თავის გუნდი 18-ე წუთზე დააწინაურა, თუმცა ზუსტად 3 წუთში (21-ე წუთი) სტუმარმა რევაზ ხინგავამ ანგარიში ისევ საყაიმო გახადა. პირველი ტაიმი ორმხრივ იერიშებში კი მიმდინარეობდა, თუმცა 32-ე წუთზე გურამ ვარდანიძემ წინ უკვე წყალტუბოელები გაიყვანა. ტაიმიც სტუმართა მინიმალური უპირატესობით 1-2 დასრულდა...
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მარგველები ძალიან გააქტიურდნენ. მათ გამალებით შეუტიეს "სამგურალის" კარს და უკვე 47-ე წუთზე შოთა ფანცულაიამ ანგარიშში თანაფარდობა კიდევ ერთხელ აღადგინა. თუმცა, 55-ე წუთზე წინ ისევ სტუმრები გავიდნენ - გურამ ვარდანიძემ ამჯერად 11-მეტრიანის გამოყენება მოახერხა.
მასპინძლები თამაშის სცენარის სათავისოდ შეცვლას კიდევ ერთხელ შეეცადნენ. ისინი ბევრს აქტიურობდნენ და 62-ე წუთზე, შოთა ფანცულაიას ხანგრძლივი ინდივიდუალური სოლო-რეიდისა და ზუსტი დარტყმის შემდეგ, ანგარიშში თანაფარდობა კიდევ ერთხელ იქნა აღდგენილი.
მატჩის ბედი კი თამაშის დამთავრებამდე 4 წუთით ადრე, შეხვედრის 76-ე წუთზე გადაწყდა - დათო ბებიაშვილის "სამგურალის" საჯარიმოში წაქცევისათვის დანიშნული პენალტი გოლად მასპინძელმა შემტევმა ბესო ფერაძემ აქცია და დღევანდელი შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 4-3.
დასკვნითი, 10-ე ტურის შეხვედრას ზესტაფონელები საჩხერეში, ადგილობრივი "ჩიხურას" წინააღმდეგ 27 მაისს გამართავენ. "ოქროს ლიგაში" მოსახვედრად მათ, თავის შეხვედრაში წარმატების მოპოვების გარდა, იმავე დღეს გასამართ "ტორპედო" - "სამტრედიის" შეხვედრაში სამტრედიელთა გულშემატკივრობა უწევთ, რადგან "ტორპედოს" გამარჯვვების შემთხვევაში "ოქროს ლიგის" საგზურს სწორედ ქუთათურები მოიპოვებენ...
|
13.05.2018. U-17. ”ზესტაფონი” - ”სამგურალი” (წყალტუბო) 4-3 |
"ზესტაფონი" (U-17): ა. ფერაძე, ჭუმბურიძე, სვიანაძე (თვალაბეიშვილი, 41), ნასრაძე, გ. ღონღაძე, ახვლედიანი, დ. ბებიაშვილი, ღვალაძე (ჯანიაშვილი, 67), ფანცულაია, ბ. ფერაძე, ჭანტურიძე.
|
* * *
დღესვე ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე წყალტუბოელ თანატოლებს ჩვენი კლუბის თხუთმეტწლამდელთა კოლექტივმაც უმასპინძლა. როგორც მოგეხსენებათ, ზესტაფონელთა ეს გუნდი ძირითადად 2004 წელს დაბადებული ბიჭებითაა დაკომპლექტებული, ხოლო U15 მიმდინარე ტურნირში მონაწილეობის უფლება 2003 წელს დაბადენულებსაც აქვთ...
ყოველივე ზემოთ ნახსენების გათვალისწინებით, ორმაგად სასიამოვნოა, რომ ზესტაფონელმა ჭაბუკებმა მიმდინარე ჩემპიონატში მორიგი გამარჯვების მოპოვება შეძლეს. "სამგურალთან" მატჩი მასპინძელთა დიდი სათამაშო უპირატესობნით წარიმართა და საბოლოოდ, ეს უპირატესობა წყალტუბოელთა კარში გატანილ ორ გოლში აისახა - 2-0. გამარჯებულთა რიგებში გატანილი გოლებით თავი ნიკოლოზ მახათაძემ (1 წთ) და ნიკა ჭუმბურიძემ (12 წთ) გამოიჩინეს...
|
13.05.2018. U-15. ”ზესტაფონი” - ”სამგურალი” (წყალტუბო) 2-0 |
"ზესტაფონი" (U-15): არაბიძე, გურული, დ. გაჩეჩილაძე, ნ. ჭუმბურიძე, კაპანაძე, ფანჩულიძე, ა. ცხადაძე (კვირიკაშვილი, 61), ანდრიაძე (მაისურაძე, 45), ნ. ცხადაძე, ბუხრაშვილი (ლ. ბებიაშვილი, 55), ნ. მახათაძე (დ. ტაბატაძე, 48).
|
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მორიგ მატჩებს ჩვენი ბიჭები 27 მაისს გამართავენ - ამ დღეს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" U-15 და U-17 გუნდები საჩხერეს ეწვევიან და ადგილობრივი "ჩიხურას" წარმომადგენლებთან ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასკვნითი, მეათე ტურის შეხვედრებს გამართავენ.
|