საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ქომაგსა და ჩვენი საიტის ერთგულ მკითხველს კარგად ემახსოვრება დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ამ რამდენიმე წლის წინ განვითარებული ამბები, როდესაც უხვი ნალექისა და გრიგალის გამო სტადიონი ზედიზედ ორჯერ დაიტბორა და მას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა...
როგორც გახსოვთ, ერთ-ერთ მთავარ "ცხელ წერტილად" მაშინ იქცა სტადიონზე არსებული ფიტნეს-დარბაზი, რომელმაც სტიქიის დარტყმა ორჯერ მიიღო - თანამედროვე სავარჯიშო დანადგარებით აღჭურვილი ცენტრის რამდენიმეჯერ დატბორვის შემდეგ, ნგრევის საქმე დაასრულა იმერეთში ამოვარდნილმა გრიგალმა, რომელმაც დარბაზში ჭერი ჩამოშალა.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ხელმძღვანელობის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება დარბაზის აღდგენის შესახებ. აღდგენითი სამუშაოების შესრულება სტადიონის ადმინისტრაციას დაევალა და იმერელთა სავარჯიშო ცენტრის რემონტი სულ მოკლე ვადაში დასრულდა კიდეც. დღესდღეობით ფიტნეს-დარბაზში "ზესტაფონის" პირველი და ჭაბუკთა ლიგაში მოასპარეზე გუნდების ფეხბურთელები ემზადებიან.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური კი ფიტნეს-დარბაზის სადღეისო მდგომარეობის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ ...