Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

08.05.2018

 

 

 

 

 

 

 

 

დრამატული სათასო დაპირისპირება

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 8 მაისს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის XXIX გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა, რომელშიც მასპინძელმა "ზესტაფონმა" მესამელიგელ საფეხბურთო კლუბ "გარდაბანს" უმასპინძლა.

 

თასის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზესტაფონელთა მეტოქე ეროვნული ლიგა-3-ს მიმდინარე 20-გუნდიანი გათამაშების ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელი და ეროვნულ ლიგა-2-ში დასაწინაურებლად მებრძოლთა მარაქაში გარეული ერთ-ერთი კოლექტივი გახლავთ. ქვემოქართლულ გუნდში რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი ასპარეზობს...

 

მატჩი ზედალიგელ გარდაბნელთა ტერიტორიული უპირატესობით დაიწყო - საწყის წუთებში ზესტაფონელებს სასტარტო მღელვარება აშკარად ეტყობოდათ, ბურთს ძირითადად სტუმრები აკონტროლებდნენ და თამაში ძირითადად მოედნის მასპინძელთა ნახევარზე მიმდინარეობდა.

 

ზესტაფონელთა ახალგაზრდული კოლექტივი გონს მალევე მოეგო და დროის სულ მოკლე მონაკვეთში "გარდაბნის" კართან ერთი მეორეზე უკეთესი ორი იერიში განახორციელა - ჯერ სტუმართა დაუცველი კარის წინ აღმოჩენილ ამური საცერაძეს დარტყმა დაუგვიანდა და მას მცველმა დაასწრო, შემდეგ კი აშკარა საგოლე ეპიზოდი შეექმნა ბესო ფერაძეს, რომელიც სტუმართა მეკარე არჩილ მაქაცარიასთან პირისპირ გავიდა, ბურთი მას თავზე გადაუგდო, თუმცა ეს ოდნავ არაზუსტად გააკეთა...

 

საგოლე მომენტების განიავებას კი, როგორც ეს ფეხბურთში ხშირად ხდება, გამნიავებლის კარში გასული გოლი მოჰყვა - 32-ე წუთზე ზაქარია ბასილაშვილმა წინ ქვემოქართლელები გაიყვანა. ამის შემდეგ უპირატესობას უკვე იმერლები დაეუფლნენ და 41-ე წუთზე, სტუმართა საჯარიმოში გოგა არაბიძის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი, გოლად გუნდის კაპიტანმა ნოდარ გაჩეჩილაძემ აქცია...

 

შეხვედრის მეორე ნახევარი საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა - ზესტაფონელები ბევრს უტევდნენ, სტუმრები კი ბედს სწრაფ კონტრიერიშებში ეძიებდნენ. საბოლოოდ, თამაშის ასეთმა მიმდინარეობამ წარმატება არცერთ მხარეს არ მოუტანა და დღევანდელი შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1-1 დასრულდა.

 

მატჩის არბიტრმა ბორის გლუშჩუკმა 2 თხუთმეთწუთიანი ტაიმი დანიშნა და პირველივე დამატებითი ტაიმის დებიუტში (96-ე წუთი) გამოცდილმა ლაშა ჩაფიძემ, რომელსაც კარიერის განმავლობაში უმაღლესი ლიგის სხვადასხვა კლუბში უასპარეზია, წინ ისევ ქვემოქართლელები გაიყვანა.

 

ზესტაფონელებმა თამაშის გადასარჩენად გაიწიეს და მეორე დამატებითი ტაიმის მიმდინარეობისას მათ ანგარიშის ისევ გათანაბრების ორი კარგი შანსი მიეცათ - თავიდან შეტევის მარცხენა ფლანგიდან მახარე მაცაბერიძის ჩაწოდებისა და თორნიკე ჭურაძის ზუსტი თავურის შემდეგ საკუთარი გუნდი სტუმართა გოლკიპერმა გადაარჩინა, მერე კი კუთხურის შემდეგ გარდაბნელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობისას, ერთბაშად რამდენიმე მარგველმა ვერ მოახერხა გადამწყვეტი დარტყმის განხორციელება...

 

საბოლოოდ კი, შეტევებში გართულ ზესტაფონელებს, სტუმართა კონტრაქცია გამოეპარათ და 116-ე წუთზე ირაკლი ხუჭუამ დღევანდელი ძალიან საინტერესო და დაძაბული შეხვედრის საბოლოო ანგარიში ოდნავ კურიოზულად განვითარებული შეტევის შემდეგ დააფიქსირა - გარდაბნელთა გამარჯვება ანგარიშით 3-1.

 

შემდეგ მატჩს ზესტაფონელები 15 მაისს გამართავენ - საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის გათამაშების პირველი წრის დასკვნითი, მეცხრე ტურის შეხვედრაში "ზესტაფონი" შინ ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" მეორე გუნდს უმასპინძლებს...

 

 

08.05.2018. ”ზესტაფონი” - ”გარდაბანი” 1-3 (დამატებით დროში)

"ზესტაფონი": მახათაძე, ჭურაძე, ჩიტორელიძე (გ. სამხარაძე, 96), ხუჯაძე, ვარდოსანიძე, საცერაძე (მაცაბერიძე, 98), ნ. გაჩეჩილაძე, ს. სამხარაძე, ცქიფურიშვილი, ბ. ფერაძე, არაბიძე (მაკარიძე, 57).

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018