05.05.2018
ჭაბუკები ქუთაისს ესტუმრნენ
მიმდინარე წლის 5 მაისს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის მორიგი, რიგით მერვე ტურის მატჩები გამართა. ქუთაისის "ტორპედოს" ბაზაზე გამართულ შეხვედრაში ზესტაფონელებს ადგილობრივი კლუბის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.
ქუთაისელ და ზესტაფონელ ჩვიდმეტწლამდელთა გუნდების დაპირისპირება, რომლებიც დღევანდელ მატჩამდე ჭაბუკთა მიმდინარე პირველობის "ბ" ჯგუფის სატურნირო ცხრილში მეორე-მესამე პოზიციებზე იმყოფებოდნენ, მოლოდინისასმებრ, დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა...
მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო და საწყის წუთებში ქუთაისელებს ძირითადად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვა უწევდათ. უკვე 10-ე წუთზე, ზესტაფონელთა მიერ კარგად გათამაშებული სტანდარტი, დათო ბებიაშვილის გამოზომილი ჩაწოდების შემდეგ, მიშა სხილაძის შესრულებული ზუსტი თავურით დაგვირგვინდა. შეხვედრის პირველი ნახევარიც სტუმართა მინიმალური უპირატესობით დასრულდა...
მეორე ტაიმის სადებიუტო ნაწილი კი უკვე მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა - ქუთაისელებმა თამაში სტუმართა ნახევარზე გადაიტანეს და უკვე 48-ე წუთზე ანგარიშში წინასწორობის აღდგენა მოახერხეს - სტუმართა დაცვის უყურადღებობით გიორგი ჩხაბერიძემ კარგად ისარგებლა...
ანგარიშის გათანაბრების შემდეგ მასპინძლები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და 58-ე წუთზე მათი კიდევ ერთი სწრაფი იერიში ზუსტი დარტყმით გივი მუკბანიანმა დააგვირგვინა და ქუთაისელ ჩვიდმეტწლამდელებს უ მნიშვნელოვანესი გამარჯვება, ანგარიშით 2-1 მოუტანა.
რაც შეეხება ზესტაფონელებს, ისინი სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციას ისევ ინარჩუნებენ, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში განცდილი მარცხის შემდეგ "ოქროს ლიგაში" მათი მოხვედრის შანსები ერთი-ორად შემცირდა... შემდეგ მატჩს ზემოიმერლები 13 მაისს გამართავენ - "ზესტაფონი" წყალტუბოს "სამგურალის" წარმომადგენლებს უმასპინძლებს.
|
05.05.2018. U-17. ”ტორპედო” (ქუთაისი) - ”ზესტაფონი” 2-1 |
"ზესტაფონი" (U-17): ა. ფერაძე, გ. ღონღაძე, ნასრაძე, სვიანაძე, თ. ჭუმბურიძე, ბებიაშვილი, სხილაძე, ფანცულაია, ჭანტურიძე, გურული (ჯანიაშვილი, 71), ღვალაძე.
|
|