03.05.2018
მოულოდნელობებით სავსე ვიზიტი რაჭაში
2018 წლის 3 მაისს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა. ქალაქ ამბროლაურის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ რეგიონული ლიგის "ა" ჯგუფის მერვე ტურის შეხვედრაში მარგველები ადგილობრივ "რაჭას" დაუპირისპირდნენ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დამტკიცებული საქართველოს 2018 წლის ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის საშეჯიბრო დებულების იმ ნაწილში, სადაც საუბარი ამ ტურნირის მიზნებსა და ამოცანებზე მიდის, შავით თეთრზე წერია: "საქართველოს 2018 წლის რეგიონული ლიგის ჩემპიონატი მიზნად ისახავს: 1.1. ფეხბურთის შემდგომ განვითარებასა და პოპულარიზაციას; 1.2. საფეხბურთო გუნდების და მოთამაშეების ოსტატობის ამაღლებას; 1.3. ნაკრები გუნდებისათვის მოთამაშეების მომზადებას; 1.4. რანგით მაღალ ლიგაში გადამსვლელი კლუბების გამოვლენას"...
ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან უკანასკნელის რა მოგახსენოთ, ხოლო, რაც შეეხება წინარე სამს, ამბროლაურის სტადიონზე დღეს განვითარებული ამბები არც ფეხბურთის განვითარება-პოპულარიზაციას ემსახურებოდა, არც გუნდების და მოთამაშეების ოსტატობის დონის ამაღლებას, ნაკრები გუნდებისათვის მოთამაშეების მომზადებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ...
მეტიც, იმის გათვალისწინებით, რომ ინგლისელების მიერ XIX საუკუნის მეორე ნახევარში გამოგონილი ფეხბურთის დღევანდელ წესებში გარკვევითაა აღწერილი სათამაშო მოედნის ზომები (სიგრძე - 100-105 მ.; სიგანე - 64-68 მ.) და მისი საფარის კონდიციებისადმი არსებული მოთხოვნები, ამბროლაურის სტადიონის 79-მეტრიანი (მატჩზე მყოფი ერთ-ერთი ოფიციალური პირის ინფორმაციის მიხედვით) სიგრძის მინდორზე დღევანდელ "ბურთაობას" ჩვენთვის და ჩვენი ვებგვერდის მკითხველისათვის საინტერესო და ძვირფასი სპორტის სახეობასთან კავშირი საერთოდ არ ჰქონია...
სტუმართა გუნდმა, ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის საშეჯიბრო დებულებაში საკმაოდ დეტალურად აღწერილი წესის თანახმად, ასეთ პირობებში მატჩის გამართვის მიზანშეწონილობის დადგენის მოთხოვნით, წერილობით მიმართა (იხილეთ სრულად) მატჩის მთავარ მსაჯსა და მატჩზე მყოფ მსაჯთა დამკვირვებელს, თუმცა, გარკვეული ყოყმანისა და "ზემდგომ ინსტანციებთან" კონსულტაციის შემდეგ, ყველა "შეუსაბამისობის" მიუხედავად, მათ მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება მატჩის დათქმულ დროსა და ადგილზე ჩატარების შესახებ...
მკითხველისადმი დიდი პატივისცემის გათვალისწინებით, თავს შევიკავებთ ასეთ არასაფეხბურთო ვითარებაში აღმოჩენილი ფეხბურთელების "თავგადასავლის" მოყოლისაგან, სათამაშო მოედნისა და სათადარიგოთა "სკამის" დღევანდელი კონდიციები კი შეგიძლიათ ქვემოთ მოყვანილ ფოტომასალაში იხილოთ..
მოკლედ მოგახსენებთ იმას, რომ 90-წუთიანი რაჭულ-იმერული "რანდევუ" დასრულდა ზესტაფონელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4-2. აქვე გეტყვით იმასაც, რომ გამარჯვებულთა რიგებში გატანილი გოლებით თავი ნოდარ გაჩეჩილაძემ (0-1, 14), ორჯერ ბესო ფერაძემ (0-2, 28 და 1-4, 81) და შალვა ცქიფურიშვილმა (0-3, 37) გამოიჩინეს...
რეგიონული ლიგის მიმდინარე ტურნირის პირველ წრეში გასამართი ბოლო ტურის წინ "ზესტაფონი" მეორე ეტაპზე გასვლისათვის ბრძოლაში უახლოეს მდევარ ბაღდათის "საირმეს" უკვე 6 ქულით უსწრებს. შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 8 მაისს გამართავს - დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ზეომიმერლები საფეხბურთო კლუბ "გარდაბანს" უმასპინძლებენ. ეს მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.
|
03.05.2018. ”რაჭა” (ამბროლაური) - ”ზესტაფონი” 2-4 |
"ზესტაფონი": მახათაძე, ჭურაძე, გ. გაჩეჩილაძე, ჩიტორელიძე, ვარდოსანიძე, ს. სამხარაძე, გ. სამხარაძე (საცერაძე, 72), ნ. გაჩეჩილაძე, ცქიფურიშვილი (აბჟანდაძე, 84), ბ. ფერაძე, არაბიძე (მაცაბერიძე, 72),
|
|