27.04.2018
თბილისურ ბაზაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ
უკვე რამდენიმე დღეა თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე სათამაშო მოედნის მწვანე საფარის განახლება მიმდინარეობს...
როგორც მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ჩვენს კლუბს შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე, ქვეყნის ეროვნული ნაკრები ოფიციალური და ამხანაგური მატჩებისთვის მოსამზადებელ შეკრებებს სწორედ თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ჩვენს ბაზაზე ატარებს...
გარდა ამისა, ჩვენს ქვეყანაში უეფას ეგიდით ბოლო წლებში გამართული U21, U19 და U17 ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ყველა შესარჩევი ტურნირის მონაწილე გუნდები სწორედ ზესტაფონელთა თბილისური ბაზის მინდვრებზე ვარჯიშობდნენ...
თბილისში მოქმედი სპორტული კომპლექსის მწვანე მინდვრებზე 2017 წლის ივნისის თვეში საქართველოში გამართული რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო თასის მატჩებისათვის ემზადებოდნენ ამ ტურნირის მონაწილე ირლანდიისა და ახალი ზელანდიის გუნდები...
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენს თბილისურ ბაზაზე საწვრთნელი შეკრება არაერთმა ქართულმა, ირანულმა და აზერბაიჯანულმა საკლუბო გუნდმა გაიარა. ზესტაფონელთა საფეხბურთო კომპლექსის საფეხბურთო მინდვრებზე მომზადების სურვილს სხვადასხვა ქვეყნის მრავალი საკლუბო თუ სანაკრებო გუნდი ახლაც გამოთქვამს, ხოლო ივნისში საზაფხულო "კემპს" მილანის "ინტერი" გამართავს...
არაა ახალი, რომ ჩვენი კლუბი დიდ ყურადღებას აქცევს მის ხელში არსებული ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირებას. სწორედ ამ მიზნით, კომპანია "Lawns of Georgia"-ს ძალებით, თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ბაზაზე ამ დღეებში ხორციელდება სათამაშო მოედნის მწვანე საფარის განახლებასთან დაკავშირებული გეგმიური სამუშოები.
ჩვენ კი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თბილისურ ბაზაზე მიმდინარე სამუშაოების მიმდინარეობის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ ...
|