Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

24.04.2018

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონმა" ბაღდათელები დიდი ანგარიშით დაამარცხა

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 24 აპრილს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXX ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის გათამაშების მეშვიდე ტურის შეხვედრა, რომელშიც მასპინძელმა საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" ბაღდათის საფეხბურთო კლუბ "საირმეს" უმასპინძლა.

 

ზესტაფონურ-ბაღდათური დაპირისპირების პირველი ნახევარი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, ბურთსაც და ტერიტორიასაც სწორედ ისინი აკონტროლებდნენ. სტუმრები კი თამაშის კონტრიერიშებზე აწყობას ლამობდნენ. საბოლოოდ, ორივე მხარის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ტაიმი უგოლოდ 0-0 დასრულდა...

 

მეორე ტაიმის დებიუტში კი ანგარიშის გახსნა სტუმრებმა მოახერხეს - 59-ე წუთზე, მასპინძელთა საჯარიმოს სიახლოვეს დანიშნული სტანდარტის გათამაშების შედეგად, ბაღდათელებმა მასპინძელთა დაცვის უყურადღებობით კარგად ისარგებლეს და შეტევაში ჩართულმა რევაზ ახალაძემ ზუსტი თავურით თავის გუნდი დააწინაურა.

 

ამის შემდეგ ზესტაფონელებმა სტუმრები მოედნის მათსავე ნახევარს მიაჯაჭვეს და "საირმეს" კართან ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე საგოლე ეპიზოდი შექმნეს. ანგარიში 64-ე წუთზე გათანაბრდა - მასპინძელთა მრავალსვლიანი შეტევა საჯარიმოში მაღალი ჩაწოდებითა და გიორგი სამხარაძის ზუსტი დარტყმით დასრულდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს გოლი 18 წლის ზესტაფონელი ნახევარმცველისათვის საფეხბურთო კარიერაში სადებიუტო გამოდგა...

 

75-ე წუთზე წინ უკვე ზესტაფონელები გავიდნენ - ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მათი კიდევ ერთი ხანგრძლივი შეტევის შედეგად ხელსაყრელ პოზიციაზე დარჩა 17 წლის ბესო ფერაძე და ყველაფერი ზუსტად გააკეთა. 89-ე წუთზე ბესო ფერაძემ დუბლის შესრულებაც მოახერხა და დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებულის ვინაობასთან დაკავშირებულ კითხვას საბოლოო პასუხი გასცა. აღსანიშნავია ის, რომ ორივე ეპიზოდში ახალგაზრდა ფორვარდი საგოლე გადაცემებით გუნდის კაპიტანმა ნოდარ გაჩეჩილაძემ მოამარაგა...

 

მატჩის არბიტრმა ალეკო მესხმა 90 წუთს 4 დაამატა და კომპენსირებულ ბოლო წუთზე "დავით აბაშიძეზე" მოსულმა გულშემატკივარმა მასპინძელთა შესრულებით კიდევ ერთი გოლი იხილა - მიმდინარე ჩემპიონატში გატანილი სადებიუტო გოლით თავი გუნდის მცველმა თორნიკე ჭურაძემ გამოიჩინა. ზესტაფონელთა გამარჯვება დიდი ანგარიშით 4-1.

 

შემდეგ შეხვედრას ზესტაფონელები 3 მაისს გამართავენ - ამ დღეს "ზესტაფონი" ამბროლაურს ესტუმრება და ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ "რაჭას" დაუპირისპირდება...

 

 

24.04.2018. ”ზესტაფონი” - ”საირმე” (ბაღდათი) 4-1

"ზესტაფონი": გოგოლაძე, ჭურაძე, გ. გაჩეჩილაძე, ჩიტორელიძე, ვარდოსანიძე, ბუბულაშვილი (ს. სამხარაძე, 85), ნ. გაჩეჩილაძე, ცქიფურიშვილი, საცერაძე (გ. სამხარაძე, 54), არაბიძე (მაცაბერიძე, 54), ბ. ფერაძე.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018