18.04.2018
ისევ ბავშვების სამსახურში
გასული კვირა საკმაოდ დატვირთული გამოდგა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" საკუთრებაში არსებული ხელოვნურსაფარიანი (ე. წ. "ფეროს") მოედნისათვის. საქმე იმაშია, რომ მიხეილ სალაძის სახელობის ზესტაფონის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრთან არსებული საფეხბურთო გუნდ "მარგვეთი-2006"-ს ბავშვთა და ჭაბუკთა გუნდებმა იმერეთის ახლახან დაწყებული ღია პირველობის შეხვედრები სწორედ ჩვენი კლუბის კუთვნილ მოედანზე ჩაატარეს.
ალბათ, არავისთვის არის ახალი ის, რომ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" კუთვნილი ხელოვნურსაფარიანი (ე. წ. "ფეროს") მოედანი სადღეისოდ, ზედიზედ 12-წლიანი ექსპლუატაციის შედეგად, ამორტიზირებულია და შესაბამისად, განახლებას საჭიროებს...
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ 10-12 წლის ჭაბუკთა მატჩები საფეხბურთო მოედნის ნახევარზე იმართება, ბავშვთა ფეხბურთის ხელშეწყობის მიზნითა და მიხეილ სალაძის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის წინაშე არსებული ინფრასტრუქტურული ხასიათის პრობლემების გათვალისწინებით, "ზესტაფონის" მენეჯმენტის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება "მარგვეთი-2006"-ს 2006, 2007 და 2008 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა გუნდებისათვის (მწვრთნელები - მალხაზ ღონღაძე, ოთარ ბოჭორიშვილი და დავით ხუჯაძე), სავარჯიშოდ და მატჩების ჩასატარებლად, ჩვენი ხელოვნურსაფარიანი კომპლექსის დათმობის თაობაზე.
2006 წელს დაბადებულ ჭაბუკთა გუნდების ტურნირს გარი სორდიას სახელობის თასის გათამაშება ეწოდება, 2007-2008 წლებში დაბადებულთა ჩემპიონატი კი მერაბ მეგრელაძის სახელს ატარებს. ორივე ეს ტურნირი იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის მიერ არის ორგანიზებული და მასში იმერეთის, აჭარის, გურიის, სამეგრელოს რაჭა-ლეჩხუმისა და შიდა ქართლის მხარეების წარმომადგენელი საფეხბურთო კოლექტივები ასპარეზობენ...
პატარა ზესტაფონელებმა ორივე ასაკში პირველ საშინაო შეხვედრებში გამარჯვებები მოიპოვეს - 2006 წელს დაბადებულ ჭაბუკთა გუნდმა სამტრედიელი თანატოლები ანგარიშით 2-0 დაამარცხა, ხოლო 2007-2008 წლებში დაბადებულებმა ამავე ანგარიშით ქუთაისის "ტორპედოს" აჯობეს ...
|