Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

16.04.2018

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონი" თასის გათამაშებას გამარჯვებით დაუბრუნდა

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 16 აპრილს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის XXIX გათამაშების პირველი ეტაპის შეხვედრა, რომელშიც მასპინძელმა "ზესტაფონმა" ბათუმის საფეხბურთო კლუბ "დინამოს" მეორე გუნდს უმასპინძლა.

 

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ჩვენი კლუბის წარმომადგენელი გუნდი ეროვნული თასის გათამაშებას, სფფ-ს წინა მენეჯმენტის მიერ "ზესტაფონის" ეროვნული საკლუბო ტურნირებიდან უსამართლოდ მოკვეთით გამოწვეუული 3,5-წლიანი იძულებითი ხასიათის პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. დღეს გამართულ მატჩამდე მარგველთა ბოლო სათასო მატჩს "დავით აბაშიძემ" უმასპინძლა და ის 2014 წლის 26 ნოემბერს გაიმართა...

 

არანაკლები ყურადღების ღირსია ის ამბავიც, რომ დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე სათასო შეხვედრა 1,5-წლიანი პაუზის შემდეგ გაიმართა - 2016 წლის 22 ნოემბერს ჩვენს სტადიონზე გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის 2016 წლის (საშემოდგომო) გათამაშების ფინალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს მარტვილის "მერანი" და ქუთაისის "ტორპედო" შეხვდნენ...

 

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ "ზესტაფონისა" და ბათუმის "დინამოს" წარმომადგენელთათვის დღევანდელი მატჩი რიგით მეოთხე სათასო დაპირისპირება გახლდათ. სამივე წინა შემთხვევაში იმერულ-აჭარული "დუელის" გამარჯვებული ზემოიმერული გუნდი ხდებოდა - "ზესტაფონი" ბათუმელებს 2004-2005, 2006-2007 და 2010-2011 წლების გათამაშებებში გამართული 5 სათასო მატჩიდან 4 მოუგო, ერთ შეხვედრაში კი ფრე დაფიქსირდა...

 

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, გუნდებმა ის აქტიურად დაიწყეს და უკვე მეხუთე წუთისთვის გოლების გაცვლაც მოახერხეს - მე-3 წუთზე სტუმართა კართან კუთხურის ჩამოწოდების მერე თავი ბესარიონ ფერაძემ გამოიჩინა, ხოლო მე-5-ზე "ზესტაფონის" კარში დანიშნული პენალტი გოლად ბათუმელმა რეზო შერვაშიძემ აქცია...

 

მასპინძლებმა თამაშის ტემპს მოუმატეს და მე-16 წუთზე, ლაშა ბუბულაშვილის დროული გადაცემის შემდეგ, მათი სწრაფი იერიში ზუსტი დარტყმით პირველი გოლის ავტორმა ბესარიონ ფერაძემ დააგვირგვინა. იმერლებმა ტაიმის ბოლომდე დარჩენილი წუთებიც აქტიურად ჩაატარეს, თუმცა, საგოლე მომენტების სუსტი რეალიზიციის გათვალისწინებით, შესვენებისთვის ანგარიში აღარ შეცვლილა - 2-1...

 

შეხვედრის მეორე ნახევრის საკმაოდ მშვიდი დასაწყისის შემდეგ, მასპინძლებმა საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ფიქრი ნაადრევად დაიწყეს და თანდათანობით ბურთიც და ტერიტორიაც მეტოქეს გადააბარეს. შედეგად, 72-ე წუთზე, კარგად გათამაშებული სტანდარტის შემდეგ, რიჩარდ ტროფიმოვმა ანგარიში ისევ თანაბარი გახადა...

 

თამაშის ბოლოს ორივე გუნდს დაღლა დაეტყო და ყველაფერი თითქოს დამატებითი დროის დანიშვნისკენ მიდიოდა, თუმცა მატჩის არბიტრის ირაკლი ხერხაძის მიერ ძირითადი დროისათვის კომპენსირებულ მესამე (93-ე) წუთზე ბათუმელთა კარის მიმართულებით დაინიშნა ჯარიმა, რომელიც სტუმართა საჯარიმოში ნოდარ გაჩეჩილაძის მაღალი ჩაწოდებითა და მოედანზე სულ რამდენიმე წუთის შემოსული ამური საცერაძის ზუსტი თავურით დაგგვირგვინდა.

 

შედეგად, ზესტაფონელებმა მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 3-2 დაამარცხეს და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის XXIX გათამაშების მეორე ეტაპზე "სართი"-"გარდაბანის" წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან. თასის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების გამართვა 8 მაისს იგეგმება...

 

შემდეგ საჩემპიონატო შეხვედრას კი ზესტაფონელები 24 აპრილს გამართავენ - ამ დღეს "ზესტაფონი" შინ ბაღდათის საფეხბურთო კლუბ "საირმეს" უმასპინძლებს...

 

 

16.04.2018. ”ზესტაფონი” - ”დინამო-2” (ბათუმი) 3-2

"ზესტაფონი": მახათაძე, ჭურაძე, ჩიტორელიძე, ხუჯაძე, ვარდოსანიძე, ბუბულაშვილი, ნ. გაჩეჩილაძე, გ. სამხარაძე (ыსაცერაძე, 88), მაკარიძე, ბ. ფერაძე, არაბიძე (მაცაბერიძე, 69).

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018