14.04.2018
ჭაბუკთა ორი მატჩი მარტვილში
მიმდინარე წლის 14 აპრილს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდებმა საქართველოს 2018 წლის ეროვნული ჩემპიონატის მორიგი, რიგით მეექვსე ტურის მატჩები გამართეს. მურთაზ ხურცილავას სახელობის მარტვილის სტადიონზე გამართულ შეხვედრებში ზესტაფონელებს ადგილობრივი "მერანის" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.
მარტვილელ და ზესტაფონელ ჩვიდმეტწლამდელთა გუნდების, რომლებიც დღევანდელ მატჩამდე ჭაბუკთა პირველობის "ბ" ჯგუფის სატურნირო ცხრილში პირველ-მეორე პოზიციაზე იმყოფებოდნენ, დაპირისპირება, მოლოდინისასმებრ, დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა...
მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და საწყის წუთებში ზესტაფონელებს საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვა უწევდათ. თუმცა, სასტარტო მღელვარებამ მალევე გაიარა და თამაშის მიმდინარეობაზე კოტროლს მალევე უკვე სტუმრები დაეუფლნენ - გოლის გატანა ნიკა ღვალაძესა და ბესო ფერაძეს მართებდათ, თუმცა მარტვილელები ორივე ეპიზოდში ექს-ზესტაფონელმა გოლკიპერმა გიორგი აბრამიშვილმა გადაარჩინა და ტაიმიც უგოლოდ დასრულდა.
მეორე ტაიმის სადებიუტო ნაწილი სტუმართა უპირატესობით წარიმართა - ზესტაფონელებმა თამაში მასპინძელთა ნახევარზე გადაიტანეს და "მერანის" კარის გასაღების ძებნას გეგმაზომიერად შეუდგნენ. თავის მხრივ, მასპინძლების საკუთარი "კოზირების" ძიებას კონტრშეტევებზე თამაშით ცდილობდნენ.
საბოლოოდ, ასეთმა ტაქტიკამ შედეგი მასპინძლებს მოუტანა - მათი ერთ-ერთი სწრაფი კონტრიერიში ზუსტი დარტყმით მათე ქომეთიანმა დააგვირგვინა და მარტვილელ ჩვიდმეტწლამდელებს მორიგი გამარჯვება, ანგარიშით 1-0 მოუტანა. რაც შეეხება ზესტაფონელებს, მათ "ოქროს ლიგაში" მოსახვედრად, პირველი ეტაპის ბოლომდე დარჩენილ 4 შეხვედრაში დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევთ ...
|
14.04.2018. U-17. ”მერანი” (მარტვილი) - ”ზესტაფონი” 1-0 |
"ზესტაფონი" (U-17): ა. ფერაძე, ნასრაძე, სვიანაძე, ღონღაძე, თ. ჭუმბურიძე, ბებიაშვილი, სხილაძე, ფანცულაია, ჭანტურიძე, ბ. ფერაძე, ღვალაძე (ჯანიაშვილი, 70).
|
* * *
მანამდე კი მარტვილის ხელოვნურსაფარიან არენაზე მასპინძელთა და ზესტაფონელთა თხუთმეტწლამდელთა გუნდები გავიდნენ. შეხვედრა მარტვილელთა სწრაფი გოლით დაიწყო - მათ სტუმართა დაცვისა და მეკარის შეუთანხმებელი თამაშით პირველივე წუთზე მშვენივრად ისარგებლეს...
ამის შემდეგ მთელი პირველი ნახევრის განმავლობაში თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, გუნდებმა ის ორმხრივ იერიშებში გაატარეს, თუმცა გოლების გატანა ვერც მასპინძელმა მერანელებმა და ვერც სტუმარმა იმერლებმა ვეღარ მოახერხეს
მეორე ტაიმში ზესტაფონელები გააქტიურდნენ და ერთმანეთის მიყოლებით მასპინძელთა კართან რამდენიმე სახიფათო იერიში განახორციელეს. გოლის გატანასთან ახლოს დათო ფანჩულიძე, შოთა ნებიერიძე და ნოდარ ცხადაძე (ამ უკანასკნელმა ბურთი მარტვილელთა კარის ძელსაც გაარტყა) იყვნენ, მაგრამ ყველა ხელსაყრელი მომენტი გაანიავეს და შედეგად, გამარჯვებაც მ,ასპინძლებს დარჩათ - 1-0.
|
14.04.2018. U-15. ”მერანი” (მარტვილი) - ”ზესტაფონი” 1-0 |
"ზესტაფონი" (U-15): ცერცვაძე, დ. გაჩეჩილაძე, კაპანაძე, გურული, ნ. მახათაძე (ტაბატაძე, 24), მაისურაძე, ფანჩულიძე, ბუხრაშვილი (ნ. ცხადაძე, 22), ნებიერიძე (თაბუკაშვილი, 67), ანდრიაძე, ნ. ჭუმბურიძე.
|
|