10.04.2018
"ზესტაფონი" ეროვნული თასის გათამაშებას უბრუნდება
როგორც მოგეხსენებათ, 16 აპრილს, 3,5-წლიანი პაუზის შემდეგ, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში ჩაერთვება - ტურნირის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ზეომიმერლები ბათუმის "დინამო-2"-ს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ.
16 აპრილს გასამართი შეხვედრით ზესტაფონელები დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში სტარტს მეთორმეტედ აიღებენ. საინტერესოა, რომ წინა 11 გათამაშებაში მარგველებმა 5-ჯერ მოახერხეს თასის ფინალში გასვლა და ერთხელ (2007-2008 წლების სეზონში) გათამაშების გამარჯვებულები გახდნენ. რაც შეეხება დანარჩენ ექვს, შედარებით წარუმატებელ გათამაშებას, თასზე ასპარეზობას ჩვენი გუნდი ერთჯერ ნახევარფინალური, 2-ჯერ მეოთხედფინალური და 3-ჯერ მერვედფინალური სტადიიდან გამოეთიშა.
დღიდან შექმნისა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფარგლებში გამართული აქვს 69 მატჩი, რომელთაგან 40 დასრულდა მარგველთა გამარჯვებით, 15 დასრულდა ფრედ, 14-ჯერ კი ზესტაფონელები დამარცხდნენ, ბურთების სხვაობაა 123-51 ზემოიმერელთა სასარგებლოდ.
ყველაზე ხშირად თასის გათამაშებაში იმერლებს თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ უთამაშიათ - ამ გუნდების გზები თასის 4 გათამაშებაში გადაკვეთილა და სადღეისოდ 8 შეხვედრას ითვლის. თასის 3 გათამაშებაში შემდგარა ზესტაფონელთა "დუელები" რუსთაველებთან (6 მატჩი), თბილისის "ამერთან", ბათუმის "დინამოსთან" და ქუთაისის "ტორპედოსთან" (5-5 მატჩი).
აუცილებლად უნდა ითქვას სათასო შეხვედრებში ზესტაფონელთა საუკეთესო ბომბარდირთა შესახებ - საუკეთესო შედეგის მფლობელი გახლავთ ზურაბ იონანიძე, რომლის ანგარიშზეც მარგველთა მეტოქეთა კარში გატანილი 14 გოლია. მას სულ მცირედით ჩამორჩება გოგი ფიფია, რომლის პირადი მონაგარი 12 გოლს შეადგენს. 9 გოლის ავტორი გახლავთ ბექა გოცირიძე, ხოლო გრიგოლ იმედაძეს, ნიკა კვასხვაძესა და ჯაბა დვალს იმერელთა მეტოქეთა კარის ბადე 6-6-ჯერ აქვთ შერხეული.
რაც შეეხება ბათუმელებთან ორშაბათს, 16 აპრილს, გასამართ შეხვედრას, ის 16:00 საათზე დაიწყება.
|
16.05.2008. სწორედ ამ დღეს კლუბის ისტორიაში პირველად "ზესტაფონი" დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასს დაეუფლა. |
|