Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

03.04.2018

 

 

 

 

 

 

 

 

წარუმატებელი ვიზიტი მარტვილში

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 2 აპრილს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველმა გუნდმა საქართველოს 2018 წლის ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის მორიგი მატჩი გამართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთის ბაზაზე გამართულ შეხვედრაში მარგველები ადგილობრივ "სალხინოს" დაუპირისპირდნენ.

 

რეგიონული ლიგის "ა" ქვეჯგუფის ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელთა შეხვედრას სერგიეთის სულ მცირე ხნის წინ გახსნილმა საფეხბურთო ბაზამ უმასპინძლა. მთლიოანობაში კარგი საფეხბურთო კომპლექსის სტუმრობით გამოწვეული დადებითი ემოციები გააფუჭა გაუსაძლისმა სიცხემ, რომელმაც ისედაც საეჭვო ხარისხის ხელოვნურ საფარზე ფეხბურთის თამაში ძალიან რთული გახადა...

 

პირველი ტაიმი სტუმართა კარნახით წარიმართა - სტუმრები მეტს მოძრაობდნენ, ბურთსა და ტერიტორიას კარგად აკონტროლებდნენ და შეტევით ფაზაში მეტი კონცენტრაცია რომ გამოეჩინათ, ანგარიშში უსათუოდ დაწინაურდებოდნენ კიდეც. პირველი ნახევრის მსვლელობისას, ზესტაფონელთა კართან ხიფათი ერთადერთხელ შეიქმნა (ბურთი იმერელთა კარის ხარიხას მოხვდა) და ისიც არა მასპინძლეთა გააზრებული შეტევითი აქციის, არამედ სტუმართა მცვლეისაგან უხერხული რიკოშეტის შედეგად...

 

სურათი მეორე ტაიმის დაწყებისთანავე შეიცვალა. უპირატესობას მარტვილელები დაეუფლნენ - ისინი ბევრს აქტიურობდნენ და მომენტებსაც მრავლად ჰქმნიდნენ. უნდა ითქვას, რომ თამაშის ამ მონაკვეთში ძალიან საიმედოდ გამოიყურებოდა მარგველთა კარის დარაჯი გია მახათაძე, რომელმაც რამდენიმე ეპიზოდში ძალიან დამაჯერებლად ითამაშა.

 

საბოლოოდ, გადამწყვეტი გამოდგა მეორე ტაიმის მეორე ნახევარში მომხდარი ორი ეპიზოდი, როდესაც ზესტაფონელებმა მარტვილელთა კართან ზედიზედ ორი უმწვავესი კონტრშეტევა განახორციელეს და... ორივეს გაცუდება მოახერხეს. განსაკუთრებით გამოსარჩევია ის ეპიზოდი, როდესაც "სალხინოს" გოლკიპერთან პირისპირ ლაშა ბუბულაშვილი აღმოჩნდა, თუმცა საბოლოოდ მან ვიზავის ვერ აჯობა...

 

"ვერ გაიტან, გაგიტანენო" და სულ რამდენიმე წუთში ანგარიში გაიხსნა კიდეც - 84-ე წუთზე ნიკა ტუღუშმა უძლიერესი დარტყმით ბურთი გია მახათაძის კარის მიმართულებით გაგზავნა, "მრგვალი საგანი" ჯერ სტუმართა კარის ხარიხას მოხვდა, შემდეგ გაზონს და ბოლოს მაინც იმერელთა კარის ბადეში გაეხვა... 88-ე წუთზე კი შეტევაში გართულ ზესტაფონელებს "სალხინოს" სწრაფი კონტრაქცია გაეპარათ და ნიკა ტუღუშმა დღევანდელ შეხვედრაში "დუბლიც" შეასრულა და თავის გუნდს მიმდინარე ტურნირში მორიგი გამარჯვება 2-0 მოუტანა.

 

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 16 აპრილს გამართავს - დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ზეომიმერლები ბათუმის "დინამო-2"-ს უმასპინძლებენ.

 

 

02.04.2018. ”სალხინო” (მარტვილი) - ”ზესტაფონი” 2-0

"ზესტაფონი": მახათაძე, ჭურაძე, ხუჯაძე, ვარდოსანიძე, ბერაძე, ს. სამხარაძე, ბუბულაშვილი, ნ. გაჩეჩილაძე, არაბიძე (ბ. ფერაძე, 61), მაკარიძე (მაცაბერიძე, 78), საცერაძე (გ. სამხარაძე, 61).

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018