Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

28.03.2018

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონის" პირველი საშინაო გამარჯვება

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 27 მარტს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საქართველოს XXX ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის გათამაშების მეოთხე ტურის შეხვედრაში საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" ხონის საფეხბურთო კლუბ "იმერეთის" მეორე გუნდს უმასპინძლა.

 

სეზონის დაწყებამდე რეგიონული ლიგის "ა" ჯგუფის ერთ-ერთ აუტსაიდერად მიჩნეულ ხონელებთან დაპირისპირება ზესტაფონელთათვის, მთელი შეხვედრის მანძილზე მათი ძალიან დიდი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, მოსალოდნელზე უფრო დაძაბული გამოდგა...

 

მასპინძლებმა ანგარიშში დაწინაურება მატჩის დებიუტშივე, კერძოდ 17-ე წუთზე, გიორგი ხუჯაძის ზუსტი თავურით მოახერხეს. პირველი ნახევრის ბოლომდე ზესტაფონელებმა ბევრი საგოლე მომენტი გაანიავეს და ამისათვის მატჩის მსვლელობისას კინაღამ დაისაჯნენ კიდეც...

 

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ანგარიში თანაბარი გახდა - 49-ე წუთზე, დღევანდელ დაპირისპირებაში "იმერეთის" პირველივე გააზრებული შეტევის შედეგად, ხონელებმა მასპინძელთა დაცვის ხაზის მოთამაშეთა არადამაჯერებელი თამაშით კარგად ისარგებლეს და იმერელთა რიგებში თბილისის "ლოკომოტივიდან" გადმოსული ნიკოლოზ ნადარეიშვილის შეტევაში ჩართვა ზუსტი დარტყმით გიორგი მუშკუდიანმა დააგვირგვინა.

 

ზესტაფონელებმა ამის შემდეგ სტუმრები მოედნის მათსავე ნახევარს მიაჯაჭვეს და ხონელთა კართან ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე საგოლე ეპიზოდი შექმნეს. საბოლოოდ, ანგარიში 65-ე წუთზე შეიცვალა - თორნიკე ჭურაძის აქტიურობის შედეგად ბურთს დაეუფლა გუნდის კაპიტანი ნოდარ გაჩეჩილაძე, რომელმაც გრძელი გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე გოგა არაბიძე გაიყვანა და ამ უკანასკნელის შორეული დარტყმაც ზუსტი გამოდგა...

 

მარგველებს ამის შემდეგაც მართებდათ ანგარიშის სათავისოდ შეცვლა, თუმცა, საბოლოოდ, დარჩენილ დროში აღარაფერი მომხდარა და "ზესტაფონმა" მიმდინარე სეზონში პირველი საშინაო გამარჯვება იზეიმა - 2-1.

 

შემდეგ შეხვედრას ზესტაფონელები 2 აპრილს გამართავენ - ამ დღეს "ზესტაფონი" მარტვილს ესტუმრება და ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ "სალხინოს" დაუპირისპირდება...

 

 

27.03.2018. ”ზესტაფონი” - ”იმერეთი-2” (ხონი) 2-1

"ზესტაფონი": მახათაძე, გ. სამხარაძე, ხუჯაძე, ვარდოსანიძე, ჭურაძე, ბუბულაშვილი, ნ. გაჩეჩილაძე, მაცაბერიძე (არაბიძე, 49), მაკარიძე, ცქიფურიშვილი (ს. სამხარაძე, 55), ბ. ფერაძე (ბერაძე, 82).

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018