26.03.2018
ისევ საქართველოს ნაკრები და "ზესტაფონის" ბაზა
24 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრაში ლიტვას დაუპირისპირდა. ბალტიისპირელებთან მატჩი ვლადიმირ ვაისის გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა - საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა.
ლიტვასთან დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, 25 მარტს საქართველოს ნაკრებმა არასრული ვარჯიში ჩაატარა. საწვრთნელ პროცესში მონაწილეობდნენ მხოლოდ ის ფეხბურთელები, რომლებსაც ლიტვასთან არ უთამაშიათ ან არასრული მატჩი ჩაატარეს. სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელებს კი აღდგენითი ვარჯიში ჰქონდათ...
26 მარტს, 17:00 საათზე, საქართველოს ნაკრები ესტონეთთან მატჩის მზადების ფარგლებში ღია ვარჯიშს გამართავს. ცხადია, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ინტერნეტ-გვერდის მომხმარებლის ყურადღებას ამ ამბავზე იმის გამო ვაჩერებთ, რომ ეროვნულ გუნდთან დაკავშირებული მთელი ეს ამბები ისევ თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ჩვენს ბაზაზე ხდება...
27 მარტს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრას ესტონეთის წინააღმდეგ გამართავს. ლიტველებთან დაპირისპირების მსგავსად, ეს შეხვედრაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.
ჩვენ კი გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის მიერ მომზადებულ და ოფიციალურ facebook-გვერდზე განთავსებულ ფოტომასალას, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების "ზესტაფონის" ბაზაზე ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს...
მომზადებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდის პუბლიკაციის მიხედვით
|