22.03.2018
პირველი გამარჯვება ახალ სეზონში
მიმდინარე წლის 22 მარტს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველმა გუნდმა საქართველოს 2018 წლის ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის მორიგი მატჩი გამართა. დაბა ხარაგაულის მურთაზ და სოსო აბაშიძეების სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ზესტაფონელები ადგილობრივ "ჩხერიმელას" დაუპირისპირდნენ.
შეხვედრის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ზესტაფონელები, რომლებიც ბურთსა და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, გეგმაზომიერად ეძებდნენ ხარაგაულელთა კარის გასაღებს. რაც შეეხება მასპინძლებს, ისინი თავის შანსის პოვნას სტანდარტული მდგომარეობებითა და საჯარიმოში ბურთის მაღალი ჩაწოდებებით ცდილობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ პირველ 45 წუთში კარის აღების შანსი ორივე მხარეს მიეცა, ტაიმი მაინც უგოლოდ 0-0 დასრულდა.
მეორე ნახევრის დაწყებისთანავე სტუმრები გააქტიურდნენ და ერთმანეთის მიყოლებით ხარაგაულელთა კართან რამდენიმე სახიფათო იერიშიც განახორციელეს. ასეთი აქტიურობის შედეგად, 58-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა კიდეც - შალვა ცქიფურიშვილის მიერ კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ, ბესო ფერაძემ ბურთს მოძრაობის ტრაექტორია ოდნავ შეუცვალა, დასარტყმელ პოზიციაზე მახარე მაცაბერიძე დატოვა და ამ უკანასკნელმაც ძლიერი დარტყმით მიმდინარე სეზონში მისთვის და მისი გუნდისთვის სადებიუტო გოლი გაიტანა...
ამის შემდეგ თამაში გაიხსნა, მატჩის გადარჩენაზე დაგეშილი მასპინძლები თამაშის ზესტაფონელთა ნახევარზე გადატანას ცდილობდნენ, ხოლო სტუმრებმა თამაში კონტრშეტევებზე ააგეს და, რამდენიმე გაცუდებული შესაძლებლობის შემდეგ, შეხვედრის ბოლო წუთზე, მოედანზე მეორე ტაიმში შესულმა გიორგი მაკარიძემ მშვენიერი სოლო-რეიდი განახორციელა და "ჩხერიმელას" კარი მეორედ აიღო...
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ "ზესტაფონის" შემადგენლობაში დღევანდელ შეხვედრაში ოთხმა 2000 წელს და ორმა 2001 წელს დაბადებულმა ჭაბუკმა ფეხბურთელმა იასპარეზა და მათ მიმდინარე სეზონში ჩვენი გუნდის პირველ გამარჯვებაში თავის წვლილიც შეიტანეს - 2-0.
|
22.03.2018. ”ჩხერიმელა” (ხარაგაული) - ”ზესტაფონი” 0-2 |
"ზესტაფონი": მახათაძე, ჭურაძე, ხუჯაძე, ვარდოსანიძე, გ. სამხარაძე, ბერაძე (მაკარიძე, 46), ნ. გაჩეჩილაძე, მაცაბერიძე (საცერაძე, 75 (ფანცულაია, 86), ბუბულაშვილი, ცქიფურიშვილი, ბ. ფერაძე.
|
|