18.03.2018
ექვსი ქულა წყალტუბოდან
მიმდინარე წლის 18 მარტს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდებმა საქართველოს 2018 წლის ეროვნული ჩემპიონატის მორიგი, რიგით მეოთხე ტურის მატჩები ჩაატარეს. წყალტუბოს სტადიონზე გამართულ შეხვედრებში ზესტაფონელებს ადგილობრივი "სამგურალის" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.
თავიდან წყალტუბოს ხელოვნურსაფარიან არენაზე მასპინძელთა და ზესტაფონელთა თხუთმეტწლამდელთა გუნდები გავიდნენ. შეხვედრის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, გუნდებმა ის ორმხრივ იერიშებში გაატარეს, თუმცა გოლები მხოლოდ წყალტუბოელთა კარში გადიოდა - 21-ე წუთზე ანგარიში საჯარიმოს გარედან აუღებელი ძლიერი დაარტყმით ნიკა ჭუმბურიძემ გახსნა, ხოლო 35-ეზე პირველი გოლის ავტორის ზუსტი გადაცემის შემდეგ თავისი გოლი დავით ფანჩულიძემ გაიტანა.
მეორე ტაიმში წყალტუბოელები გააქტიურდნენ და ერთმანეთის მიყოლებით სტუმართა კართან რამდენიმე სახიფათო იერიშიც განახორციელეს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს სტუმართა გუნდის კარის დარაჯის გიორგი არაბიძის დამაჯერებელი ასპარეზობა, რომელმაც რამდენიმე ეპიზოდში საკუთარი გუნდი დიდ ხიფათს გადაარჩინა.
"ბოლო სიტყვა" დღევანდელ შეხვედრაში მაინც სტუმარმა ზემოიმერლებმა თქვეს - მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, "სამგურალის" კართან ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ, დავით ფანჩულიძემ დუბლიც გაიფორმა და თავის გუნდს მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვებაც მოუტანა - 3-0.
|
18.03.2018. U-15. ”სამგურალი” (წყალტუბო) - ”ზესტაფონი” 0-3 |
"ზესტაფონი" (U-15): არაბიძე, გაჩეჩილაძე, კაპანაძე, ა. ცხადაძე (ნ. ცხადაძე, 36), თაბუკაშვილი (კვანტრიშვილი, 19 (გურული, 51)), ფანჩულიძე, მაისურაძე (ტაბატაძე, 60), ანდრიაძე, ნ. ჭუმბურიძე (ლ. ბებიაშვილი, 68), მახათაძე, ბუხრაშვილი.
|
* * *
რაც შეეხება ჩვიდმეტწლამდელთა დაპირისპირებას, მისი სადებიუტო მონაკვეთი სტუმართა შეტევების თანხლებით წარიმართა და უკვე 11-ე წუთზე, ზესტაფონელთა მიერ გათამაშებული გააზრებული კომბინაცია, ნიკა ჭანტურიძის მიერ საჯარიმოს მისადგომებიდან შესრულებული ძალიან ეფექტური დარტყმით დაგვირგვინდა...
მატჩის დარჩენილი დრო ინიციატივის დაუფლებისათვის გაჩაღებულ დიდ ბრძოლაში გაილია და თავის წილი შანსები ორივე მხარეს მიეცა. თუმცა, სტუმართა მეკარე ანზორ ფერაძისა და დაცვის ხაზის ფეხბურთელთა მშვიდი და დამაჯერებელი გარჯის წყალობით, ანგარიში აღარ შეცვლილა.
ზესტაფონელ ჩვიდმეტწლამდელთა მორიგი გამარჯვება მინიმალური ანგარიშით 1-0, რომლის შედეგადაც, ჩემპიონატში გამართული ოთხი ტურის შემდეგ, ჩვენი გუნდი "ბ" ჯგუფის სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურზე დამკვიდრდა...
|
18.03.2018. U-17. ”სამგურალი” (წყალტუბო) - ”ზესტაფონი” 0-1 |
"ზესტაფონი" (U-17): ა. ფერაძე, ღონღაძე, სვიანაძე, ნასრაძე, თ. ჭუმბურიძე, სხილაძე, ახვლედიანი (ჯანიაშვილი, 76), ბებიაშვილი, ფანცულაია, ღვალაძე (თვალაბეიშვილი, 79), ჭანტურიძე (რობაქიძე, 78).
|
|