04.03.2018
ზესტაფონელ ჭაბუკთა "თავგადასავალი" დიდ ჯიხაიშში
მიმდინარე წლის 4 მარტს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდებმა საქართველოს 2018 წლის ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩები გამართეს. სოფელ დიდი ჯიხაიშის სტადიონზე გამართულ შეხვედრებში ზესტაფონელებს ადგილობრივი "სამტრედიის" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.
ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე მიმდინარე ბუნებრივი საფარის დაგებასთან დაკავშირებული სამუშაოების გამო, საფეხბურთო კლუბ "სამტრედიის" გუნდები საშინაო შეხვედრებს სხვადასხვა სტადიონზე ატარებენ. როგორც გაირკვა, სამტრედიელი ჭაბუკები მეტოქეებს სოფელ დიდი ჯიხაიშის სტადიონზე მასპინძლობენ, თუმცა იმას, რაც დიდ ჯიხაისში სათამაშოდ ჩასულ ზესტაფონელებს დახვდათ, ფეხბურთის სათამაშოდ განკუთვნილი არენა ძნელად თუ ეწოდებოდა...
ჭაბუკთა სამტრედიულ-ზესტაფონური დაპირისპირების წინა დღეებში იმერეთში მოსულმა ნალექმა მოედნის ისედაც საეჭვო ხარისხის მინდვრის საფარი აატალახა და ფეხბურთის სათამაშოდ გამოუსადეგარი გახადა. თუმცა, რა გაეწყობოდა, მატჩზე მყოფმა სფფ-ს წარმომადგენელმა და მსაჯთა ბრიგადამ მატჩების გამართვა შესაძლებლად მიიჩნიეს...
ცხადია, ასეთ პირობებში ხარისხიანი ფეხბურთის დემონსტრირებას არც არავინ ელოდა, თუმცა ორივე შეხვედრის მონაწილე ყველა გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ თავი არავის დაუზოგავთ და მოედანზე ყველამ მაქსიმუმი გაიღო...
ჩვიდმეტწლამდელთა მატჩი სტუმართა საგრძნობი უპირატესობით კი წარიმართა, თუმცა გოლის გატანაში ხელს ზესტაფონელებს სათამაშო მოედნის საფარის მძიმე მდგომარეობა უშლიდა. ერთადერთი და ზემოიმერლებისათვის გამარჯვების მომტანი გოლი მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე გავიდა - 0-1. გამარჯვებულთა რიგებში თავი ბესო ფერაძემ 77-ე წუთზე გამოიჩინა.
|
04.03.2018. U-17. ”სამტრედია” - ”ზესტაფონი” 0-1 |
"ზესტაფონი" (U-17): ა. ფერაძე, ღონღაძე, სვიანაძე, ნასრაძე, ჭუმბურიძე, ბებიაშვილი, ფანცულაია, ღვალაძე, ბ. ფერაძე, ჭანტურიძე (ახვლედიანი, 78), სხილაძე.
|
* * *
|
04.03.2018. U-15. ”სამტრედია” - ”ზესტაფონი” 2-1 |
"ზესტაფონი" (U-15): არაბიძე, თაბუკაშვილი (გურული, 16), დ. გაჩეჩილაძე, კაპანაძე, ტაბატაძე, ფანჩულიძე, ბუხრაშვილი, ნ. ჭუმბურიძე, მაისურაძე (კვირიკაშვილი, 50), მახათაძე (ანდრიაძე, 36), ნ. ცხადაძე
|
ჩვიდმეტწლამდელთა დაპირისპირებამდე კი ჭაბუკთა ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩი მარგველთა თხუთმეტწლამდელებმაც (მწვრთნელი - მამუკა ფუტკარაძე) გამართეს. დაძაბული შეხვედრა სამტრედიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2-1 დასრულდა. არასაფეხბურთო გარემოში გამართული მატჩის პერიპეტიებზე საუბრით თავს აღარ მოგაწყენთ, უბრალოდ გეტყვით იმას, რომ სტუმართა რიგებში ჭაბუკთა ეროვნულ ჩემპიონატში გატანილი სადებიუტო გოლით თავი ნოდარ ცხადაძემ გამოიჩინა.
|