24.02.2018
ჭაბუკები ეროვნულ ჩემპიონატში ჩაერთვნენ
მიმდინარე წლის 24 თებერვალს გამართული ორი მატჩით საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდები საქართველოს 2018 წლის ეროვნულ ჩემპიონატში ჩაერთვნენ. პირველობის სასტარტო შეხვედრებში ზესტაფონელთა თხუთმეტ- და ჩვიდმეტწლამდელთა გუნდებს მარტვილის "მერანის" წარმომადგენელი თანატოლები დაუპირისპირდნენ.
ახალი ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრებს ჩვენი კლუბის ზესტაფონში მდებარე საფეხბურთო კომპლექსმა უმასპინძლა. უნდა ითქვას, რომ მარტვილის "მერანის" სახელით ჭაბუკთა ლიგაში საფეხბურთო სკოლა "ქუთაისის" (ყოფილი "კოლხიდა") გუნდები ასპარეზობენ. ზესტაფონელი და მარტვილელი ჩვიდმეტწლამდელების დაპირისპირება დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და სტუმართა მინიმალური გამარჯვებით, ანგარიშით 2-1 დასრულდა...
უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიშში დაწინაურება თავიდან ზესტაფონელებმა მოახერხეს - 64-ე წუთზე ზუსტი თავური დარტყმით თავი შოთა ფანცულაიამ გამოიჩინა. ამის შემდეგ მასპინძლებმა საქმე მოგვარებულად ნაადრევად ჩათვალეს, ანგარიშის შენარჩუნებაზე ზრუნვა დაიწყეს და ამისათვის დაისაჯნენ კიდეც - 73-ე წუთზე ლუკა დადუნაშვილმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ბოლოსწინა, 79-ე წუთზე მათე ქომეთიანმა გამარჯვება "მერანის" სახელით მოასპარეზე ქუთაისელებს მოუტანა...
|
24.02.2018. U-17. ”ზესტაფონი” - ”მერანი” (მარტვილი) 1-2 |
"ზესტაფონი" (U-17): ა. ფერაძე, სვიანაძე, ნასრაძე, გ. ღონღაძე, ახვლედიანი, ბებიაშვილი (რობაქიძე, 71), სხილაძე, ჭანტურიძე, თ. ჭუმბურიძე (თვალაბეიშვილი, 19), ფანცულაია, ღვალაძე.
|
* * *
უფროსი თანაკლუბელების შეხვედრამდე მწვანე მინდორზე მარგველთა თხუთმეტწლამდელები (მწვრთნელი - მამუკა ფუტკარაძე) გავიდნენ. უნდა ითქვას, რომ ეს გუნდი სულ ახლახან ჩამოყალიბდა, ძირითადად 2004 წელს დაბადებული ბიჭებითაა დაკომპლექტებული და მარტვილელებთან დაპირისპირება ამ ფორმაციის კოლექტივისთვის სადებიუტო მატჩი გახლდათ...
ასაკით უფროს ოპონენტებთან ("მერანი" უმეტესად 2003 წლიანებითაა დაკომპლექტებული) დაპირისპირების პირველი ტაიმი ძალიან დაძაბულად და სანახაობრივად წარიმართა. მასპინძლები ქუთაისელებს ტოლს არ უდებდნენ და რამდენიმე სახიფათო მომენტი რომ არ გაენიავებიათ, ტაიმს მოიგებდნენ კიდეც...
ზესტაფონელები შეხვედრის მეორე ნახევარშიც ბევრს ცდილობდნენ, მაგრამ მატჩის დასკვნით ნაწილში სტუმართა უპირატესობა გამოიკვეთა და საფინალო სასტვენამდე ეს უპირატესობა მასპინძელთა კარში გატანილ 3 გოლში აისახა - 0-3.
|
24.02.2018. ”ზესტაფონი” - ”მერანი” (მარტვილი) 0-3 |
"ზესტაფონი" (U-15): ცერცვაძე, თაბუკაშვილი, დ. გაჩეჩილაძე, კაპანაძე, ტაბატაძე (ა. ცხადაძე, 63), ანდრიაძე, ბუხრაშვილი, ფანჩულიძე, ნ. ჭუმბურიძე, მახათაძე (მაისურაძე, 35), ნ. ცხადაძე (კვირიკაშვილი, 60).
|
მორიგ მატჩებს მარგველები 4 მარტს გამართავენ - ამ დღეს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" U-15 და U-17 გუნდები სამტრედიას ეწვევიან და ადგილობრივი კლუბის წარმომადგენლებთან მეორე ტურის შეხვედრებს გამართავენ.
|