22.02.2018
ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატის კალენდარი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებამ ჩვიდმეტ- და თხუთმეტწლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე კლუბებს დაუგზავნა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში (U-17 და U-15) მოასპარეზე ჭაბუკთა 2018 წლის ჩემპიონატის კალენდარი.
ტურნირის ჩატარების დამტკიცებული პროექტის მიხედვით, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" 2001-2002 და 2003-2004 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა გუნდები ეროვნული პირველობის პირველ ეტაპზე "ბ" ჯგუფში იასპარეზებენ და მათ მეტოქეობას ქუთაისის "ტორპედოს", "სამტრედიის", მარტვილის "მერანის", წყალტუბოს "სამგურალის" და საჩხერის "ჩიხურას" წარმომადგენელი კოლექტივები გაუწევენ...
აქვე გვინდა ჭაბუკთა ლიგის დებულების ტექსტიდან რამდენიმე საინტერესო ამონარიდი შემოგთავაზოთ: "ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს 30 გუნდი და ჩემპიონატი ჩატარდება ორ ეტაპად. პირველ ჯგუფურ ეტაპზე გუნდები დაიყოფიან 5 ჯგუფად ტერიტორიული პრინციპით და სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილების გადაწყვეტილებით. თამაშები გაიმართება ორ წრედ (თითო მატჩი შინ და გარეთ):...
ჯგუფების პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები შეადგენენ ათგუნდიან "ოქროს ჯგუფს", სადაც თამაშები გაიმართება ორ წრედ და გამოვლინდება საქართველოს 17- და 15-წლამდელთა "ოქროს ლიგის" საპრიზო სამეული, გუნდებს ჯგუფის პირველი ეტაპიდან არ გადმოჰყვებათ ქულები და არცერთი სხვა მაჩვენებელი, შესაბამისად მეორე ეტაპს დაიწყებენ ნული ქულით.
ჯგუფების III-VI ადგილებზე გასული გუნდები შეადგენენ ორ ათგუნდიან "ვერცხლის ჯგუფს", სადაც გადანაწილდებიან ტერიტორიული პრინციპით. თამაშები გაიმართება ორ წრედ, გუნდებს ჯგუფის პირველი ეტაპიდან არ გადმოჰყვებათ ქულები და არცერთი სხვა მაჩვენებელი, შესაბამისად მეორე ეტაპს დაიწყებენ ნული ქულით"...
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჭაბუკთათვის ახალი სეზონის სასტარტო მატჩები შაბათს, 24 თებერვალს გაიმართება - 13:00 საათზე ზესტაფონში მდებარე საფეხბურთო ბაზის მწვანე მინდორზე მასპინძელთა და მარტვილის "მერანის" U15 წარმომადგენელი გუნდები გავლენ, ხოლო 15:00 საათზე ზესტაფონურ-მარტვილურ "დუელს" ჩვიდმეტწლამდელები დაასრულებენ.
|