10.02.2017
ჩვიდმეტწლამდელთა პირველი სპარინგი
ასაკით უფროს თანაკლუბელებთან ერთად, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სტარტისთვის მზადებას საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ჩვიდმეტწლამდელებიც განაგრძობენ. 10 თებერვალს საჩხერის საფეხბურთო ბაზაზე ახალი ფორმაციის ჩვენმა გუნდმა პირველი საკონტროლო მატჩი გამართა - ზესტაფონელთა მეტოქე ადგილობრივი ”ჩიხურას” წარმომადგენელი გუნდი გახლდათ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების მიერ მომზადებული წინასწარი გეგმის მიხედვით, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელები (წელს U17 ტურნირში 2001-2002 წლებში დაბადებული ჭაბუკები იასპარეზებენ) საქართველოს ჩემპიონატში 24 თებერვალს ჩაერთვებიან და ამ ტურნირის პირველ ეტაპზე ჯგუფში ქუთაისის "ტორპედოს", "სამტრედიის", მარტვილის "მერანის", წყალტუბოს "სამგურალისა" და საჩხერის "ჩიხურას" გუნდებთან ერთად იასპარეზებენ.
რაც შეეხება თხუთმეტწლამდელებს, წელს ამ ასაკობრივ კატეგორიაში ასპარეზობა 2003-2004 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს უწევთ. რაც შეეხება პირველობის პირველ ეტაპზე მათ მეტოქეებს, ზესტაფონელებს კონკურენციას აქაც ქუთაისის "ტორპედო", "სამტრედია", მარტვილის "მერანი", წყალტუბოს "სამგურალი" და საჩხერის "ჩიხურა" გაუწევენ.
რაც შეეხება საჩხერელ თანატოლებთან შაბათს გამართულ დაპირისპირებას, ის თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და მისი ბედი მეორე ნახევრის დასაწყისში მასპინძელთა მიერ გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა - 1-0.
ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო მატჩამდე (ფაქტიურად გადაწყვეტილია, რომ 24 თებერვალს მარგველთა ორივე გუნდი შინ მარტვილის "მერანს" დაუპირისპირდება) ზესტაფონელები კიდევ რამდენიმე სპარინგ-მატჩის გამართვას გეგმავენ...
|