საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მფლობელი ილია კოკაია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილი მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში პასუხობს და აცხადებს, რომ ლევან კობიაშვილმა ის დაპირება ვერ შეასრულა, რაც ზესტაფონელ გულშემატკივარს მისცა.
როგორც მოგეხსენებათ, ლევან კობიაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ვიდეო მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ილია კოკაიამ ერთ-ერთ გადაცემაში ღიად გააკრიტიკა ფეხბურთის ფედერაცია და განაცხადა, რომ იმ ვითარებაში, რაშიც ახლა ქართულ ფეხბურთი იმყოფება, დაბრუნება არ სურს. სფფ-ს პრეზიდენტმა კი მას სპეციალური ვიდეოთი უპასუხა და მოუწოდა, დატოვოს ფედერაციის წევრობა.
ილია კოკაიას განცხადებით, კობიაშვილი ბოღმით საუბრობს და მისთვის კრიტიკა მიუღებელია, რაც მას კარგ შედეგს არ მოუტანს: „მინდა პასუხი გავცე ლევან კობიაშვილს. ისევ გაურკვევლობაში გადადის. ბოდიშის მოხდა მინდა ნამდვილად, მაგრამ არა ფეხბურთის ფედერაციისა და ლევან კობიაშვილისთვის, არამედ „ზესტაფონის“ ფანკლუბისა და გულშემატკივრებისთვის, რომლებიც ასეულობით იყვნენ ჩასული მის არჩევნებზე. დილის 9 საათიდან ღამის 12 საათამდე, მშიერ-მწურვალები, გულმხურვალედ უჭერდნენ მხარს იმ იმედით, რომ ეს პიროვნება გახდებოდა პრეზიდენტი და შეასრულებდა იმ დაპირებას, რომელსაც დღესაც ახსენებენ ისინი. დიდ ბოდიშს მოვუხდი გულშემატკივარს, იმიტომ, რომ ჩემი ინიციატივა იყო, კობიაშვილისთვის დაეჭირათ მხარი. ნახეთ, რა გაშმაგებით უჭერდნენ მხარს. არ მინახავს იქ სხვა ფანკლუბი...
რაც შეეხება იმას, რომ „ზესტაფონს“ მფლობელს არ სურს ფეხბურთში დაბრუნება, სრული სიცრუეა. დღესაც ორი წერილი დევს იქ. ჩვენ იმასაც კი დავთანხმდით, რომ სულ ბოლო ლიგიდან დავიწყოთ. მზად ვართ ამისთვის. ჩვენმა ბავშვებმა "ოქროს ლიგაზე" ბოლო ტურში დაკარგეს ჩემპიონობა, ისინი მომავალი არიან ქართული ფეხბურთის და ეს თაობა რომ არ დაეკარგოს ქართულ ფეხბურთს, მზად ვართ, გუნდი თანახმაა იმაზე, რომ ბოლოდან დაიწყოს და ითამაშოს. რატომ არის კლუბი უარზე? ან რატომ უნდა დატოვოს კლუბმა ფედერაციის წევრობა და აღარ იყოს მისი სუბიექტი?
მე თუ ხვალ გავაკრიტიკე ქალაქში რომელიღც უაზრო მშენებლობა ან მოჭრილი ხეები, ქალაქის მერმა უნდა მითხრას, ქალაქი დატოვეო?! ან, ვთქვათ, საქართველოში მიმდინარე რაღაც პროცესი არ მომეწონა, პრემიერმა უნდა მითხრას მოქალაქოება დატოვეო? კრიტიკა მიუღებელია? როდესაც შენ გაკრიტიკებენ, იმ კრიტიკას უნდა გასცე პასუხი და რაღაცეების დატოვება კი არ უნდა ბრძანო. ეს პიროვნება ახალგაზრდა კაცია. ბოღმიანი ლაპარაკი კი ძალიან ცუდია და არაფერს კარგს არ მისცემს. ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს და მართლა გულნატკენი ვარ“, - განაცხადა ილია კოკაიამ.
გარდა ამისა, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელი, ტვ "პირველის" ეთერში აცხადებს, რომ ლევან კობიაშვილისა და ფეხბურთის ფედერაციის მონაწილეობა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროექტებში ნოლია და ბაზების მშენებლობის დასრულების შემდეგ, ის მხოლოდ პოზირებს... ხოლო მას და ფედერაციას კი ამაში წვლილი არ მიუძღვით.
ილია კოკაია გარიგებულ თამაშებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ერთ-ერთმა კლუბის პრეზიდენტმა კობიაშვილის ერთ-ერთ თანაშემწეს უცხოეთშიც ჩააკითხა, სადაც მას (სფფ-ს ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს) გარიგებული თამაშის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, სახელები და გვარებიც დაუსახელა, სფფ-ს კი ამაზე რეაქცია არ ჰქონია. იმერული კლუბის მფლობელი მიიჩნევს, რომ ამ ამბის შეხსენებამ კობიაშვილის გაბრაზება გამოიწვია.
"საათზე მეტ ხანს ვსაუბრობდით მე და ლევანი. სიბინძურეებზე ვუთხარი. ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბის მფლობელმა უცხოეთშიც კი ჩააკითხა. ის არ გახლდათ. მისი ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი იყო. გვარებიც დაუდო იმ ფეხბურთელების, ვინც მონაწილეობდნენ ამ სიბინძურეში. ესეც კი ვუთხარი. ამან გამოიწვია ბრაზი.
იმ სახით, რა სახითაც ხარჯავს ფულს სახელმწიფო დღეს, არის მარაზმი. ამ ფულმა ინვესტიციების მოზიდვის ნაცვლად, მათ გადინებას შეუწყო ხელი. ჩემს მიერ დაწერილი ციფრი არ გეგონოთ, ფონდის ოფიციალური საბუთბის მიხედვით, კერძო სექტორის მიერ ინვესტიციებში ორი მილიონ 100 ათასი ლარია დახარჯული, მხოლოდ ეს არის კერძო ინვესტიციების წილი, როცა ოცი მილიონია სახელმწიფოსი!
სახელმწიფო კომისიაშიც ვიყავი და ვითხოვდით დახმარებას მაშინაც, მაგრამ ასეთი სახით არა, რომ სახელმწიფოს ეხადა ხელფასები და პრემიები. რასაც ვამბობ, არაპოპულარულია, კლუბების ხელმძღვანელების პოზიციის წინააღმდეგ ვდგები. მათთვის ადვილია სახელმწიფო ფულის მენეჯირება. მინიმალურს დებენ, საკუთარს არ ხარჯავენ.
ბაზა გავხსენითო ბათუმსა და მარტვილში. მაინტერესებს, რა მონაწილეობა აქვს მიღებული ბატონ ლევანს ამ ბაზების მშენებლობაში? მშენებლობა რომ დამთავრდა, პოზირებას აკეთებს სელფებით. მისი მონაწილეობა არ გამიგია, არც ჩასულა, არც უნახავს. სახელმწიფომ ორ მილიონზე მეტი დაახარჯა მარტვილის ბაზას. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ შენ რა გააკეთე, ეს მაინტერესებს?
რაც შეეხება კობიაშვილის რეაქციას გარიგებულ თამაშებზე, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ერთ-ერთი კლუბის პრეზიდენტი გახლდათ და მისი ვიცე-პრეზიდენტი ჩააყენა საქმის კურსში, რა რეაქციაა, დღესაც ვხედავთ. რეაქცია არ არის“, - განაცხადა ილია კოკაიამ.