01.02.2018
მინდა, რომ ლევან კობიაშვილი ყველას პრეზიდენტი იყოს
ყოველდღიურ სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ჟურნალის ალეკო კაკაურიძის პუბლიკაცია სახელწოდებით "იყავით ყველას პრეზიდენტი!", რომელიც საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა. ჩვენ კი ამ პუბლიკაციას უცვლელად გთავაზობთ.
„ზესტაფონის“ მფლობელმა ილია კოკაიამ ფეხბურთის ფედერაცია ერთხელაც გააკრიტიკა. ფედერაციის პრეზიდენტმა კი იმერული კლუბის პირველკაცს მძაფრად უპასუხა და ბოდიშის მოხდა, ან ორგანიზაციის საერთოდ დატოვება მოსთხოვა.
ქართულ ფეხბურთს სატკივარი არ აკლია და ამათგან ერთ–ერთი გახლავთ „ზესტაფონისა“ და ფეხბურთის ფედერაციის ურთიერთობა, რაც ვერა და ვერ დალაგდა. ამ წერილის მიზანი არამც და არამც არაა მყუან-მართლის გარკვევა. არც იმ არგუმენტების განხილვა, რომელსაც ორივე მხარე იყენებს.
ეს სულ სხვა წერილის თემაა და, ალბათ, უფრო საფუძვლიანი ანალიზი სჭირდება...
მე ვიცნობ ორივე იმ ადამიანს, ვინც დგას ორი ბანაკის სათავეში და ზუსტად ვიცი: მათ კარგი უნდათ ქართული ფეხბურთისთვის. ეგაა, ამ ეტაპზე ბევრ რამეს სხვანაირად ხედავენ. ჩემთვის, როგორც იმ ქალაქის წარმომადგენლისათვის, რომლის გუნდსაც უშუალოდ ეხება ეს თემა, არც ის იქნება მთლად ეთიკური, აფთიაქარის სასწორზე ავწონო ორივე მხარი არგუმენტები.
ბევრი რამ მესმის ილია კოკაიასი. საეჭვო მატჩებზე მხოლოდ ის არ ლაპარაკობს. ეს დღესაც ჩვენი ფეხბურთის სენია. შემცირებული, ოდნავ მიყუჩებული, მაგრამ მაინც სენი. სენია ისიც, რომ ძალიან ბევრი, თითქმის ყველა ჩამოეკიდა ამ სახელმწიფოს ფულს და ამას თავად ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტიც ხვდება.
მე მესმის იმ გულისწყრომისაც, რომელიც დაეუფლა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს. როცა შენ მუშაობ, არაფერს აკლებ და მაინც რჩება რაღაც ისეთი, რის გამოც გაკრიტიკებენ, შეიძლება გაბრაზდე.
ერთი, რასაც მე ვერასოდეს გავიგებ, იმ მიმართვის შინაარსია, რომელიც ლევან კობიაშვილმა გაავრცელა. მინდა მჯეროდეს და ეს ალბათ ასეცაა – ის იმ მომენტში უბრალოდ გაბრაზდა და რაღაც პიროვნულ მომენტს ვერ გადააბიჯა, თორემ ის ამ მიმართვას ნამდვილად არ გაავრცელებდა.
არც ილია კოკაიას ბოდიში და არც „ზესტაფონის“ მიერ ფეხბურთის ფედერაციის დატოვება არ უშველის იმ პრობლემას, რომელიც დღეს დგას და რომლის გასაღებიც ისაა, რომ როგორმე მოხდეს „ზესტაფონის“ ხელახალი ინტეგრაცია ქართულ საფეხბურთო სივრცეში.
ეს უფრო იმას ჰგავს, ყოვლად უსარგებლო პიროვნულ კინკლაობაში შეხვიდე ერთ კონკრეტულ საფეხბურთო მოღვაწესთან. და იმთავითვე ცნობილია, რომ ეს უსაგნო კამათი არც არაფერს მოიტანს იმის გარდა, რომ დრო გაიწელება და პრობლემა ისევ პრობლემად დარჩება.
ამ ამბავში ჩემთვის ყველაზე ნიშანდობლივი ისაა, რომ იმ ყბადაღებული ტელეგადაცემის ბოლოს ილია კოკაიამ გამოთქვა მზადყოფნა, დააფინანსოს გუნდი თუნდაც რეგიონულ ლიგაში ასპარეზობის შემთხვევაში. ეს არის ალბათ ერთადერთი გამოსავალი, რომელიც შეიძლება იყოს დღეს.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ადამიანები და ვერავინ წაგვართმევს ადამიანური სისუსტეების უფლებას, მაგრამ მძიმეა ზოგადად მეფეების, პრეზიდენტების და მმართველების ხვედრი: მათ ყოველთვის მოეთხოვებათ, გვერდზე გადადონ პირადული და საზოგადოებრივი ინტერესებით იხელმძღვანელონ.
დავუშვათ, მოიხადა ილია კოკაიამ ბოდიში, ან არ მოიხადა და „ზესტაფონი“ საბოლოოდ გაქრა ქართული საფეხბურთო სივრციდან... რა ეშველება ამით ქართულ ფეხბურთს?! გაქრება ის პრობლემა, რომელიც ასე მძაფრად დგას დღეს?!
არ მგონია, ამაში თვითონ ფედერაციის პრეზიდენტი არ მეთანხმებოდეს: ის ჩემთვის არის ქართული ფეხბურთის მესაჭე და არ არის მხოლოდ იმ ხალხის პრეზიდენტი, რომელიც პროგრესს ხედავს და აღიარებს. ის იმ ხალხის, გნებავთ იმ გულშემატკივრის პრეზიდენტიც არის, რომელიც ხშირად აკრიტიკებს იმ კურსს, რომელიც დღეს არის აღებული.
პირადად ჩემთვის მეათეხარისხოვანია, რა ურთიერთობა აქვთ ერთმანეთში კობიაშვილს, მის გუნდს და კოკაიას. მთავარი ამ ამბავში ესაა: ის ხალხი, რომელიც მოუთმენლად ელის ზესტაფონში ფეხბურთის დაბრუნებას და, შესაბამისად, „ზესტაფონის“ დაბრუნებას ქართულ საფეხბურთო სივრცეში, არ უნდა გაწბილდეს.
იმ გადაცემაშიც ვთქვი და ახლაც უნდა გავიმეორო ზემარტივი და მრავალნაცადი ცხოვრებისეული ჭეშმარიტება, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი მმართველობა უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ხალხით და ხალხისათვის. სხვანაირად ყველაფერს ფასი ეკარგება.
იმ გადაცემაში ჩემთვის ყველაზე ფასეული იმ ხალხის, იმ გულშემატკივრის ემოცია იყო, რომელიც ერთხელაც მივიდა სტადიონზე და დააფიქსირა თავისი უდიდესი სიყვარული ფეხბურთისადმი. ეს ხალხი ღირსია, რომ მას ჰქონდეს ფეხბურთი, თუნდაც რეგიონული ლიგის დონეზე.
ალბათ არც იმაში, შემედავება ვინმე, რომ პრეზიდენტს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აკისრია, ვიდრე ერთი რომელიმე კლუბის მფლობელს და პრეზიდენტის მიერ საზიდავი საჯილდაო ქვა გაცილებით მძიმეა, ვიდრე ჩვენი, ქართულ ფეხბურთში მოტრიალე ხალხის - ჩემი, შენი, სხვისი.
მთავარი კი გულშემატკივარია. ლაკმუსის ქაღალდი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, ის, ვინც წლების შემდეგ უნდა შეაფასოს შენი მოღვაწეობა. ზუსტად ვიცი: დღეს ქართულ ფეხბურთს სათავეში ისეთი ადამიანი უდგას, გამორიცხულია, შეგნებულად გადადგას არასწორი ნაბიჯი.
იმისიც მჯერა, რომ ეს პრობლემა მოგვარებადია და არც დროში უნდა გაიწელოს, თუ ორივე მხრიდან იქნება კეთილი ნება. დაველოდოთ - ნათქვამია, აღდგომა და ხვალეო...
მე მინდა, რომ ლევან კობიაშვილი ყველას პრეზიდენტი იყოს! ვიცი, მასაც უნდა... ჩვენ რა, ეს ქართულ ფეხბურთს სჭირდება...
|