Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

31.01.2018

 

 

 

 

 

 

 

 

”PrimeTime”-ს პუბლიკაცია

 

 

 

 

 

 

როცა სისტემა გებრძვის ან პირადი დამოკიდებულება ხდება წინაღობა... ეს კლუბზესტაფონისისტორიაა წარმატებიდან ხანგრძლივ პაუზამდე. ერთხელ გაყიდული თამაში გააპროტესტეს და უმაღლესი ლიგიდან გარიცხეს, ახლა, როგორც ჩანს, ლევან კობიაშვილის კლუბის პრეზიდენტთან დამოკიდებულება ხდება პრობლემა. ფეხბურთი და გულშემატკივარი კი ამ გაუგებრობაში იჭყლიტება. ილია კოკაიას გადაწყვეტილებით, ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების ინტერესებიდან გამომდინარე, ის მზად არის კლუბთან ერთად კონკურენციაში თავიდან ჩაერთოს.

 

მალე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყება და ჯერაც არ არის ცნობილი მიიღებს თუ არა საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ ჩემპიონატში მონაწილეობას.

 

სერიოზული პრობლემები კლუბსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის მაშინ დაიწყო, როცა 2015 წელს ზესტაფონი გორის „დილასთან“ თამაშზე არ გამოცხადდა. მიზეზი - გაყიდული თამაშები. მაშინ კლუბმა ეს ხმამაღლა თქვა, თამაშის გაყიდვაში ჩართული ფიგურებიც ღიად დაასახელა და გამოძიებაც მოითხოვა. თუმცა, ამ სერიოზულ პრობლემაზე პასუხად სადამსჯელო სანქციები მაშინ ისევ მას დააკისრეს:

 

სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ 5 ათასი ლარით დაჯარიმდა, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გათამაშებიდან მოიხსნა,  მატჩზე გამოუცხადებლობის გამო "ზესტაფონს" გორის "დილასთან"  წაგება 0:3 ჩაეთვალა. დისციპლინარული სასჯელი დაეკისრა კლუბის დირექტორს მიხეილ ხუციშვილსაც.

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 2004 წელს შეიქმნა. არსებობის პირველივე წლებში კლუბი ერთხელ მეხუთე, სამჯერ მეოთხე და ორჯერ მესამე ადგილებს იკავებს. ხუთჯერ (2005-2008 და 2012 წლებში) მონაწილეობს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების ფინალურ მატჩებში.

 

2007-2008 და 2009-2010 სეზონებში საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეუფლება ეროვნული პირველობის ბრინჯაოს მედლებს, 2008 წლის 16 მაისს ისაკუთრებს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნულ თასს. 2011 წელს ამ კლუბის ისტორიაში პირველად ზესტაფონელები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ, ხოლო 2012 წელს ქვეყნის უძლიერესი გუნდის ტიტული შეინარჩუნეს. "ზესტაფონი" საქართველოს სუპერთასის 2011 და 2012 წლის გათამაშებების გამარჯვებულია. 2013-2014 წლების სეზონი კლუბმა საპატიო მეორე ადგილზე დაასრულა და საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა. კლუბი ევროპულ თასზეც თამაშობდა.

 

წარმატებების სერია კლუბისთვის მაშინ დაიწყო, როცა მას სატავეში ილია კოკაკია ჩაუდგა. სწორედ მის გაპრეზიდენტებას უკავშირდება  ზესტაფონში ევროპული სტანდარტების სტადიონის მშენებლობა - ფეხბურთელები საუკეთესო პირობებში ვარჯიშობდნენ, ჰქონდათ მოტივაცია. კერძო დაფინანსებამ ზესტაფონის მაგალთზე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაამართლა. კლუბს ევროპულ საფეხბურთო ასპარეზზეც ჰქონდა წარმატების სერიოზული შანსები.

 

მაგრამ 2015 წელს ყველაფერი გაჩერდა. კლუბს უმაღლესი ლიგა დაატოვებინეს. მას შემდეგ ზესტაფონის გულშემატკივრები საკუთარი გუნდის გარეშე არიან დარჩენილნი. ისინი დღემდე ითხოვენ პასუხს მთავარ კითხვაზე - გაყიდული თამაშის გამო რატომ დაისაჯა კლუბი, გულშემატკივარი და რატომ არ მოხდა რეაგირება თავად პრობლემაზე?

 

სინამდვილეში ხომ უპრეცენდენტო რამ მოხდა - დაისაჯა დაზარალებული. კლუბი „ზესტაფონი“ უმაღლესი ლიგიდან გაუშვეს.  უფეხბურთოდ დარჩენილი გულშემატკივარი სამართლიანად თვლის თავს დაზარალებულად. ამისთვის კი მას ორი მიზეზი აქვს.

პირველი მიზეზი:

 

საქართველოში გაყიდული თამაშები რომ პრობლემაა, ეს ამ ინციდენტამდე (კლუბის 2015 წლის დისკვალიფიკაციამდე) თავად უმაღლესი რანგის პირებმა აღიარეს. 

 

2014 წელს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის თქმით, უეფასთან ერთად საქართველოც არის ჩაბმული ფეხბურთში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

„გამონაკლისები ჩვენც არ ვართ და, სამწუხაროდ, საქართველოც იმყოფება იმ შავ სიაში, რომელშიც მოხვედრილია „გარიგებულ თამაშებში“ მონაწილე გუნდები. ჩვენ აქტიურად უნდა ვებრძოლოთ და ჩავერთოთ ამ პროცესში. უეფადან ჩამოსული იყვნენ გამომძიებლები, რომლებიც ცდილობენ აღმოფხვრან ასეთი სახის თამაშები და მხილებულნი იქნენ ეს გუნდები. საერთაშორისო დონეზე უნდა ვითანამშრომლოთ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროკურატურამ, ფეხბურთის ფედერაციამ და, რა თქმა უნდა, სპორტის სამინისტრომ და უახლოეს მომავალში ერთობლივად უნდა გადავწყვიტოთ ეს პრობლემა“.

 

მინისტრის თქმით, გაყიდული თამაშების პრევენციას, ჯერჯერობით, კანონმდებლობა არ არეგულირებს.

ლევან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ გაყიდულ თამაშებში მონაწილეები უნდა დაისაჯონ:

„ერთხელ პრეცედენტი იქნება ასეთ საქმეში, ფეხბურთელი იქნება, მწვრთნელი თუ მსაჯი გარეული, სამუდამო დისკვალიფიკაციას მისცემენ. მერე სხვას, ალბათ, შეეშინდება, მოერიდება, გადაიფიქრებს. ერთი-ორი საგაზეთო სტატია ვერ უშველის მე მგონი ამას. ცხადია, ვხვდებით, რომ ასეთი რაღაცები არის, მაგრამ საქართველოში არ ყოფილა შემთხვევა მსგავსი ფაქტი გამოძიებულიყოს, დადასტურებულიყოს და ვინმე დასჯილიყოს“.

 

 

მეორე მიზეზი:

2015 წელს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქალაქ ზესტაფონში ჩადის ლევან კობიაშვილი (ის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობდა), ხვდება კლუბის წევრებსა და ფეხბურთის გულშემატკივრებს. შეხვედრის დროს კობიაშვილმა თქვა:  

- ვიღაცა ადამიანებმა ჩათვალეს, რომ თქვენთვის ფეხბურთი უნდა წაერთმიათ... პირადად ჩემთვის ეს გულისტიკივილია... გერმანიაში ვიყავი და იქიდან ვადევნებდი თვალს გამართულ გუნდს, რომელიც საუკეთესო ფეხბურთს თამაშობდა. ძალიან ცუდია, რომ თქვენ ის[ფეხბურთი] წაგართვეს კონკრეტულმა ადამიანებმა... ასე ჩათვალეს... აღმასკომი ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომ ნამდვილად არაადექვატურები გახდნენ. არიან ადამიანები, ვისაც მიაჩნიათ, რომ  ეროვნული ჩემპიონატი არ არის მნიშვნელოვანი, ყოველ შემთხვევაში, ამას თავიანთი ქმედებებით ადასტურებენ. ფეხბურთის ფედერაცია დგას ცალკე... მათ ინტერესში არ შედიოდა ეროვნული ჩემპიონატი, არ შედიოდა  კლუბები, მათი განვითარება, მეტიც, ხელს უშლიდნენ რო გავითარებულიყო... ისეთი ადამიანი, როგორიც თქვენი კლუბის ხელმძღვანელი ბატონი კოკაია არსებობს საქართველოში - ასეთი ადამიანები, სამწუხაროდ ცოტაა - ცდილობენ რომ განდევნონ ფეხბურთიდან... ყველანაირ ბარიერს უქმნიდნენ... ძალიან დიდი პრობლემაა, რომ იქ [ფედერაციაში] არ არიან ადამიანები, ვინც კლუბების ინტერესებს დაიცავდნენ... ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. სისტემა არის პრობლემა. სისტემა არის შესაცვლელი. ... ვიცი რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული თქვენთან დაკავშირებით, როცა კლუბს აეკრძალა უმაღლეს ლიგაში თამაში. ბოლოს მიღებული გადაწყვეტილებაც აბსოლუტურად არაადექვატური და გაუგებარია. არიან ადამიანები, ვისთვისაც ფეხბურთი, გულშემატკივარი, კლუბი საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს. მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, ეს არის პირადი ინტერესები.“

ასეთი შეფასების შემდეგ კლუბმა მხარი ლევან კობიაშვილს დაუჭირა. მან არჩევნებში გაიმარჯვა და დღის წესრიგში „ზესტაფონის“ ლიგაში დაბრუნების საკითხიც დადგა. 

 

თუმცა, დღემდე არათუ უმაღლეს ლიგაში, კლუბის მეოთხე ლიგაში დაშვების საკითხიც კი გაურკვეველია.

გაგიკვირდათ? მას მერე რაც გაირკვა, რომ გაყიდული თამაშების პრობლემა იმდენად რეალურია, რომ მასზე მინიტრიც კი საუბრობს, მას შემდეგ, რაც კობიაშვილმა თქვა, რომ გული ტკივა ამ წარჩინებულ კლუბზე საკითხი ისევ ღიად რჩება. რატომ?

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს საკითხმა პროფესიული სფეროდან პირადში გადაინაცვლა.

 

საქმე ის გახლავთ, რამდენიმე კვირის უკან ილია კოკაია და ლევან კობიაშვილი ერთმანეთს სწორედ ამ საკთხზე სასაუაბროდ შეხვდნენ. ფედერაციის პრეზიდნეტმა კლუბის პრეზიდენტს დათმობაზე წასვლა თხოვა: უმაღლეს ლიგაში არ მოხერხდება დაბრუნება და პირველ ლიგას ეგებ დათანხმდეთო. თანხმობა მიიღო. ფედერაციაში სხდომა ჩაინიშნა, სადაც ილია კოკაიამ კლუბის უფლებამოსილი პირი გააგზავნა დოკუმენტებზე ხელმოსაწერად.

 

თუმცა, როგორც ჩანს, ფედერაციაში კლუბის პრეზიდენტის გამოუცხადებლობა კობიაშვილმა პირად შეურაცხყოფად მიიღო და კლუბის საკითხი დღის წესრიგიდან საერთოდ მოხსნა.

 

კლუბისთვის ეს ნამდვილი შოკი იყო. ილია კოკაიას განმარტებით, ის ფედერაციის ასეთი რეაქციით გაკვირვებულია: „მე არც ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს ვესწრებოდი, მაშინაც კლუბის წარმომადგენლებმა მას ხმა მისცეს და ეს არ ჩათვლილა რაიმე გადაცდომად... ჩემი დასწრება არ იყო აუცილებელი, მე არც ვიმყოფებოდი საქართველოში და საკითხისადმი ასეთი მიდგომა ჩემთვის მიუღებელი და გაუგებარია. ჩვენ, მეგონა, საქმეზე - ფეხბურთზე და მის განვითარებაზე ვიყავით ორიენტირებულნი.“

 

ილია კოკაიას სატელევიზო გამოსვლებს, სადაც მან ფეხბურთში შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა - მათ შორის, გაყიდულ თამაშებსა და იმ კონკრეტულ მოლოდინებზე, რაც კობიაშვილის გაპრეზიდენტებას უკავშირდებოდა - ამ უკანასკნელმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვით უპასუხა. „ზესტაფონის“ პრეზიდენტს მან ფედერაციის დატოვებისკენ მოუწოდა:

 

 „...კოკაიამ, ზოგადად, ქართული ფეხბურთის მდგომარეობაზე ილაპარაკა, თუ რა საშინელება ხდება, კატასტროფაა, სიბინძურე და ასე შემდეგ. მინდა, მასაც ვურჩიო და კლუბ "ზესტაფონსაც" - თუ მართლა ასე ფიქრობენ, სასწრაფოდ მიიღონ გადაწყვეტილება და დატოვონ ის ორგანიზაცია, სადაც ასეთი საშინელებები ხდება... სხვა შემთხვევაში, თავად ამ სიბინძურის ავტორები და თანამონაწილეები ისინიც არიან. და თუ ეს ასე არ არის, მაშინ მე ვურჩევ კოკაიას, ქართული ფეხბურთის წინაშე ბოდიში მოიხადოს. ასევე, ვთხოვ დააფიქსირონ პოზიცია "ზესტაფონის" გულშემატკივრებმა - ეთანხმებიან თუ არა ილია კოკაიას მოსაზრებას".

 

გულშემატკივრები ფედერაციას არ ეთანხმებიან და ამ დღეებში სპეციალური პეტიციით აპირებენ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას - ხელმოწერების შეგროვება ზესტაფონში მალე დაიწყება.

 

ილია კოკაიამ ლევან კობიაშვილის ვიდეომიმართვას უპრეცენდენტო უწოდა:

- რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ფედერაციას თუ გავაკრიტიკებ პასუხად ფედერაციის დატოვება უნდა მომთხოვონ? მისი ლოგიკით, თბილისში თუ რაიმე მშენებლობა ან გამწვანება არ მომეწონება, თბილისის მერმა კალაძემ თბილისის დატოვება უნდა მირჩიოს, საქართველოს მაშტაბით თუ რამე იქნება ჩემთვის მიუღებელი პრემიერმა კვირიკაშვილმა საქართველოს დატოვება უნდა მომთხოვოს?

კლუბი ფედერაციისგან საბოლოო პასუხს ელოდება. პრეზიდენტის ილია კოკაიას გადაწყვეტილებით, გუნდი თავიდან დაიწყებს ბრძოლას და თავის სიმართლეს, ძალასა და პროფესიონალიზმს დაამტკიცებს.

 

თუმცა, ფედერაცია ჯერ ისევ დუმილის უფლებით სარგებლობს. ასე რომ, გუნდმა ჯერ არ იცის კარს მომდგარ ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს თუ არა.

 

ქეთი ხატიაშვილი,www.primetime.ge

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018