17.01.2018
გაზეთ "ლელოს" პუბლიკაცია
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის ბოლო სხდომას უნდა განეხილა ერთი მეტად მნიშვნელოვანი საკითხი - "ზესტაფონის" ხელახალი ინტეგრირება ქართულ საფეხბურთო სივრცეში.
საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ აღმასკომს ეს საკითხი არ განუხილავს. მიზეზად ის დასახელდა, რომ კლუბის მფლობელი ილია კოკაია აღმასკომზე არ გამოცხადდა. "ზესტაფონის" იურისტი კი სხდომას არ დაასწრეს...
ფაქტია, ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დარჩა. ფეხბურთში მთავარია გულშემატკივარი და რა გასაკვირია, რომ ამ შემთხვევაში უმთავრესია კლუბის მრავალრიცხოვან ქომაგთა ინტერესები.
რა ხდება "ზესტაფონთან" დაკავშირებით? ამ კითხვით მივმართეთ კლუბის მენეჯერ სერგო ფუტკარაძეს...
– როგორც იცით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბოლო სხდომაზე „ზესტაფონის“ საკითხი არ განიხილა. შესაბამისად, ჩვენს კლუბთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის ამის თაობაზე არავის არაფერი უცნობებია. ყველაზე გასაკვირი და არასასიამოვნო ის არის, რომ საკითხის განხილვა აღმასკომის წინარე პერიოდში მიმდინარეობდა კლუბის მენეჯმენტთან აქტიური კონსულტაციის პირობებში.
საბოლოოდ კი ყველაფერი ისე მოხდა, რომ ჩვენთვის აზრი არც არავის უკითხავს. არც გადაწყვეტილების მიღება-არმიღების შესახებ უცნობებიათ. ამ დროისთვის ასეთ გაურკვეველ სიტუაციაში ვართ.
არადა, ყველა ოფიციალურ ინსტანციასთან კლუბის მენეჯმენტი აფიქსირებდა მზადყოფნას, ჩართულიყო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგაში და ეს ყველამ ვიცით. ასეთი მზაობა დღესაც აქვს კლუბს. რაც შეეხება იმას, თუ საიდან მოვიძიებთ ინვესტიციებს, ეს, წესით, მხოლოდ ჩვენი სამუშაო და სანერვიულო უნდა იყოს.
– რა გამოდის, „ზესტაფონი“ კვლავ ფურცელზე დარჩება და ქალაქში ისევ არ იქნება ფეხბურთი?
– შეგისწორებთ. გასულ სეზონში ჩვენმა 17-წლამდელთა გუნდმა ძალიან კარგად იასპარეზა და მეორე ადგილი დაიკავა. ჩამოვრჩით მხოლოდ თბილისის „დინამოს“.
გაგიმხელთ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს - ამ დროისათვის მიმდინარეობს კონსულტაციები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან, რათა გუნდი ჩაერთოს საქართველოს ჩემპიონატის რეგიონულ ლიგაში.
ეს აუცილებელია იმისათვის, რომ არ შეჩერდეს საფეხბურთო პროცესი, რომ ქალაქმა ფეხბურთით იცხოვროს, რომ ეს ჭაბუკები, რომლებმაც ასეთი წარმატებით ითამაშეს თავიანთ ასაკობრივ ლიგაში, არ დარჩნენ ჰაერში გამოკიდებულნი, გადავიდნენ დიდ ფეხბურთში და იქაც თქვან თავიანთი სიტყვა.
– რეგიონულ ლიგაში ყველა კლუბს 40 ათასზე ცოტა მეტი ეკუთვნის ფეხბურთის განვითარების ფონდისგან. ეს ფული ვერ დაიხარჯება ფეხბურთელების ხელფასებში. რა ფინანსური რესურსით აპირებთ თამაშს?
– უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ კლუბის მფლობელი და მთავარი ინვესტორი, ილია კოკაია მზადაა, კვლავ იყოს ჩვენს გვერდით. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ზესტაფონი ინდუსტრიული ქალაქია. ამ ქალაქში არიან ბიზნესმენები, რომელთაც ძალიან უყვართ ფეხბურთი და უყვართ „ზესტაფონი“. მათი თანადგომისაც გვეიმედება...
– ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ნამდვილად არ უნდა გაგიჭირდეთ...
– მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ორი ბაზა - ზესტაფონსა და თბილისში. ზესტაფონში ჩვენს განკარგულებაშია მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სამი ბუნებრივსაფარიანი მოედანი.
გვსურს, „ზესტაფონმა“ მატჩები „დავით აბაშიძეზე“ გამართოს. როგორც გითხარით, ამ დროისათვის მიმდინარეობს კონსულტაციები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან და ველით პასუხს.
– რა თქმა უნდა, აქცენტი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გაკეთდება, რომლებიც 17-წლამდელთა ლიგაში კარგი თამაშით გამოირჩნენ. ხომ არ აპირებთ მათ რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი შეაშველოთ?
– მოდი, დაველოდოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას. თუ ის დადებითი იქნება, ვპირდები „ზესტაფონის“ ერთგულ გულშემატკივარს, რომ თავს არ შევირცხვენთ, ამბიციური გუნდი გვეყოლება.
2015 წლის შემდეგ ველოდებით ჩვენს კლუბთან დაკავშირებით სამართლიანობის აღდგენას. როგორც კლუბი ელის ამას, ასევე ელის მისი მრავალრიცხოვანი გულშემატკივარიც.
ამის ფონზე ორმაგად უსიამოვნო და გულდასაწყვეტი ის ისტერია, რომელიც ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის რიგი კლუბების წარმომადგენელთა მხრიდან იქნა ატეხილი.
მათ ქართულ ფეხბურთზე მეტად პირადი მერკანტილური ინტერესები აღელვებთ, ამ ქალბატონებისა და ბატონების საყურადღებოდ მინდა მოგახსენოთ, რომ ფედერაციის მხრიდან მხარდაჭერის შემთხვევაში, კლუბი, რომელიც ჩემპიონატიდან გარიგებულ მატჩში მონაწილეობაზე უარის გამო მოკვეთეს, ქართულ საფეხბურთო სივრცეს ყველაზე დაბალი დონიდან დაუბრუნდება და კუთვნილ ადგილსაც დაიბრუნებს...
|