10.01.2018
ინტერვიუ მიხეილ ხუციშვილთან
მიმდინარე წლის 9 იანვარს სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ინტერვიუ კომპანია "სმარტბალ სპორტს მენეჯმენტის" ერთ-ერთ დამფუძნებელ მიხეილ ხუციშვილთან, რომელსაც წლების განმავლობაში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" ჯერ სპორტული, შემდეგ კი გენერალური დირექტორის თანამდებობაზე უმუშავია.
ჩვენ კი ამ ინტერვიუს იმ ნაწილს გთავაზობთ, რომელიც ჩვენი კლუბის გულშემატკივარსაც დააინტერესებს:
"- რას იტყვით ფეხბურთის განვითარების ფონდზე, ზოგადად ეროვნული ჩემპიონატის მსვლელობაზე?
- ბევრი ამბობს, რომ გვაქვს წინსვლა. რა თქმა უნდა, თუ გაშუქებას და "პიარს" ავიღებთ, მართლაც არის წინსვლა. უბრალოდ, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ პრობლემები არის საკლუბო მენეჯმენტში და ეს ძირითადად ეხებათ სახელმწიფო კლუბებს.
არაეფექტურად დაიხარჯა ფული ბევრ კლუბში, ეს ფაქტია. შეეძლოთ გაცილებით მეტი და გააკეთეს ნაკლები. ჩემი აზრით, როცა ფონდი ყოფს ფულს, მან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად უნდა შეარჩიოს მენეჯერები სახელმწიფო კლუბებისთვის.
მათი ცოდნა და გამოცდილება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ ფული ეფექტურად დაიხარჯება. როცა ჩვენ ამ პროექტის სათავეებთან ვიდექით, ყველას ძალიან მოგვწონდა, დღეს კი ცოტა სხვანაირი რეალობაა.
მივიღეთ მოცემულობა, რომლის მიხედვითაც კერძო ინვესტორი ფულს თითქმის აღარ ხარჯავს ქართულ ფეხბურთში. ყველა ჩამოეკიდა ფონდის დაფინანსებას. ეს იწვევს იმას, რომ საქართველოს ჩემპიონატში იმაზე დაბალია ხელფასები, ვიდრე იყო ადრე.
უხეშად რომ ვთქვათ, საშუალო ხელფასი არის დოლარებზე 700 დოლარი. ჩვენს სააგენტოს ძალიან ბევრი ფეხბურთელი უკავშირდება თხოვნით, გამოვძებნოთ მათთვის კლუბი უცხოეთში, სადაც 2000 დოლარი მაინც იქნება ანაზღაურება. ამაზე კარგად უნდა დავფიქრდეთ. ასე ჩვენ წინ ვერ წავალთ.
ევროთასებზეც ისევე გაგვიჭირდება, როგორც ადრე. გავიგე, საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, გიორგი მჭედლიშვილი, კარიერას ხორვატიაში გააგრძელებსო. მე თვითონ ვითამაშე სერბეთში და ხორვატიაც იქვეა. ორი-სამი კლუბის გარდა, იქ არ არის მაღალი ხელფასები. რა გამოდის? ხორვატიის მეორე ლიგის კლუბი უკეთეს პირობებს სთავაზობს ფეხბურთელს, ვიდრე საქართველოს ჩემპიონატის წამყვანი გუნდები?!
უნდა ვთქვა "ზესტაფონზეც". წლების განმავლობაში ვიმუშავე ამ კლუბში და ვიცი, რამხელა ძალა იყო ის ქართული ფეხბურთისთვის. მე არ ვიცი ზუსტად, რა და როგორ მოხდა ამ ბოლო დროს, მაგრამ ზუსტად ვიცი ერთი რამ - ქართულ ფეხბურთს სჭირდება "ზესტაფონი"!"
|