Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

07.01.2018

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონის" ჭაბუკებმა მზადება დაიწყეს

 

 

 

 

 

როგორც მოგეხსენებათ, 2017 წლის ჩემპიონატში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" ორი გუნდი წარმოადგენდა - 2000-2001 წლებში დაბადებულ U17 ჭაბუკთა კოლექტივმა (მწვრთნელი - გურამ მაზმიშვილი) თავის ასაკში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა, ხოლო 2002-2003 წლებში დაბადებულ U15 ჭაბუკთა გუნდმა (მწვრთნელი - ლაშა მაზმიშვილი), სადებიუტო სეზონში "ოქროს ლიგაში" ვერმოხვედრის მიუხედავად, ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა და ფეხბურთის მოყვარულთა თუ სპეციალისტთა მხრიდან საკმაოდ კარგი შეფასებებიც დაიმსახურა...

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჭაბუკები, რომლებსაც წელს ასპარეზობა როგორც U15-სა და U17-ში, ასევე უფრო დიდ ასაკობრივ კატეგორიაშიც შეუძლიათ, საქართველოს 2018 წლის ჩემპიონატისათვის მზადებას დეკემბრის ბოლო რიცხვებში შეუდგნენ...

 

პირველი საწვრთნელი შეკრება ზესტაფონელებმა დაბა ბაკურიანში გაიარეს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მზადების ამ ეტაპზე, 2000-2001 წლებში დაბადებულ თანაკლუბელებთან ერთად, 2002-2003 წლებში დაბადებული ჭაბუკებიც ვარჯიშობდნენ ...

 

ბაკურიანული შეკრება ძირითადად ფიზიკურ კონდიციებზე მუშაობას დაეთმო, თუმცა, პარალელურად, მარგველებმა სამხრეთ საქართველოში შეკრებებზე მყოფ თანატოლებთან რამდენიმე სპარინგ-მატჩის გამართვაც მოასწრეს. უნდა ითქვას, რომ "თოვლბურთში" ზესტაფონელებმა ყველა მეტოქე დაამარცხეს - "შუქურა" (ქობულეთი) - 5:4; "საირმე" (ბაღდათი) - 3:2 და "ტორპედო" (ქუთაისი) - 10:2.

 

ბოლოს უნდა ითქვას, რომ საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი", ჩვიდმეტწლამდელთა და თხუთმეტწლამდელთა საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის მიღების მიზნით, კვლავაც აწარმოებს 2001, 2002, 2003 და 2004 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა მიღებას. სავარჯიშო პროცესის განახლება 15 იანვარსაა დაგეგმილი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის შემდეგ ნომრებზე: 514-79-00-22 ან 571-15-35-75.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018