30.12.2017
გულშემატკივართა კლუბის ღია მიმართვა
მიმდინარე წლის 30 დეკემბერს საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის“ გულშემატკივართა კლუბის პრეზიდენტმა კოტე ბოჭორიშვილმა თავის fb-გვერდზე გამოქვეყნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილისადმი მიმართვა, რომელიც ამ ბოლო დღეებში განვითარებულ ამბებს ეხმაურება.
ჩვენ კი ამ მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: "რამდენიმე ბოლო კვირის განმავლობაში ძალიან დიდი ყურადღებითა და იმედით თვალყურს ვადევნებდით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონს“ შორის, ჩვენი საყვარელი გუნდის ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნებასთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებათა პროცესს.
ჩვენთვის მისასალმებელი იყო ის გარემოება, რომ ორივე მხარე მზაობას გამოთქვამდა საიმისოდ, რომ მომხდარიყო საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ხელახალი ინტეგრაცია ეროვნულ ჩემპიონატში, რაც დადასტურებულ იქნა როგორც ფედერაციის მიერ გამოგზავნილი წერილით, ასევე კლუბის მიერ ლიცენზირების პროცესის წარმატებული გავლითა და მისივე მხრიდან წარდგენილი ფინანსური და სხვა გარანტიებით.
ამის ფონზე ჩვენში დიდი გაკვირვება გამოიწვია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის უკანასკნელ სხდომაზე განვითარებულმა მოვლენებმა...
ჩვენი მიზანი სულაც არაა შექმნილ ვითარებაში მტყუან-მართლის გარკვევა: თუ რატომ არ გამოცხადდა აღმასკომზე კლუბის მფლობელი ილია კოკაია და რატომ არ დაასწრეს სხდომას ფედერაციაში მისული მისი წარმომადგენელი, არის თუ არა მიღებული პრაქტიკა თანხმობისა და გარანტიის წარმომდგენი კლუბის მფლობელთა აღმასკომის სხდომებზე დასწრება და საერთოდ მეათეხარისხოვანია ის, ესწრებიან ხოლმე თუ არა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მმართველი ორგანოს სხდომებს რომან აბრამოვიჩი და მისი კოლეგა არაბი შეიხები ან თუნდაც რომელიმე სხვა ქვეყანაში ებრაელი ან ჩინელი ინვესტორები...
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ჩვენ, საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ გულშემატკივრები მოვითხოვთ:
უმოკლეს ვადებში გაიმართოს საქარველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა და მიღებულ იქნას კონკრეტული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ დივიზიონში იასპარეზებს 2018 წლის სეზონში საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“.
ჩვენის მხრივ, საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“გულშემატკივართა კლუბი თავის თავზე ვიღებთ პასუხისმგებლობას, კლუბის მფლობელთან და ხელმძღვანელობასთან ერთად, ვიყოთ კლუბისა და გუნდის შეუფერხებლად ფუნქციონირების გარანტი
საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ გულშემატკივართა კლუბის პრეზიდენტი კოტე ბოჭორიშვილი".
|